Accessibility links

logo-print

გასულ კვირას საქართველოს ინტელიგენციამ


გასულ კვირას საქართველოს ინტელიგენციამ

განსაკუთრებული დრო დაუთმო მსჯელობას პატრიოტიზმზე. ისინი, ვინც სტალინის გარდაცვალების 50 წლისთავს აღნიშნავდნენ, ამტკიცებდნენ, რომ ბელადმა იხსნა ქართული კულტურა და მართლმადიდებლობა; ისინი კი, ვინც ერაყის ომის წინააღმდეგ პროტესტს გამოხატავდნენ, დასძენდნენ, რომ ამერიკის მფარველობის სანაცვლოდ საქართველოს დაბომბვას არ დაუშვებენ. პატრიოტიზმზე ფიქრმა გაიტაცა ისიც, ვინც ამ აქციებზე დასწრებას კარგი კინოს ნახვა არჩია - ვნებებით "გადატვირთულ" მარტის პირველ დღეებში საფრანგეთის საელჩომ ჟან-პოლ რაპნოს ფილმების კვირეული მოაწყო. ლუი მალის ფილმების სცენარის ავტორი, "ელეგანტური ფრანგული კომედიის მაესტროდ" შერაცხული რაპნო ის რეჟისორი არ არის, რომელიც თავისი "სირანო დე ბერჟერაკით" გააკვირვებდა თბილისელ კინოს მოყვარულებს; ფრანგულ კინოს, რა თქმა უნდა, უკეთესი ავტორებიც ჰყავს. მაგრამ თანამედროვე ქართულ კულტურულ და, არამარტო კულტურულ, პოლიტიკურ კონტექსტში სწორედ მისი ფილმები "ჩაეწერა" ეფექტურად... საფრანგეთის საელჩოს მესვეურები, როგორც ჩანს, კარგად ჩასწვდნენ თანამედროვე ქართული საზოგადოების მენტალიტეტს და მშვენივრად გაერკვნენ ქართველთა გრძნობებში, რადგანაც რეტროსპექტივის პრესრელიზშიც კი განმარტეს: რეტროსპექტივაში წარმოდგენილი ექვსი ფილმი ნათლად ასახავს ამ სულით ხორცამდე ფრანგი კინორეჟისორის უბადლო შრომას, მსუბუქ მანერასა და ბრწყინვალე კარიერასო... საეჭვოა, გერმანიის ან, თუნდაც, იმავე შეერთებული შტატების საელჩოს მესვეურებს რომელიმე თავიანთ ხელოვანზე, თანაც საინფორმაციო ბუკლეტში, საგანგებოდ აღენიშნათ, ესა და ეს ავტორი "სულით ხორცამდე გერმანელია" ან "სულით ხორცამდე ამერიკელიო"... მაგრამ ფრანგები (ისევე როგორც ქართველები) ყოველთვის ღიად ეტრფოდნენ ეროვნულ კულტურას, რაპნოს რეტროსპექტივის ორგანიზატორებმა კი, როგორც ჩანს, კარგად იცოდნენ, რომ ასეთი "განსაზღვრება" - "სულით ხორცამდე ფრანგი" საკმარისია იმისთვის, რომ "სულით ხორცამდე ქართველებმა" სიამოვნებით უყურონ ეროვნული კულტურის საუკეთესო ტრადიციების ერთგული კინორეჟისორის ფილმებს. ასეც მოხდა: ჟან-პოლ რაპნოს ფილმების რეტროსპექტივა წარმატებით ჩატარდა თბილისის კინოს სახლში.

ფრანგები და მათი პატრიოტიზმი ამ კვირაში "კავკასიურ სახლშიც" გაიხსენეს. ფილოსოფოსმა ჯანრი კაშიამ "კავკასიური სახლის" ტრადიციულ სამშაბათობაზე, რომელსაც ზურაბ კიკნაძე უძღვება, გაგვახსენა, საიდან მოდის სიტყვა "პატრიოტიზმი".

[ჯანრი კაშიას ხმა]: "სიტყვა "პატრიოტი" ევროპაში შემოვიდა 1789 წელს... "პატრიოტებს" "რევოლუციონერებს" ეძახდნენ ფრანგები."

თუმცა ამ სემინარზე, რომელიც პატრიოტიზმს მიეძღვნა, მხოლოდ და მხოლოდ სამშობლოს სიყვარულზე არ უსაუბრიათ. ჯანრი კაშია საქართველოს დღევანდელ კულტურასაც შეეხო, პოლიტიკასაც, ეკონომიკასაც.

