Accessibility links

logo-print

გამოდგება თუ არა ომის შემდგომი იაპონია ომის შემდგომი ერაყის სანიმუშო მოდელად?


ბოლო დღეებში ერაყის კრიზისის კონტექსტში ხშირად ახსენებენ შორეული აღმოსავლეთის ერთ ქვეყანას, რომელსაც ისტორიულად, თუ ამჟამინდელი პოლიტიკური, ეკონომიკური ან სამხედრო მოწყობის თვალსაზრისით,

კაცმა რომ თქვას, ერაყთან საერთო არაფერი აქვს. მაგრამ ამ მხრივ, შესაძლოა, ვითარება შეიცვალოს, თუ საქმე ერაყში ომამდე და მის შემდგომ ოკუპაციამდე მივიდა: ექსპერტების შეფასებით, ვაშინგტონს, ერაყში დემოკრატიული სისტემის ამოქმედების მცდელობისას, გამოადგება გამოცდილება, რომელიც მას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იაპონიაში აქვს შეძენილი.

იაპონიის გახსენება თუნდაც იმ უბრალო მიზეზით არის გამართლებული, რომ ამ ქვეყნის ოკუპაციის შემდეგ აშშ-ს აღარასოდეს განუხორციელებია ომში დამარცხებული ქვეყნის მართვის ისეთი ამბიციური გეგმა, როგორიც ერაყისთვის აქვს მომზადებული. ეს გეგმა ითვალისწინებს ერაყის წინააღმდეგ შესაძლო ომის შემდეგ, ამ ქვეყნის ფართომასშტაბიან სამხედრო ოკუპაციას. გაზეთ "ნიუ იორკ ტაიმსის" ინფორმაციით, ოკუპაციის პირველ ეტაპზე, როცა ყველაზე დიდია არეულობის საფრთხე, აბსოლუტური ძალაუფლებით აღიჭურვება სამხედრო სარდალი. ხოლო მოგვიანებით ის და სამოქალაქო ადმინისტრაცია ერთად გაუძღვებიან ქვეყნის მართვას.

ახლა გავიხსენოთ, რა მოხდა იაპონიაში ამ, თითქმის 60 წლის წინათ: 1945 წელს ქვეყნის კაპიტულაციისა და მისი ოკუპაციის შემდეგ, მართვის სადავეები ოკუპანტების - მოკავშირეთა ჯარების მთავარსარდლის ხელში გადავიდა. ამ პოსტზე დაინიშნა ამერიკელი გენერალი დაგლას მაკარტური, რომელსაც ევალებოდა იაპონიის მთავრობის, მრეწველობისა და საზოგადოების გარდაქმნის პროცესის გაძღოლა. მაკარტურს ექვემდებარებოდნენ იაპონიის მთავრობა და იმპერატორი ჰიროჰიტოც კი.

6 წლის შემდეგ, 1951-ში აშშ-მა და კიდევ 47-მა სახელმწიფომ იაპონიასთან ოფიციალურად გააფორმეს სამშვიდობო ხელშეკრულება, რომლითაც აღიარეს ქვეყნის სრული სუვერენობა. მომდევნო წელს იაპონიის ოკუპაციას წერტილი დაესვა. [ჰაჯიმე კიტაოკას ხმა] "გენერალი მაკარტური და მოკავშირეთა ჯარების შტაბ-ბინა ანგარიშს უწევდნენ იაპონიის ტრადიციებს, მათ უარი არ უთქვამთ ტახტზე იმპერატორის დატოვებაზე. ამავე დროს, მათ შეძლეს "გამოეცოცხლებინათ" იაპონიის საზოგადოება. იაპონელები მათ კეთილად იხსენებენ" - ასე აფასებს ოკუპანტების საქმიანობას და მისდამი იაპონელების დამოკიდებულებას ტოკიოელი პოლიტოლოგი ჰაჯიმე კიტაოკა, რომელსაც ტელეფონით დაუკავშირდა ჩვენი კორესპონდენტი ანტუან ბლუა. რაც შეეხება იაპონური მოდელის ერაყში გამოყენების პერსპექტივას, კიტაოკა სკეპტიკურად არის განწყობილი: ის შეგვახსენებს, რომ ერაყის საზოგადოება, იაპონიისაგან განსხვავებით, ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებად არის დაყოფილი -ლაპარაკია ქურთებზე, არაბ სუნიტებსა და არაბ შიიტებზე. ამ გარემოებამ კი ომისშემდგომ ერაყში, შესაძლოა, სახიფათო დაპირისპირებები გამოიწვიოს.

იაპონელი ექსპერტის მოსაზრებას იზიარებს ბრიტანელი პოლიტოლოგი გერდ ნონენმანიც:[გერდ ნონენმანის ხმა]
"მუშაობას უნდა შეუდგე განხეთქილებით მოცულ საზოგადოებაში, რომელსაც არ გააჩნია დემოკრატიული მართვის, პრობლემების მოლაპარაკების მეშვეობით მოგვარების ტრადიციები. ერაყში შესაქმნელია ყველა სტრუქტურა. ასე, რომ მოსაგვარებელი იქნება გაცილებით უფრო რთული პრობლემა, ვიდრე იაპონიაში".

ერაყში ომისშემდგომი პერიოდის გამორჩეულ სირთულეს განაპირობებს კიდევ რამდენიმე ფაქტორი, რომელთაგან ერთ-ერთ მთავარს კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი, ჯონ სვენსონ-რაითი განმარტავს: თუ იაპონიის ოკუპაციის მიზანი ამ ქვეყნის დემოკრატიზაცია და დემილიტარიზაცია იყო, ერაყის შემთხვევაში ამერიკელები არა მარტო ერთი ქვეყნის, არამედ მთელი რეგიონის დემოკრატიზაციას ესწრაფვიან. ამას კი მხოლოდ ამერიკელების ძალისხმევა არ ეყოფა: საჭიროა შეიქმნას მასშტაბური საერთაშორისო კოალიცია ერაყში აღმშენებლობითი სამუშაოების ტვირთის, თუნდაც ხარჯების გასანაწილებლად.

ჯონ სვენსონ-რაითი იხსენებს, რომ თავის დროზე ჰარი ტრუმენმა, აშშ-ის პრეზიდენტმა იაპონიის რეკონსტრუქციის წლებში, საგანგებო წარმომადგენელი დანიშნა საერთაშორისო მხარდაჭერის მოსაპოვებლად: [სვენსონ-რაითის ხმა] "ჯონ ფოსტერ დალესმა, რომელიც იაპონიის საკითხებში ტრუმენის ადმინისტრაციის საგანგებო წარგზავნილი იყო, საკვანძო როლი შეასრულა ამერიკელების მიზნების მხარდამჭერი საერთაშორისო კოალიციის შექმნის საქმეში. დღეს არავინ ჩანს - ვერ ვხედავ მოღვაწეს, რომელიც ერაყის სამომავლო გეგმებისათვის საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებაზე იზრუნებდა".

ერაყთან დაკავშირებით სვენსონ-რაითი კიდევ არაერთ გაურკვეველ საკითხს ასახელებს: [სვენსონ-რაითის ხმა] "გაურკვეველია, რამდენად სიცოცხლისუნარიანია პოლიტიკური რეჟიმი, რამდენად დიდია ქვეყანაში განხეთქილება რელიგიური და ეთნიკური ნიშნებით. ბევრს ეჭვი ეპარება, ერაყში ფეხის მოკიდება შეძლოს ახალმა სამოქალაქო საზოგადოებამ და ისეთმა ეკონომიკურმა სტრუქტურებმა, რომელთა მეშვეობით და ამერიკელებისა და მოკავშირეების დახმარებით - ერაყი საკუთარი თავის შენახვას შეძლებდა".
XS
SM
MD
LG