Accessibility links

logo-print

მთავრობამ თებერვლის თვის საბიუჯეტო გეგმაც ჩააგდო


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის "გაერთიანებული დემოკრატების" ინიციატივის გარშემო ცხარე დებატების ფონზე საზოგადოების ყურადღების მიღმა დარჩა სახელმწიფო ბიუჯეტი,

რომელიც, იანვრის მსგავსად, თებერვალშიც "გაირღვა".
იანვრის ჩავარდნის შემდგომ ფინანსთა სამინისტრომ ბიუჯეტის შესრულების თაობაზე ანგარიშის ჩაბარების ყოველთვიური პრაქტიკიდან ყოველკვარტალურზე გადასვლის შესახებ გამოაცხადა. მანამდე მთავრობის ერთ-ერთ რიგით სხდომაზე პრეზიდენტი შევარდნაძე თავისი მთავრობის წევრებს, იანვრის შედეგების ჩავარდნის შემთხვევაში, "ტყავის გაძრობით" დაემუქრა. ეს მუქარა არც იანვარში და არც თებერვალში, ბუნებრივია, არ შესრულებულა.

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მონაცემებით, თებერვლის თვის გეგმას 6 მლნ. ლარი დააკლდა, ხოლო, ხაზინის ინფორმაციით, იანვარ-თებერვლის მაჩვენებელი 79,7 პროცენტით არის შესრულებული. შესაბამისად, ამ მომენტისათვის ბიუეჯეტის გარღვევა 30 მილიონ ლარს შეადგენს. აქედან 18,85 მლნ. საგადასახადო, ხოლო 8,71 მლნ. ლარი არასაგადასახადო შემოსავლების დანაკლისზე მოდის.

იმავე საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელის რომან გოცირიძის განმარტებით, პირველი კვარტალის გეგმა, გრანტების გარეშე, 246 მლნ. ლარს შეადგენს, ხოლო განვლილ ორ თვეში საბიუჯეტო შემოსავლები 130 მილიონ ლარს არ აღემატება, ანუ ხელისუფლებამ დარჩენილ ერთ თვეში, დაახლოებით, იმდენი თანხის მობილიზება უნდა მოახდინოს, რაც დღევანდელი ადმინისტრირების პირობებში ყოვლად წარმოუდგენელია. რომან გოცირიძის თქმით, "დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მსგავსი რამ არ მომხდარა: ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 80 მლნ. ლარი ბიუჯეტში დეკემბერში შედის. თუ წარმოუდგენელ რამეს დავუშვებთ და ვიფიქრებთ, რომ არასაგადასახადო შემოსავლების თანხები გაიზრდება და გრანტებიდან თებერვალში დაგეგმილ 7 მლნ. ლარს მივიღებთ, ხოლო სხვა შემოსავლებიდან 70-80 მლნ. ლარს შევაკოწიწებთ, კვარტალურ გეგმას, სულ მცირე, 35 მლნ. დააკლდება, რომლის დაფარვა მომავალ თვეებში კიდევ უფრო გაძნელდება, რადგან პირველი კვარტალის გეგმა სხვა დანარჩენებზე გაცილებით მეტია". გადასახადების აკრეფის მაჩვენებლის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან გართულებული ურთიერთობის და სუსტი ადმინისტრირების გათვალისწინებით, გოცირიძის ეს ვარაუდი სავსებით რეალურია.

გაზრდილი და არარეალური საბიუჯეტო პარამეტრები არც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას გამოპარვია. პაოლო ნეუჰაუსმა დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულება იმთავითვე ეჭვქვეშ დააყენა. შეგახსენებთ, რომ საუბარია 2003 წლის საბიუჯეტო კანონზე, რომელსაც ხელისუფლება ამბიციურს და სავსებით რეალურს უწოდებდა, ოპოზიცია კი რამდენიმე ასეული მილიონის "წამატებას" ითხოვდა.

საბიუჯეტო ოფისის გაანგარიშებით, გარღვევა დაახლოებით 100-130 მილიონ ლარს შეადგენს, სხვათა შორის, დაახლოებით იმავე ციფრს ასახელებს სავალუტო ფონდიც, რომელიც ხარჯების შემცირებას გვირჩევს. როგორც ჩანს, ეს პროცესი მთავრობას არ ასცდება, რადგან იმავე საფინანსო ინსტიტუტებთან მომავალი ურთიერთობა სწორად დაგეგმილ ბიუჯეტზე იქნება დამოკიდებული. "ხარჯების შემცირება კი მეტისმეტად მტკივნეული პროცედურა იქნება, რადგან ბიუჯეტში თანხების უმეტესობა დაცულ მუხლებზე მოდის. იანვარ-თებერვლის "გარღვევა" უკვე აისახა პენსიებისა და ხელფასების გაცემაზე", აღნიშნავს საბიუჯეტო ოფისი.

