Accessibility links

logo-print

რამდენად რეალურია აფხაზეთის სარკინიგზო მაგისტრალით დაბრუნების იდეა


რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც 7 მარტს სოჭში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გამოქვეყნდა, მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო აფხაზეთში

ლტოლვილების დაბრუნებისა და სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის საკითხს. თუმცა მასში არაფერია ნათქვამი განცხადების შემდგომ ნაბიჯებსა და პრობლემის გადაწყვეტის რეალურ გზებზე. მიუხედავად ამისა, ქართული მხარე მაინც ოპტიმისტურადაა განწყობილი და ვარაუდობს, რომ ეკონომიკური ურთიერთობების განახლებით აფხაზეთში დევნილების დაბრუნებისა და იქ იურისდიქციის აღდგენის პროცესი დაიწყება.

რადიო „თავისუფლების" მსმენელს ემახსოვრება, თუ როგორი რეაქცია ჰქონდა ედუარდ შევარდნაძეს, როდესაც მისმა წარმომადგენელმა აფხაზეთის კონფლიქტის საკითხებში ასლან აბაშიძემ აფხაზეთში სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის იდეა გამოთქვა. როგორც ახლა ჩანს, პრეზიდენტის რეაქცია იდეის მიუღებლობით კი არ იყო ნაკარნახევი, არამედ იმით, რომ აბაშიძე შევარდნაძის პოლიტიკურ კონკურენტად ითვლება. ამ კინკლაობაში სოხუმთან სარკინიგზო მიმოსვლა რუსეთმა ცალმხრივად აღადგინა, რის გამოც საქართველომ თითქოსდა ინიციატივა დაკარგა, მაგრამ შევარდნაძემ გამოსავალი აქედანაც იპოვა.

[შევარდნაძის ხმა] „სანამ არ გადაწყდება ამ მატარებლის საკითხი და სხვა პრობლემები არ იქნება მოგვარებული, მე ხელს არ მოვაწერ მანდატს სამშვიდობო ძალების აფხაზეთში ყოფნის ვადის გაგრძელების შესახებ".

თუმცა კი საქართველოს პრეზიდენტი წლების მანძილზე თვალს ხუჭავდა თურქეთსა და აფხაზეთს შორის ინტენსიურ საზღვაო მიმოსვლაზე და მსგავსი ულტიმატუმები ანკარის მიმართ არ წაუყენებია. პროტესტი აფხაზეთის სარკინიგზო მაგისტრალის გახსნის გამო, რომელიც საქართველოსთვისაც უაღრესად მნიშვნელოვანია, მხოლოდ ერთი ლოგიკით აიხსნება.

საქართველოს პრეზიდენტმა ჯერ კატეგორიულად მიუღებლად აქცია რკინიგზის აღდგენის მომგებიანი ეკონომიკური პროექტი, შემდეგ კი, ამ პროექტზე თანხმობის სანაცვლოდ, რუსეთის პრეზიდენტი თბილისისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხზე, აფხაზეთში დევნილთა დაბრუნების პროცესის დაწყებაზე, დაიყოლია. პარალელურად კი ინიციატივა ასლან აბაშიძესაც გამოაცალა. ამ უკანასკნელმა აჭარის ტელევიზიისათვის მიცემულ ინტერვიუში მხოლოდ ესღა თქვა:

[ასლან აბაშიძის ხმა] „ჩვენც მივესალმებით, აი, ამ ახალ ინიციატივებს და ნაბიჯებს და გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ მოხდეს მისი რეალიზაცია, რა თქმა უნდა, იმ ჩარჩოებში, რაც ჩვენ შეგვიძლია."

რაც შეეხება მოსკოვის გამოცოცხლებას აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების საქმეში, ის შეიძლება აფხაზეთთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების გააქტიურებითაც იყოს ნაკარნახევი. წარუმატებელი სამხედრო ზეწოლის შემდეგ ბუნებრივიცაა, რომ რუსეთი ეცდება ეკონომიკური თანამშრომლობით შეინარჩუნოს გავლენა კავკასიაში. ეს მის სტრატეგიულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესს წარმოადგენს. თუმცა ხშირად კრემლის კავკასიურ პოლიტიკაში ეკონომიკურს სამხედრო სტრატეგიული და ხშირად გაურკვეველი ინტერესები სჭარბობდა.

მოსკოვი ბოლო დრომდე თბილისისთვის კუნთების ჩვენების პოლიტიკას არჩევდა რეალურ ეკონომიკურ თანამშრომლობას. არადა, რუსეთი საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია და ეს პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება, თუ მოსკოვი ძალისმიერ პოლიტიკას დაივიწყებს.

ერთი ცხადია, რომ აფხაზეთის კონფლიქტის ეკონომიკური ბერკეტებით მოგვარება რეალობასთან ახლოს დგას, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ ეს, უპირველეს ყოვლისა, მოსკოვის ნება, შემდეგ კი - თბილისის სურვილიც იქნება. ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ პუტინისა და შევარდნაძის შეხვედრაზე აფხაზ სეპარატისტთა მთავრობის ხელმძღვანელმა გენადი გაგულიამ პუტინის განცხადება მორჩილად მოისმინა.

[პუტინის ხმა] „პრობლემა, რომელიც აშორიშორებს თბილისსა და სოხუმს, უნდა გადაწყდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებისა და მრავალეროვნული აფხაზეთის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების უზრუნველყოფის პირობებში. ჩვენი საერთო აზრით, მოწესრიგების პროცესში ერთ-ერთი პირველი რიგის ნაბიჯი უნდა იყოს ლტოლვილების უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უზრუნველყოფა."

ეკონომიკური ბერკეტებით აფხაზეთის დაბრუნების იდეას საქართველოში, ასლან აბაშიძის გარდა, ადრე სხვა ექსპერტები თუ ბიზნესმენებიც გამოთქვამდნენ. მათ შორისაა სანდრო თვალჭრელიძე, რომელსაც, ნოვოროსიისკისა და სუფსის შემაერთებელი ნავთობსადენის მშენებლობის შესახებ რუსეთისა და საქართველოს შეთანხმების შემთხვევაში, აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების რეალურობისა სჯერა.

- ბატონო სანდრო, თვითონ აფხაზები, აფხაზი სეპარატისტები მიიღებენ კი ამ იდეას?

[თვალჭრელიძის ხმა]
- "მაგათ არავინ არ შეეკითხება. რუსები როგორც იტყვიან, ისე მოიქცევიან."

როგორი ფორმითაც არ უნდა მოხდეს აფხაზეთის გავლით საქართველო-რუსეთის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე აფხაზი სეპარატისტების დაყოლიება, ერთი ცხადია, რომ აფხაზეთში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის გარეშე არათუ სატვირთო მატარებლების გადაადგილება, არამედ ავტომობილის გატარებაც არარეალური იქნება. და თუ რა ფორმით და როგორ მოხდება ამ გარანტიების შექმნა, ეს ჯერჯერობით უცნობი რჩება.
XS
SM
MD
LG