Accessibility links

logo-print

სოჭის შეხვედრა - ვაჭრობა გრძელდება


თამარ ჩიქოვანი, თბილისი "სოჭის შეხვედრა - ვაჭრობა გრძელდება", "აფხაზეთი - კვლავაც გრძელვადიანი პერსპექტივა", "პუტინი შევარდნაძის კონფედერაციაში შეთრევას ცდილობს", "პუტინი კეთილმეზობლობას გვპირდება,

მაგრამ მხოლოდ სიტყვიერად" - ქართულ პრესაში გამოქვეყნებული სტატიების ეს სათაურებიც მოწმობს, თუ რამდენად არაერთგვაროვნად შეაფასა ქართულმა პრესამ კვირის ბოლოს რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების სოჭში გამართული შეხვედრის შედეგები. 8 მარტის "დილის გაზეთის" აზრით კი, ის ფაქტი, რომ შეხვედრაზე წინა პლანზე ეკონომიკური საკითხები იყო წამოწეული, გარკვეული პროგრესის მიღწევის იმედს იძლევა. როგორც ცნობილია, შეხვედრაზე ერთ-ერთი ძირითადი თემა იყო ენგურჰესის რეაბილიტაცია. გაზეთის შენიშვნით, ენგურჰესი ზოგადად, მაგრამ ძალიან ზუსტად ასახავს ძალთა განლაგებას კონფლიქტის ზონაში: საკუთრივ კაშხალი ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზეა, მაგრამ სამართავ პულტს აფხაზი სეპარატისტები აკონტროლებენ. მათ არ შეუძლიათ შეუწყვიტონ ელექტროენერგიის მოწოდება დანარჩენ საქართველოს, ვინაიდან თბილისი, უბრალოდ, დაცლის წყალსაცავს. მეორე მხრივ, სოხუმის გარეშე ელექტროენერგიის განაწილება ვერ მოხდება. "მაშასადამე, პუტინი და შევარდნაძე ცდილობენ ენგურჰესი აქციონ იმ საწყის წერტილად, რომელზეც შემდგომ შეიძლება "დაგროვდეს" სხვა თემებზე მსჯელობა და მათი გადაჭრა," - წერს "დილის გაზეთი" და განაგრძობს:


"ზოგიერთი ცნობით, ენგურჰესს შეიძლება დაემატოს ხუდონჰესის დეკონსერვაცია. მთლიანობაში პროექტი საქართველოს ენერგოსისტემას 1500 მეგავატს შემატებს. მაგრამ აფხაზური მხარე პროექტში მონაწილეობას შეძლებს, თუ სხვა მიმართულებით წამოვა დათმობებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპრომისი ვერ შედგება და ის ეკონომიკური პროგრამები, რომელთა მეშვეობით განადგურებული და მიწასთნ გასწორებული აფხაზეთის ეკონომიკის რეაბილიტაცია უნდა დაიწყოს, არ განხორციელდება. აქ იგულისხმება ლტოლვილთა დაბრუნება, პირველ რიგში, გალის რაიონში. თანაც დოკუმენტში ჩაიწერა, რომ ლტოლვილები უსაფრთხო პირობებში უნდა დაბრუნდნენ. ეს გამორიცხავს სოხუმის შეუვალი იურისდიქციის შენარჩუნებას სამურზაყანოში, ვინაიდან ამ დანაშაულებრივმა რეჟიმმა "მშვიდობის პირობებშიც" განაგრძო ქართული მოსახლეობის გენოციდი.
ე.ი. კომპრომისი უეჭველად შეიქმნა გალის რაიონში, როგორც მინიმუმ, კოალიციური ადმინისტრაციისა და ერთობლივი სამმხრივი საპოლიციო ქვედანაყოფის სახით. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დაიწყოს საუბარი "დიდი რკინიგზის" აღდგენაზე - ისიც იმ ინტენსივობით, როგორითაც ლტოლვილთა დაბრუნება გაგრძელდება, მათ შორის, ოჩამჩირეში. შესაძლოა, ვიღაცას შეუძლებლად მოეჩვენოს, მაგრამ იმ დოკუმენტში, რომელსაც პუტინმა და შევარდნაძემ სოჭში მოაწერეს ხელი, სწორედ და მხოლოდ ასეთი ალგორითმია შემუშავებული - არავითარი რკინიგზის გახსნა ლტოლვილთა დაბრუნებამდე არ მოხდება."



