Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს სამხედრო აკადემიის მეორე სიცოცხლე


საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ

ერთადერთ უმაღლეს სამხედრო სასწავლებელს ორი კვირის წინ პრეზიდენტმა შევარდნაძემ დავით აღმაშენებლის სახელი მიანიჭა. საქართველოში დღეს იმდენ სახელმწიფო და კომერციულ უმაღლეს სასწავლებელს ჰქვია ამა თუ იმ დიდი წინაპრის სახელი, რომ ამ ფაქტში, თავისთავად, არაფერია განსაკუთრებული, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ერთ გარემოებას: თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში შარშან მეგობარი ქვეყნების დაფინანსებით დაწყებული რეკონსტრუქციის შემდეგ სამხედრო სასწავლებელმა მნიშვნელოვნად იცვალა იერსახე და ბევრი პარამეტრით დაუახლოვდა ევროპულ სტანდარტებს. ამასთან, აკადემიის წინაშე კვლავ გადაუჭრელი რჩება სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ბევრი ისეთი პრობლემა, რომელთაც ყველა თავმოყვარე ქვეყნის ხელისუფლება სხვის დაუხმარებლად უნდა წყვეტდეს.

საქართველოში თითქმის ვერ ნახავთ ვერც ერთ დარგს, სფეროს თუ უწყებას, რომელზეც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს თავისი კვალი არ დაეტოვებინოს. საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაც, რომელსაც თავდაპირველად, უბრალოდ, სამხედრო აკადემია ეწოდა, ვერ გადაურჩა ამგვარ რყევებს. არსებობის 10 წლის მანძილზე - საქართველოს სამხედრო აკადემია ყოფილი თბილისის საარტილერიო სასწავლებლის ბაზაზე 1993 წლის მაისში დაარსდა - სასწავლებელმა, ისევე როგორც ქვეყანამ, რამდენჯერმე შეიცვალა აღებული კურსი.

პოლიტიკური კონიუნქტურის გამო, 1994-1998 წლებში მთელი სასწავლო პროცესი - ისეთ უმნიშვნელოვანეს დეტალებამდეც კი, როგორიცაა მხედრული სალმის მიცემა, სამწყობრო ნაბიჯი და სალაშქრო სიმღერები - საბჭოთა-რუსული სისტემის მიბაძვით, თანაც მახინჯი მიბაძვით, გახლდათ შედგენილი. თუ საბჭოთა არმიის ხელმძღვანელობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა სამხედრო სასწავლებლების კონტინგენტის შერჩევას, ფსიქოლოგიურ და საბრძოლო მომზადებას, დისციპლინისა და მატერიალური უზრუნველყოფის საკითხებს, ფორმირების პროცესში მყოფი საქართველოს არმიის ხელმძღვანელებს პირველ წლებში ამისთვის არ ეცალათ, რის გამოც სამხედრო აკადემიაში როგორც მისაღები გამოცდები, ისე სასწავლო პროცესი თვითდინებაზე აღმოჩნდა მიშვებული.

თუმცა, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, საქართველოს აკადემიის კედლებში აღმოჩნდნენ ენთუზიასტი პედაგოგები - პოლკოვნიკი კიმი აფხაზავა, ალექსანდრე ელბაქიძე, ოთარ ვაჩეიშვილი, იაგო გოქსაძე, ზურაბ ცუცქირიძე, რომლებმაც, სიცივისა და მიზერული ანაზღაურების მიუხედავად, შეინარჩუნეს სასწავლო პროცესი და 1997 წლის 13 ივლისს პირველ კურსდამთავრებულებს დაულოცეს გზა.

მას შემდეგ სამხედრო აკადემიის კედლებში ახალგაზრდა ოფიცერთა კიდევ ხუთი თაობა აღიზარდა. მათგან ზოგიერთმა უკვე მიაღწია საკმაოდ მაღალ თანამდებობას ჯარის სხვადასხვა სახეობაში. აღსანიშნავია, რომ თითქმის მთლიანად აკადემიის კურსდამთავრებული ოფიცრებით დაკომპლექტდა "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამით მომზადებული ბატალიონი "კომანდოსი" და მისი მომდევნო, საჩხერის მე-16 სამთო ბატალიონის ოცმეთაურთა შემადგენლობა. ერთ მათგანს, კავშირგაბმულობის ოცეულის მეთაურს, ლეიტენანტ ლაშა ამყოლაძეს ამ დღეებში კრწანისის პოლიგონზე გავესაუბრე:

