Accessibility links

logo-print

შაბათს უცხოეთის პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა წინა დღით გაეროს უშიშროების


შაბათს უცხოეთის პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა წინა დღით გაეროს უშიშროების საბჭოში გამართული სხდომა, რომელზეც ერაყის შესახებ მორიგი ანგარიშით გამოვიდნენ განიარაღების ინსპექტორების

ხელმძღვანელები ჰანს ბლიქსი და მოჰამედ ელბარადეი. "ნიუ იორკ ტაიმსის" შეფასებით, გამოსვლებიდან გასათვალისწინებელია, პირველ რიგში, შემდეგი განცხადებები: რომ ბოლო კვირების მანძილზე ერაყს გაუმჯობესებული აქვს ინსპექტორებთან თანამშრომლობა, და რომ ინსპექტორებს ჯერ არ მიუკვლევიათ სამხილებისათვის, რომელიც დაადასტურებდა, რომ ერაყი ბირთვულ პროგრამებზე მუშაობს.

"ნიუ იორკ ტაიმსში" ვკითხულობთ:
"გაეროს განიარაღების ინსპექტორების ორი ხელმძღვანელის გუშინდელმა მოხსენებებმა მოსპო ვაშინგტონის ისედაც უმნიშვნელო შანსი, რომ მოიპოვებდა უშიშროების საბჭოს მხარდაჭერას ერაყის საკითხზე ახალი რეზოლუციის მისაღებად. ბრიტანეთის ინიციატივა, გადაიდოს რეზოლუციის მიღების ვადა, რათა მანამდე მხარდაჭერის მოპოვება მოხერხდეს, მისასალმებელია. მაგრამ ვადის ასე ცოტა ხნით, 17 მარტამდე გადადება, ალბათ, საკმარისი არ იქნება."

განიარების ინსპექტორების ხელმძღვანელთა გამოსვლას კომენტარით ეხმიანება დანიაში გამომავალი ყოველდღიური ლიბერალური გაზეთი "პოლიტიკენიც" :

"....ჰანს ბლიქსის საანგარიშო მოხსენებამ, მიუხედავად იმისა, რომ ერაყის რეჟიმის კრიტიკას შეიცავდა, იმათი პოზიცია გააძლიერა, ვინც ინსპექტორებისათვის მეტი დროის მიცემას ემხრობა... მაგრამ შეერთებულ შტატებს, როგორც ჩანს, მაინც გადაწყვეტილი აქვს ერაყის წინააღმდეგ ომის მალე დაწყება - იქნება ეს გაეროს მანდატით თუ ასეთი მანდატის გარეშე. ბუშის მთავრობა ამით კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს, რომ მზად არის, გაეროს სისტემის საფუძველი შეარყიოს...".

რამდენიმე დღის წინ ერაყის კრიზისთან დაკავშირებით ყურადღების ცენტრში თურქეთი იდგა - კერძოდ, ფართო გამოხმაურება მოჰყვა ამ ქვეყნის პარლამენტში პირველ მარტს მიღებულ მოულოდნელ გადაწყვეტილებას, უარი ითქვას თურქეთში ამერიკელი სამხედროების განთავსებაზე ერაყთან ომის შემთხვევაში. "თურქეთი ევროპას დემოკრატიის გაკვეთილს უტარებს" - ასეა დასათაურებული სტატია გაზეთ "ინდეპენდენტში", ხოლო "ლოს ანჯელეს ტაიმსის" ანკარელი კორესპონდენტი რიჩარდ ბოდრო გამოთქვამს აზრს, რომ თურქეთის მოულოდნელი უარის ერთ მიზეზად ამერიკელი ოფიციალური პირების მიერ გამომჟღავნებული უტაქტობა უნდა მივიჩნიოთ.

ამერიკელი ჟურნალისტი იხსენებს, რომ თებერვლის დასაწყისში შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტმა დიკ ჩეინიმ თურქეთის პარლამენტს მოუწოდა, სულ რამდენიმე დღეში გადაეწყვიტათ ქვეყნის ტერიტორიაზე ამერიკელი სამხედროების განთავსების საკითხი. ამ მოთხოვნით, გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ დიდ მუსლიმანურ დღესასწაულამდე, ბაირამობამდე, როცა თურქი პარლამენტარები "მარხვისა და ლოცვის რიტუალისათვის" ემზადებოდნენ. არადა, როგორც გაზეთში ვკითხულობთ, "ბაირამობამდე და ბაირამობის დროს რელიგიური გრძნობები ძალიან გაფაქიზებულია. ვაშინგტონისათვის ისედაც ძნელი იქნებოდა ძირითადად მუსლიმანებით დასახლებული სახელმწიფოს დაყოლიება ასევე მუსლიმანური სახელმწიფოს წინააღმდეგ ომში მონაწილეობაზე. ჩეინიმ კი ლაპსუსი დაუშვა მთავრობასთან, რომელსაც სათავეში უდგას ისლამური ორიენტაციის პარტია".