ბუნებრივია, ქართული პრესა კვლავ ყურადღებით ადევნებს თვალყურს პოლიტიკურ პარტიებში მიმდინარე წინასაარჩევნო გადაადგილებებს. 7-13 მარტის გაზეთ "ახალი ეპოქის" აზრით, არჩევნებისთვის მზადება პოლიტიკურმა პარტიებმა უჩვეულოდ ადრე დაიწყეს. პოსტშევარდნაძისეული ეპოქის ათვლას საზოგადოება სწორედ 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეუდგება. შესაბამისად, ახალი მოწვევის პარლამენტში წამყვანი პოზიციების მოპოვება პოლიტიკოსებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს. მართალია, ჯერჯერობით საარჩევნო გაერთიანებების თემა ბოლომდე არ ამოწურულა, მაგრამ მაჟორიტარული არჩევნებისთვის მზადება მაინც გაცხარებული ტემპებით მიმდინარეობს. გაზეთ "ახალი ეპოქის" ცნობით:


ამ ეტაპზე თბილისის უბნები და მსხვილი საარჩევნო ოლქები თითქმის გადანაწილდა. მიხეილ სააკაშვილის "მშობლიურ" და სამჯერ წილნაყარ ვაკის რაიონში რამდენიმე კანდიდატი შეეცილება ერთმანეთს. ეს სურვილი პირველმა გამოთქვა "ახალი მემარჯვენეების" ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ. "ახლებს" მიაჩნიათ, რომ გაჩეჩილაძეს ვაკის მიმხრობა არ უნდა გაუჭირდეს. მით უფრო, რომ მიხეილ სააკაშვილი საკრებულოს თავმჯდომარეობის დატოვებასა და მაჟორიტარად კენჭისყრას არ აპირებს. სხვაგვარად ფიქრობენ "ნაციონალურ მოძრაობაში." თუკი "ახლები" სააკაშვილის ბლოკში არ გაერთიანდებიან, მაშინ "ნაციონალური მოძრაობა" მოპოვებულ პოზიციებს არ დათმობს და გაჩეჩილაძეს თავის კანდიდატს დაუპირისპირებს.
ოპოზიციის კიდევ ერთი ლიდერი, ზურაბ ჟვანია, საკუთარ ძალებს მაჟორიტარულადაც მოსინჯავს და კენჭს საბურთალოს რაიონში იყრის. ჟვანიას წონით კატეგორიაში ჯერჯერობით სერიოზული კონკურენტი არ გამოსჩენია. აქედანვე ცხადია, რომ ყველაზე მწვავე დაპირისპირების არენად თბილისის ცენტრალური უბნები იქცევა. ჩუღურეთის რაიონში კობა დავითაშვილი იასპარეზებს, ხოლო "დემოკრატები" მთაწმინდის რაიონის დეპუტატობისთვის გიგი წერეთელს ამზადებენ. გიორგი ბარამიძე, ალბათ, ისევ დიდუბის რაიონში იყრის კენჭს. რაც შეეხება მის ძველ კონკურენტ გიორგი თარგამაძეს, ის, შესაძლოა, ისნის რაიონის მოსახლეობის ფავორიტად მოგვევლინოს. უკვე "დაჯავშნულია" სამგორიც - აქ პოზიციების დათმობას არ აპირებს "დემოკრატი" მიხეილ მაჭავარიანი. საქართველოს დანარჩენ ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში კი "მოქალაქეთა კავშირი" შეეცდება, რეგიონები ოპოზიციას არ დაუთმოს. ქვემო ქართლში მათ, ამ მხრივ, პრობლემები არ შეექმნებათ. აჭარა, ტრადიციულად, აღორძინების საარჩევნო სივრცეა. თერჯოლა "სოციალისტურია" და ვახტანგ რჩეულიშვილის "გამოქკავშირელების" შემდეგაც ამ რაიონს თავისად მიიჩნევს. ბაღდადის რაიონში კვლავინდებურად "ქრისტიან-დემოკრატთა" ლიდერ ვაჟა ლორთქიფანიძეს ელოდებიან. ტრადიციონალისტებს ზესტაფონში დავით კოვზირიძის, ხოლო თელავში გოჩა მამულაშვილის წარდგენა გადაუწყვეტიათ. ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი პაექრობა დუშეთის რაიონში გაიმართება. აქ ერთმანეთს ძველი მტრები - "დემოკრატი" მარინა მოლოდინი და ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი შეერკინებიან.
პოლიტიკური პარტიები საკუთარ კანდიდატებს ჯერ კიდევ აზუსტებენ. ოფიციალურად მაჟორიტარი კანდიდატების სრული სიები აპრილის დასაწყისისთვის გახდება ცნობილი.