[ჯანრი კაშიას ხმა]: "მერე რა, რომ მდიდრები გაჩნდნენ... ისინი არაფერს არ წარმოადგენენ, სოციალური თვალსაზრისით... გინდა ჰქონდეთ ის ფული, გინდა არა."

"მდიდრები არაფერს წარმოადგენენ, სოციალური თვალსაზრისით... და კიდევ დიდხანს იქნება ასე, სანამ ეკონომიკის სადავეები კორუმპირებული ხელისუფლების ხელში იქნება," - იტყვით თქვენ... თუმცა იმ დღეს, როცა ქართველი ლიბერალები "კავკასიურ სახლში" პატრიოტიზმზე მსჯელობდნენ, გაირკვა, რომ ეკონომიკის საკითხებში დღეს უკვე ეკლესიაც ერევა - ანტიმონოპულიურმა სამსახურმა საქართველოს საპატრიარქოს წერილი მიიღო, რომელშიც ნათქვამია: "გთხოვთ ჩამოახსნევინოთ ის სარეკლამო დაფები, რომლებიც უხეშად არღვევს საზოგადოებაში დამკვიდრებულ მორალურ და ზნეობრივ ნორმებს." (სტილი დაცულია)

ეს წერილი საკმარისი გახდა იმისთვის, რომ ანტიმონოპოლიურ სამსახურს საღებავი გადაესხა მაღაზია "ბელუქსის" ბილბორდზე გამოხატული შიშველი მანდილოსნისთვის. ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა გამოაცხადა, რომ მარტის მიწურულს მზად იქნება რეკლამის ეთიკის კანონი, რომლითაც მნიშვნელოვანი ცვლილებები შევა კანონში "რეკლამის შესახებ". სწორედ იმ დღეს, როცა "ბელუქსის" რეკლამას საღებავი გადაასხეს, ხოლო სატელევიზიო ეთერიდან ამოიღეს "დიროლის" სარეკლამო რგოლები, საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი ანდრიაძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა:

[გიორგი ანდრიაძის ხმა] "აგრესია... ასეთი ძალადობის, გარყვნილების თუ შიშველი რეკლამების ფართო დემონსტრირება ამახინჯებს განსაკუთრებით მოზარდი თაობის მსოფლხედველობას და აუცილებელია, რომ ეს შეიცვალოს."

საზოგადოების ერთ ნაწილს მაშინვე გაუჩნდა კითხვა - მოზარდი თაობის მსოფლმხედველობას რა უფრო ამახინჯებს: სარეკლამო ფარებზე გამოხატული ქალის შიშველი სხეული თუ მაწანწალა ბავშვებით გავსებული თბილისის ქუჩები, თუ რელიგიურ უმცირესობათა დარბევა, თუ პოლიტიკოსების სატელევიზიო დებატები და მეშჩანური ყოფის პროპაგანდა ბულვარულ პრესაში. ბუნებრივია, კითხვები გაუჩნდათ ქართველ ბიზნესმენებს და იმ ადამიანებს, რომლებიც სარეკლამო საქმეში არიან ჩართულნი. მათი აზრით, "რეკლამის ეთიკის კანონით" ეკლესიამ ეკონომიკურ პროცესებში ჩარევა მოინდომა. ბილბორდებისა და სატელევიზიო სარეკლამო რგოლების ავტორები დარწმუნებულები არიან, რომ ცვლილება რეკლამის კანონში აუცილებლად იმოქმედებს ქართულ კულტურაზეც. სააგენტო "ქედი-მაკენ-ერიქსონის" წარმომადგენლის მაკა წიქორიძის განცხადებით:

[მაკა წიქორიძის ხმა] "ნებისმიერი სარეკლამო პროდუქტი, ვთქვათ, ეს იქნება სატელევიზიო კლიპი თუ გარე რეკლამაში ბილბორდი, არის ხელოვნების ნიმუში, ამიტომ ეს გამოიწვევს გარკვეულ ჩარჩოებში ჩასმას."

