Accessibility links

logo-print

გაეროს ინსპექტორებთან ერაყის მზარდი თანამშრომლობის მიუხედავად, ვაშინგტონი ომის დაწყებას აპირებს


პარასკევს ნიუ იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში, გაიმართა უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელზეც მოხსენებით წარდგნენ ერაყის განიარაღების საკითხებზე მომუშავე კომისიის ხელმძღვანელი

ჰანს ბლიქსი და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი მოჰამედ ელ ბარადეი. ერთმაც და მეორემაც აღნიშნეს, რომ უწინდელთან შედარებით ბაღდადი ბოლო ხანს გაცილებით უფრო აქტიურად თანამშრომლობს განიარაღების ინსპექტორებთან და რომ ინსპექტორებმა ჯერჯერობით ვერ იპოვეს ვერავითარი სამხილი იმის დასამტკიცებლად, თითქოს ერაყი მასობრივი განადგურების იარაღს მალავდეს.

უშიშროების საბჭოს 15 წევრიდან 11 ქვეყანა 7 მარტის სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრებმა წარმოადგენეს. მათ შორის იყვნენ საბჭოს ხუთივე მუდმივი წევრის: აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, რუსეთის, საფრანგეთისა და ჩინეთის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელები.

ჰანს ბლიქსის მოხსენებამ ყოველ მათგანს - როგორც ომის მომხრეებს, ისე მის მოწინააღმდეგეებს, - საშუალება მისცა საკუთარი პოზიციისთვის სასურველი ასპექტები დაენახა; რადგან გარკვეული კმაყოფილების მიუხედავად, ჰანს ბლიქსმა გადაჭრით ვერ თქვა, რომ ერაყი მთლიანად ასრულებს გაეროს უშიშროების საბჭოს 1441-ე რეზოლუციაში მის მიმართ წაყენებულ ყველა მოთხოვნას.

რაც შეეხება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორის ანგარიშს, მოჰამედ ელ ბარადეიმაც გაიზიარა ჰანს ბლიქსის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ჯერჯერობით არ შეიძლება მტკიცება, თითქოს ერაყი აკრძალულ იარაღს მალავდეს და არც იმისა, რომ ბაღდადმა თავისი ბირთვული პროგრამა განაახლა.

ელ ბარადეის მოხსენების შემდეგ მოსაზრებები გამოთქვეს უშიშროების საბჭოს წევრი 15-ვე ქვეყნის წარმომადგენლებმა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოშკა ფიშერმა განაცხადა, რომ დაუშვებლად მიიჩნევს მშვიდობიან ძალისხმევაზე უარის თქმას და არჩევნის გაკეთებას იმ ომის სასარგებლოდ, რომელიც ნგრევას და ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიკვდილს მოიტანდა.

[იოშკა ფიშერის ხმა] "ახლა საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანობის საკითხი წყდება. ჩვენ ძალის გზა ვარჩიეთ საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ საერთო ბრძოლაში; ერთადვე ვიბრძვით მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების წინააღმდეგ; ერთად ვგმობთ ერაყში მოქმედ რეჟიმს. განსხვავებული თვალსაზრისი მხოლოდ იმ საკითხში გვაქვს, როგორ მივაღწიოთ ერაყის ეფექტიანსა და სრულ განიარაღებას."

ომის მოწინააღმდეგეთა ბანაკიდან კიდევ უფრო კატეგორიულად გაისმა საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის დომინიკ დე ვილპენის სიტყვები:

[დომინიკ დე ვილპენის ხმა] "როგორც უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, საფრანგეთი - ვიმეორებ - წინ აღუდგება იმგვარი რეზოლუციის მიღებას, რომელიც ძალის ავტომატურ გამოყენებას დაუშვებდა."

ერაყის წინააღმდეგ ომის მიმართ მკვეთრად უარყოფითი პოზიცია დაადასტურეს რუსეთმა და ჩინეთმაც. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ტან ძიასუანის თქმით, არ არსებობს არავითარი მიზეზი საიმისოდ, რათა მშვიდობას კარი ჩავურაზოთ. ხოლო რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა იგორ ივანოვმა იგივე აზრი ასეთი სიტყვებით გამოხატა:

[იგორ ივანოვის ხმა] "განა ჭკვიანური იქნება, ინსპექციები ახლა შევწყვიტოთ, და ამით ხაზი გადავუსვათ ერაყის განიარაღების პროცესს, რომელიც ეს-ეს არის ძალას იკრებს?"

როგორც მოსალოდნელიც იყო, უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრთაგან განიარაღების ინსპექტორების ხელმძღვანელთა მოხსენებებმა მხოლოდ შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრები კოლინ პაუელი და ჯეკ სტრო არ დააკმაყოფილა. სტრომ თავისი უნდობლობა ასე გამოხატა:

[ჯეკ სტროს ხმა] "უნდა შევიგნოთ, რომ წინსვლა, რომელზეც აქ ილაპარაკეს, მხოლოდ წვერია იმ უზარმაზარი აისბერგისა, ერაყის მიერ შესასრულებელ სამუშაოს რომ უკავშირდება."

კოლინ პაუელმა კი განაცხადა, რომ ერაყმა მხოლოდ იმიტომ დაიწყო "პატარ-პატარა ნაბიჯების" გადადგმა თანამშრომლობის მიმართულებით, რომ სამხედრო დარტყმის შეეშინდა. და ეს თანამშრომლობაც, პაუელის მტკიცებით, მხოლოდ მოჩვენებითია:

[კოლინ პაუელის ხმა] "ერაყი კვლავინდებურად უარს აცხადებს, შეასრულოს 1441-ე რეზოლუციაში ჩამოყალიბებული მოთხოვნები: გადაუდებლად, აქტიურად და უპირობოდ ითანამშრომლოს. მოგვიანებით კი არა, გადაუდებლად. პასიურად კი არა, აქტიურად. პირობების წამოყენებით კი არა, უპირობოდ ყველა თვალსაზრისით."

თავისი სიტყვის დასასრულს კოლინ პაუელმა უშიშროების საბჭოს მოუწოდა, სრული პასუხისმგებლობით მოეკიდოს მის წინაშე მდგომ უაღრესად სერიოზულ ამოცანას. წინააღმდეგ შემთხვევაში, - თქვა პაუელმა - უშიშროების საბჭო საერთაშორისო თანამეგობრობის ნდობას დაკარგავსო.

ყოველივე ზემოთქმულიდან ალბათ ის დასკვნა უნდა გამოვიტანოთ, რომ რეზოლუციის მიღება-არმიღება ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს ვაშინგტონის განზრახვაზე, ერაყის წინააღმდეგ ომი დაიწყოს. ხუთშაბათს ხომ ჯორჯ ბუშმა ერთხელ კიდევ გაიმეორა, რომ მისი ქვეყანა ურეზოლუციოდაც მზად არის ბაღდადის წინააღმდეგ გასალაშქრებლად.
XS
SM
MD
LG