როგორც 6 მარტის "მთავარი გაზეთი" წერს, წინასაარჩევნო მზადებისას პოტენციურ თანაბლოკელებთან კონსულტაციებისას საუბარი მხოლოდ
ერთ თემაზე მიმდინარეობს - კონკრეტულად, ვის რამდენი ამომრჩევლის ხმის მოტანა შეუძლია ბლოკისთვის, ვინ რომელ რეგიონში სარგებლობს გავლენით და არჩევნების დღეს რამდენი აქტივისტის მიმაგრება შეუძლია საარჩევნო უბანზე. გარდა ამისა, ბლოკის თითოეული სუბიექტი ვალდებულია გარკვეული თანხით "შეეწიოს" საარჩევნო კამპანიას - "მთავარი გაზეთის" ცნობით, მინიმალური თანხა 50 ათასი დოლარია. რაც შეეხება წინასაარჩევნო ალიანსებს - გაზეთი წერს:


ბლოკს პარტია სჯობიაო - იფიქრეს აღორძინების ლიდერებმა და ამიტომაც მათი ყველა მოკავშირე ამ პარტიის საარჩევნო სიით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას და თავიანთი პარტიების სახელწოდებები შეუძლიათ დროებით დაივიწყონ. ასე რომ, ბლოკ "აღორძინების" არსებობას თვითონ ასლან აბაშიძემ დაუსვა წერტილი - ეს გადაწყვეტილება ბათუმში ბალტიისპირელი იმიჯმეიკერების რჩევით მიიღეს. პარტია აღორძინებას ყველაზე ადრე ელიზბარ ჯაველიძე შეუერთდა, კონსულტაციები კი წარმატებით მიმდინარეობს გიორგი კობახიძის ქრისტიან-დემოკრატიულ ალიანსთან და ბორის კაკუბავას დევნილთა სახალხო პარტიასთან.
უკვე მრავალჯერ დაიწერა, რომ, ფაქტობრივად, ნაცმოძრაობამ, დემოკრატებმა და ტრადიციონალისტებმა უკვე მოილაპარაკეს საარჩევნო ბლოკის ჩამოყალიბების თაობაზე. ასათიანმა სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება, ცოტა მეტ ხანს ფიქრობდა ჟვანია, რომელიც სააკაშვილს ხან თანხმობას უცხადებდა და ხან - უარს. ალბათ, ყველამ ისიც იცის, რომ ჯუმბერ პატიაშვილმა და ალექსანდრე ჭაჭიამ, ფაქტობრივად, უარი განაცხადეს ნაცმოძრაობასთან კონსულტაციებზე - მათი თქმით, ისინი ვერ იქნებიან ჟვანიას თანაბლოკელები.

"თბილისში სროლა დაიწყება და არჩევნებამდე გაგრძელდება" - ასეთი სათაურით ბეჭდავს 7 მარტის გაზეთი "24 საათი" ინტერვიუს საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტის ხელმძღვანელ გოჩა ცქიტიშვილთან. შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე არჩევნების შედეგმა სრულიად დაადასტურა ამ ორგანიზაციის მიერ გაკეთებული წინასაარჩევნო პროგნოზები. გოჩა ცქიტიშვილის აზრით, თუ პოლიტიკური აქტივობა გამიზნულია დროის ლოკალური მონაკვეთისთვის - ეს აშკარად პოპულიზმია. მისივე დაკვირვებით, დღეს პოლიტიკოსთა აქტიურობის 5 შემთხვევიდან 4 სწორედ პოპულიზმს განეკუთვნება. რაც შეეხება მომავალ არჩევნებს, გოჩა ცქიტიშვილის პროგნოზით:


"გასული ადგილობრივი არჩევნები საპარლამენტოს გენერალური რეპეტიცია იყო. აქვე გეტყვით, რომ გამარჯვებული არ იქნება ერთი პოლიტიკური ძალა.
წარმოუდგენელი არაფერია: დაახლოებით სამ თვეში თბილისში სროლა დაიწყება და არჩევნებამდე გაგრძელდება. დღეს სასწორზე დევს არა მხოლოდ სკამების რაოდენობა, არამედ დახარჯული ფულიც. მახსოვს, ინვესტორთან ძალიან მძიმე საუბარი ჰქონდათ წაგებულ პოლიტიკოსებს. ახლა იმდენად დიდი ფული იდება, რომ შეიძლება საუბარი არც შედგეს....
XS
SM
MD
LG