გასულ კვირაში პარლამენტის საგადასახადო შემოსავლების კომიტეტში საბაჟოზე შექმნილი მდგომარეობის განხილვა მოეწყო. წინასწარი ინფორმაციით, დავით სალარიძის კომიტეტეტს ამ უწყების მიმართ სერიოზული კომპრომატები და კონტრაბანდული საქონლის მოძალებაში მებაჟეების მონაწილეობის შესახებ მასალები უნდა გამოემზეურებინა, თუმცა, საბოლოოდ, სხდომა შედარებით მშვიდი აღმოჩნდა და დარღვევებზე მხოლოდ ზოგადი საუბრებით შემოიფარგლა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებაში ყველა აღშფოთებულია კონტრაბანდის მოძალებით და კორუფციის მაღალი დონით ფისკალურ სტრუქტურებში, რეალურად ქმედითი ღონისძიებების გატარების პოლიტიკური ნება ჯერ მთავრობას არ გამოუმჟღავნებია.

კვირის ბოლოს შევარდნაძემ გამოსცა განკარგულება საგანგებო ანტიკონტრაბანდული ღონისძიებების გატარების შესახებ, რომლის განხორციელებასაც მთავრობა უკვე ორშაბათიდან დაიწყებს. სავარაუდოდ, ამ ღონისძიებებში, ფინანსთა სამინისტროს გარდა, უშიშროების და შს სამინისტროც ჩაერთვება.

ფინანსთა სამინისტრო არაფერს ამბობს იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რას გულისხმობს ახალი ანტიკონტრაბანდული "ჯიჰადი". იმედი ვიქონიოთ, რომ ეს მხოლოდ ძალის დემონსტრირება ან დონორების თვალის ახვევის მიზნით მოწყობილი მორიგი ღონისძიება არ იქნება.

გასულ კვირაში გამართლდა ენერგეტიკოსების ვარაუდი, რომელიც 1 მარტიდან ამოქმედებული ახალი ტარიფის გამო ენერგოობიექტებზე სარეაბილიტაციო პროგრამების ბლოკირებას გულისხმობდა.

ევრობანკისა და ევროკომისიის მიერ ენგურჰესის რეაბილიტაციის 48 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროგრამა უკვე შეჩერდა. დონორები ამ გადაწყვეტილებას იმით ხსნიან, რომ ელექტროენერგიის ტარიფში ამ ჰიდროელექტროსადგურის წილი 30 პროცენტით შემცირდა. ენგურჰესის გენერალური დირექტორის ლევან მებონიას თქმით, ამავე მიზეზით გადაიდება, 10 წლის უმოქმედობის შემდეგ, 320 მეგავატი სიმძლავრის პირველი აგრეგატის გაშვება, რაც 18 მარტს იყო დაგეგმილი.
საინტერესოა, რომ ევრობანკის 38,5 მლნ. აშშ დოლარის სესხისა და ევროკომისიის 10 მილიონიანი გრანტის შესახებ ხელშეკრულება საქართველოს პარლამენტმა გასულ წელს მოახდინა. ამ დოკუმენტის თანახმად, ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტოენერგიის ტარიფი, დღგ-ს გარეშე, 2,13 თეთრით განისაზღვრა. სწორედ ამ პირობით მოხდებოდა სესხისა და გრანტის გაფორმება. ეს თანხები ენგურჰესის კაშხალის და გვირაბის, აგრეთვე, ენერგობლოკების რეაბილიტაციას უნდა მოხმარებოდა. ლეიბორისტების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში მოგებული პროცესის და შემდგომ უკვე სემეკ-ის დადგენილების საფუძველზე, ტარიფი შემცირდა, რასაც დონორების ადეკვატური რეაქცია მოჰყვა, რადგან პარლამენტის მიერ რატიფიცირებულ დოკუმენტში ჩადებულ ტარიფში იმთავითვე იყო გათვალისწინებული სასესხო ვალდებულების შესრულების თანხაც.

ევრობანკისა და ევროკომისიის გარდა, სავარაუდოდ, სარეაბილიტაციო პროგრამებს სხვა დონორებიც შეაჩერებენ, რაც ისედაც კრახის პირას მისულ ენერგოსექტორს მომაკვდინებელ დარტყმას მიაყენებს.
XS
SM
MD
LG