ისიც გაირკვა, რომ მარტის მიწურულს ანტიმონოპოლიური სამსახური სარეკლამო სააგენტოების წარმომადგენლებს უჩვენებს სარეკლამო რგოლებს, რომელმაც ცხადი უნდა გახადოს, თუ რა არის უზნეობა. სპეციალური კომისია მკაცრად გააკონტროლებს სარეკლამო საქმეს საქართველოში, თუმცა ვინ იქნებიან ამ კომისიის წევრები - საპატრიარქოს წარმომადგენლები, სექსოპათოლოგები, პედაგოგები თუ სარეკლამო საქმეში ჩართული ადამიანები, ბიზნესმენებმა ჯერ არ იციან. ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ დანამდვილებით არაფერი იცის კომპანია "ტვ+"-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი სულაკაურმა, რომელსაც რადიო "თავისუფლება" ესაუბრა. ჩვენი რესპონდენტის თქმით, საპატრიარქოს წერილი და ანტიმონოპოლიური სამსახურის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა: ეკონომიკურ პროცესებში ცენზურა ყოველთვის ერეოდა:

[გიორგი სულაკაურის ხმა] "რატომ გგონიათ, რომ აქამდე არ ერეოდა... აქამდეც ერეოდა. უბრალოდ, ეხლა შეეხნენ იმას, რაც ყველაზე მყვირალაა..."

რეკლამის ეთიკის კანონმა, რომელიც სულ ცოტა ხანში ამოქმედდება, უკვე დაარღვია იმ ქართველი ბიზნესმენების უფლებები, რომლებმაც თავიანთი ბილბორდებისა და სარეკლამო რგოლებისთვის ფული გადაიხადეს. არადა, მათ კანონი არ დაურღვევიათ. "რეკლამის შესახებ კანონში" არაფერია ნათქვამი შიშველ ქალბატონებსა და ყმაწვილებზე, რომელთა გამოხატვა შეიძლება ან არ შეიძლება რეკლამაში. გიორგი სულაკაურის თქმით:

[გიორგი სულაკაურის ხმა]: "კანონში პირდაპირ წერია, რომ რეკლამა არ უნდა შეიცავდეს ანტისახელმწიფოებრივ მოწოდებებს... იქ რაიმე ეთიკურ ნორმებზე საერთოდ არ არის ლაპარაკი... ეს რეკლამა, რომელიც ეთერიდან მოხსნეს, მაჰმადიანურ აზერბაიჯანში ჩვეულებრივად ტრიალებს."

გიორგი სულაკაურმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ ეს, ეგრეთ წოდებული, "ზნეობრივი ცენზურა" ცოტა ხნის წინ რუსეთში ამოქმედდა და საქართველოს ხელისუფლებამ მხოლოდ და მხოლოდ "მიბაძა" თავის ჩრდილოელ მეზობელს. თუ რუსეთში შესაძლებელი გახდა თავისუფალ ბაზარზე ჩარევა და სარეკლამო ბაზრის, ეგრეთ წოდებული, "ეთიკური კონტროლი", რატომ არ უნდა დაწესდეს კონტროლი ქართულ რეკლამაზე, რომელმაც, სხვათა შორის, უამრავი დიზაინერი, რეჟისორი, მუსიკოსი დაასაქმა. გიორგი სულაკაურის თქმით:

[გიორგი სულაკაურის ხმა] "თუ ეთიკის ნორმებზე მელაპარაკებიან, ბავშვებს სკოლაში არ უნდა ასწავლო, ვთქვათ, ხელოვნების ისტორია, არ უნდა აჩვენო ბოტიჩელის ნახატები, ყველაფერი ის, სადაც შიშველი ნატურაა გამოყენებული."

ადამიანებს, რომლებმაც მაღაზია "ბელუქსის" სარეკლამო ფარებს საღებავი გადაასხეს, პატრიოტული შემართება ამოძრავებთ. პატრიოტად მიიჩნევს საკუთარ თავს ის ადამიანიც, ვინც ეროვნულ სარეკლამო ბიზნესშია ჩართული. საზოგადოებამ ახლა უნდა "იმარჩიელოს", ვინ უფროა "სულით ხორცამდე ქართველი" - ის, ვინც აკეთებს, თუ ის, ვინც კრძალავს. თუმცა სანამ ქართული საზოგადოება ამას გაარკვევს, ქართველი ბიზნესმენები გადაწყვეტილებას იღებენ. ჩვენთან საუბარი სარეკლამო სააგენტო "ტვ+"-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი სულაკაურმა ასე დაასრულა:

[გიორგი სულაკაურის ხმა]: "ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის იმიჯზე მოქმედებს... რატომღაც ეს არ აწუხებთ, ან არ უნდათ, ვეღარ ვგებულობ ვერაფერს... ხანდახან ისე მწყდება გული, რომ ვფიქრობ დავტოვო ქვეყანა."
XS
SM
MD
LG