[ლაშა ამყოლაძის ხმა] "ძალიან დიდი ენთუზიაზმი გაგვაჩნია, იმისდა მიუხედავად, რომ, სამწუხაროდ, 1992 წლის ომის მერე ქართულ საზოგადოებაში დამკვიდრებულია ისეთი შთაბეჭდილება, რომ სამხედროები არიან მძარცველები და მაროდიორები. მაგრამ ჩვენ პირობას ვდებთ იმისას, რომ ამას გავაქარწყლებთ და ჩამოვაყალიბებთ ქართული არმიის სინდრომს. უნდა ავუმაღლოთ არმიას პრესტიჟი."[სტილი დაცულია]

საბედნიეროდ, კურსანტთა იმ თაობებს, რომლებიც ამჟამად სწავლობენ თავდაცვის, აწ უკვე დავით აღამაშენებლის სახელობის, ეროვნულ აკადემიაში, ამის გაკეთება, ანუ არმიისა და ოფიცრის წოდებისთვის პრესტიჟის დაბრუნება უფრო უნდა გაუიოლდეთ.

ერთი წლის წინ სამხედრო განათლების სფეროში საქართველოს ახალი პარტნიორი გამოუჩნდა თურქეთის სახით, რომელმაც ვალდებულება აიღო, დაახლოებით ათი მილიონი დოლარის მოცულობით დააფინანსოს თავდაცვის ეროვნული აკადემიის ნატოს საგანმანათლებლო სისტემაზე გადასვლის პროცესი. შეთანხმების თანახმად, ამ გრანტის ფარგლებში, პირველ ყოვლისა, საკვანძო საყოფაცხოვრებო ობიექტები - სასწავლო კორპუსი, სასადილო და შტაბის შენობა გარემონტდა. შარშანვე აშენდა საქვაბე და დამონტაჟდა გათბობა საცხოვრებელ კორპუსში, რაც მსმენელთათვის აქამდე მიუღწეველ ფუფუნებას წარმოადგენდა. სამხედრო აკადემიაში ასევე ფართო შესაძლებლობებია ჯანმრთელობის გასაკაჟებლად, სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, ფიზკულტურული საქმიანობისთვის, რაც თითქმის ამოვარდნილია საქართველოს საგანმანათლებლო სისტემიდან. სამხედრო სასწავლებელში მეოთხე წელია ფუნქციონირებს თურქეთის დახმარებით აშენებული სპორტული დარბაზი, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში.

ასევე მეზობელმა ქვეყანამ დააფინანსა კურსანტების მომზადების ხუთწლიანი პროგრამა, რაც, სახსრების უქონლობის გამო, 1999 წლიდან გაუქმებული იყო. ამ კურსით თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში აბიტურიენტების პირველი მიღება შარშან ჩატარდა და შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა: პირველსავე ცდაზე ერთ ადგილზე ორმა მსურველმა მოიყარა თავი და სასწავლებლის ხელმძღვანელობას შესაძლებლობა მიეცა კონკურსის წესით საუკეთესო კონტინგენტი შეერჩია.

მაგრამ, მოდი, აქ გავჩერდეთ და ვიკითხოთ: თუ ყველაფერი თურქეთის ფულით შენდება, მაშინ რაღას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება და თავდაცვის სამინისტრო? ამ ფონზე, შეიძლება ითქვას, რომ ბევრს არც არაფერს - უხდის ხელფასს მსმენელებსა და მათ პედაგოგებს, ამარაგებს სასწავლებელს საკვებით, საწვავით, სასწავლო მასალებითა და მედიკამენტებით. თუმცა, უწყების არასტაბილური დაფინანსების პირობებში, აკადემიის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა მუდმივ პრობლემებს აწყდება. ასე რომ, საბოლოო ჯამში, სასწავლო პროცესის შესანარჩუნებლად ისევ მეურვეების, ანუ თურქეთის სამხედრო მეკავშირეთა ჯგუფის, შეწუხება ხდება საჭირო. ეს კი, შეუძლებელია, არ იწვევდეს ფრუსტრაციას პატრიოტულად განწყობილ ქართველ ოფიცრებში.

თუმცა ქვეყანა ასეთ დამამცირებელ მდგომარეობაში ნამდვილად არ ჩაიგდებდა თავს, საქართველოს მთავრობა სამხედრო უწყებას პროგრამულად, კონკრეტული პრიორიტეტის მიხედვით რომ აფინანსებდეს და შემდეგ მკაცრად აკონტროლებდეს დაცულ მუხლებზე გამოყოფილი საბიუჯეტო თანხების მიზნობრივ ხარჯვას.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG