Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

''ბრიტიშ პეტროლიუმმა'' ვაშინგტონში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ეკოლოგიური დაცვისა და სოციალური განვითარების დეტალები წარმოადგინა


ერთი კვირის წინ ჩვენ გაცნობეთ იმის შესახებ, რომ ვაშინგტონში აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკული დერეფნის პროექტისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა, რომელშიც საქართველოს დელეგაციაც მონაწილეობდა.

ამას გარდა საქართველოს დელეგაციამ გამართა არაერთი შეხვედრა, რომელიც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის პროექტის გარემოსდაცვით, სოციალურ და უსაფრთხოების ასპექტებს შეეხებოდა.

შეერთებულ შტატებში ნავთობსადენის პროექტისადმი მიძღვნილი კონფერენციისა და შეხვედრების ერთ-ერთი ორგანიზატორი გახლდათ "საქართველო-ამერიკის ბიზნეს საბჭოც", რომლის აღმსარულებელ დირექტორთან მამუკა წერეთელთან საუბარში გამოიკვეთა, რომ რაიმე სენსაციურ სიახლეს საქართველოს დელეგაციის ბოლო ვიზიტისას შეერთებულ შტატებში ადგილი არ ჰქონია, თუმცა, დაზუსტდა არაერთი დეტალი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობაზე ნავთობსადენის პროექტის ეკონომიკური და ეკოლოგიური ეფექტის შეფასების თვალსაზრისით. მამუკა წერეთელმა ჩემთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ ბევრი დეტალი, რომელიც "ბრიტიშ პეტროლიუმის" პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, ახალი იყო ყველასთვის. როგორც გახსოვთ, მიუხედავად საქართველოში დიდი დისკუსიისა, ნავთობსადენის ბორჯომის ხეობაზე გატარება გადაწყდა. სწორედ ამის თაობაზე მამუკა წერეთელმა მითხრა:

[წერეთლის ხმა]
"არ ვიცი ამის შესახებ საქართველოში როგორი აზრია, მაგრამ ჩემთვის ახლა ნათელია, რომ ამ მარშრუტს აღარავინ აღარ შეცვლის, გვინდა ეს ჩვენ, თუ - არა. აქიდან გამომდინარე ყველაფერი ეფუძნება იმას, რომ ამ პირობებში, ამ მარშრუტის პირობებში მოხდეს მაქსიმალური გარანტიების მიცემა უსაფრთხოებაზე, როცა ვლაპარაკობთ გარემოზე. გარდა იმისა, რომ ეს ნავთობსადენი მიწაშია დაფლული და გარდა იმისა, რომ მდინარეების გადაკვეთის ადგილებში ეს ყველაფერი მდინარის წყლის აუზის ქვეშ გაივლის... რა ვიცი, ბევრი დეტალებია ამ მიმართულებით, ტექნიკური ელემენტები იქნება ადგილზე, რომ ეს დაცული იყოს. ვთქვათ, მიწის ფენაში რამდენიმე ადგილას იქნება რამდენიმე სპეციალური პლასტი, რომლის მცირედი დაზიანების შემთხვევაში, სპეციალური სენსორები გადასცემენ ინფორმაციას სამართავ ცენტრს და ადგილზე გაიგზავნება შესაბამისი ჯგუფი, რომ ეს შემოწმდეს ეს არის ფიზიკური დაზიანება, თუ ბუნებრივი პროცესების გამო ხდება და ა.შ."