გასული კვირის მანძილზე ასევე მრავალი გაზეთი გამოეხმაურა ჩეხეთის რესპუბლიკაში მომხდარ საყურადღებო სიახლეს: პრეზიდენტად ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკოსის, ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ვაცლავ კლაუსის არჩევას. როგორც გერმანიის გაზეთ "ველტის" 3 მარტის ნომერში ვკითხულობთ, ჩეხეთის რესპუბლიკაში ახალი ეპოქა დაიწყო: "პრეზიდენტი-პოეტი" ვაცლავ ჰაველი შეცვალა ადამიანმა, რომელიც თავს "მსოფლიო ეკონომიკის" ექსპერტად მიიჩნევს. სტატიის ავტორი, გერნოტ ფაციუსი, ჩეხეთის ახალ პრეზიდენტს უწოდებს "პოლიტიკოს მელას", რომელიც ყოველ სიტუაციაში ახერხებს თავისი ინტერესების დაცვას.

გერმანელი ჟურნალისტი წერს:
"ვაცლავ კლაუსი ჩეხური ტეტჩერიზმის პროტაგონისტია. მან, ჰაველის ტრადიციულმა მეტოქემ, ელეგანტური, შთამბეჭდავი რიტორიკით გაიკვალა გზა პრაღის სასახლისაკენ. მაგრამ კლაუსი მცირე უპირატესობით გამარჯვებას კომუნისტების ლიდერს... უმადლის. შედეგად, აქამდე ლიბერალური ღირებულებების ერთგული კლაუსი ისეთ ძალას შეუკავშირდა, რომელიც (დანარჩენი სოციალისტური ქვეყნების პოსტკომუნისტური პარტიებისაგან განსხვავებით) ერთი ნაბიჯითაც არ დაშორებია ძველ, ტოტალიტარულ იდეებს".

მიუნხენში გამომავალი გაზეთი "ზიუდდოიჩე ცაიტუნგი" კი ყურადღებას ამახვილებს ძველი და ახალი პრეზიდენტების, ვაცლავ ჰაველისა და ვაცლავ კლაუსის ურთიერთობაზე:

"კონსერვატორი ვაცლავ კლაუსის ძალაუფლება განხეთქილებების დათესვას ეფუძნებოდა. პრემიერ-მინისტრ კლაუსს დაპირისპირებები უყვარდა, რითაც ბევრ ადამიანს, მათ შორის ჰაველსაც აღიზიანებდა. მაგრამ პრეზიდენტობის კანდიდატი კლაუსი სულ სხვა ადამიანად მოევლინა პარლამენტარებს. ის თითქოს გამოცვლილი იყო: აქებდა თავის მეტოქეს, ჰაველს, ყურადღებას ამახვილებდა მასთან გამაერთიანებელ ფაქტორებზე. "ერთმანეთს უნდა მოვუსმინოთო", მოითხოვდა მაინცდამაინც ის პოლიტიკოსი, რომელიც მუდამ დაშინების ოსტატად ითვლებოდა".

როგორც ეს კომენტარებიც ადასტურებს, ჩეხეთის ახალ პრეზიდენტს საკმაოდ გაუჭირდება კეთილგანწყობის მოპოვება - ლონდონის ჟურნალ "ეკონომისტის" ხელთ არსებული ინფორმაციით, ვაცლავ კლაუსს თანამემამულეების მხოლოდ დაახლოებით 25 პროცენტი ემხრობა, უმრავლესობა კი მისდამი ერთობ კრიტიკულად არის განწყობილი. რომ არა ჩეხეთის საარჩევნო სისტემა (პრეზიდენტს პარლამენტარები ირჩევენ) კლაუსი პრეზიდენტი, ალბათ, ვერ გახდებოდაო, დაასკვნის "ეკონომისტი".
XS
SM
MD
LG