"ბრიტიშ პეტროლიუმის"-ს პარალელური სოციალური განვითარებისა და ეკოლოგიური დაცვის პროექტების განხორციელების უზრუნველყოფისთვის პროექტის ავტორებს გათვალისწინებული აქვთ სამეთვალყურეო ჯგუფების შემქნა, რომლებშიც საზოგადოების წარმომადგენლებიც იქნებიან ჩართული. როგორც ჩანს, რეალურად ნავთობსადენის მშენებლობას საქართველოს მოსახლეობა სწორედ სოციალური პროექტებით თუ შეიგრძნობს. რას გულისხმობს ნავთობსადენის მშენებლობის სოციალური ასპექტი. მამუკა წერეთელი მას ასე განმარტავს:

[წერეთლის ხმა]
"შეიქმნა სპეციალური საინვესტიციო პროგრამა. მოსახლეობას, რომელიც ნავთობსადენის გასწვრივ ცხოვრობს, ექნება საშუალება ამ ფონდიდან მიიღოს გარკვეული სახსრები პირველ რიგში სხვადასხვა მცირე და საშუალო ზომის საწარმოების განვითარებისათვის. სპეციალური საინვესტიციო პროგრამაა შემუშავებული ამისათვის, მუშავდება ახლა, ამ წუთას. ეს, რამდენადაც ვიცი, ხუთმილიონიანი ფონდი იქნება, რომელიც მიეხმარება ამ მცირე საწარმოების განვითარებას, რომ იმის მიხედვით, რაც ნავთობსადენის მშენებლობა დამთავრდება, რომ რაღაც გარკვეული სხვა ელემენტები დარჩეს ადგილზე განვითარებისა. არამარტო, ვთქვათ, ეს მშენებლობასთან დაკავშირებული საქმიანობა იყოს ამის შედეგი".

საქართველოს დელეგაცია საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის თავმჯდომარის გიორგი ჭანტურიას ხელმძღვანელობით ჯერ კიდევ შეერთებულ შტატებში იმყოფება. თბილისში დაბრუნების შემდეგ დელეგაციის წევრები, ბუნებრივია უფრო დეტალურად ისაუბრებენ ვიზიტის მნიშვნელობაზე. მანამდე კი ჩემს ვაშინგტონში მყოფ მოსაუბრეს, მამუკა წერეთელს მოვუსმინოთ:

[წერეთლის ხმა]
"არ მინდა, რომ ძაან ის, რა ქვია, ვარდისფერი სურათი დაიხატოს და რომ ყველაფერი კარგად არის, ამის თქმა არ მინდოდა და არ ვფიქრობ, რომ ეს ასეა. უბრალოდ, პროგრესი არის დიდი, ჩემის აზრით საზოგადოებრივი აზრის ფორმირების მხრივ იმიტომ, რომ აქამდე მხოლოდ ნეგატიური ინფორმაცია ისმოდა ამის შესახებ. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ გარკვეულ ძალებს არ უნდათ ამ ნავთობსადენის აშენება საქართველოში და ჩვენ გვესმოდა მარტო ნეგატიური და მეც გარკვეული კითხვები მქონდა და ეჭვები და დღეს შედარებით უკეთესი სურათია ჩვენთვის, იმ ხალხისთვის, ვისაც გვაინტერესებს, რომ ეს საქმე წარმატებით დასრულდეს"

- ეს გახლდათ საქართველო-ამერიკის ბიზნეს საბჭოს აღმსარულებელი დირექტორი მამუკა წერეთელი, რომელიც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტის ფარგლებში ბოლო ათი დღის მანძილზე ვაშინგტონში ჩატარებული შეხვედრების მნიშვნელობაზე საუბრობდა.

ჩვენთვის აგრეთვე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს დელეგაციას შეხვედრა ჰქონდა ცნობილ ამერიკულ თავდაცვისა და შეიარაღების თანამედროვე ტექნოლოგიების მწარმოებელ კომპანია "ნორტროპ გრუმანის" წარმომადგენლებთან, სადაც ნავთობსადენის უსაფრთხოების სპეციალური სისტემების შემუშავების საკითხები განიხილეს. "ნორტროპ გრუმანი" მზად არის საქართველოსთან თანამშრომლობისთვის, თუმცა, დაფინანსების საკითხი ჯერჯერობით არ არის გადაჭრილი.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG