Accessibility links

logo-print

ახალი მოძრაობა ხელისუფლების მხარდასაჭერად


დავით პაიჭაძე, თბილისი გასული კვირის მიწურულს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში ყალიბდება ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა "აბრეშუმის გზა". მოძრაობის სათავეში კი რკინიგზის

დეპარტამენტის ხელმძღვანელი აკაკი ჩხაიძე და თბილისის მერი ვანო ზოდელავა დგანან. მათვე მიათვლიან საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტს გია ჭანტურიასა და ქვემო ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულს ლევან მამალაძეს.

"აბრეშუმის გზას", ვითარცა საზოგადოებრივ მოძრაობას, პერსპექტივა არა აქვს - მას აქვს პერსპექტივები. ჯერ ერთი, ცნება "საზოგადოებრივი მოძრაობა" წმინდა წყლის მისტიფიკაციაა: "აბრეშუმის გზის" სათავეში მდგომი პიროვნებები არ არიან შემჩნეულნი არათუ სამოქალაქო აქტივობაში, არამედ იმის ცოდნაშიც კი, თუ რას ნიშნავს საზოგადოებრივი მოძრაობა. ლევან მამალაძემ ორიოდე წლის წინ დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაციათა გაერთიანება "საქართველოს ერთიანობის ალიანსი", რომელმაც ვერავინ დააჯერა, რომ მართლა არასამთავრობო ორგანიზაცია იყო. გია ჭანტურია მყარად არის დაკავშირებული ბიზნესსა და სახელმწიფოსათვის ლამის ყველაზე მნიშვნელოვან სტრატეგიულ პროექტებთან - ამ კაცის საქმიანობა ორ სექტორს უკვე მოიცავს და მესამეში, საზოგადოებრივში, საქმიანობისათვის დრო არ უნდა რჩებოდეს. თუმცა საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტი საჯარო გამოსვლებისას ყოველთვის უარყოფს პოლიტიკაში თავისი აქტიური ჩაბმის შესაძლებლობასაც. ჭირს ლაპარაკი ვანო ზოდელავას, როგორც საზოგადოებრივი მოძრაობის ადეპტის, შესახებ - ის მოქმედი ხელისუფლების ტიპიური მოხელეა და არასოდეს გამოუვლენია, რომ საზოგადოებრივი საქმიანობის რაიმე გაეგება. ხოლო როგორი, უკაცრავად პასუხია და, "ენჯეოშნიკია" აკაკი ჩხაიძე - იცის ყველამ, ვინც საერთოდ იცის რაიმე აკაკი ჩხაიძეზე: "60 წუთის" გამოძიებამდე, რომლის დროსაც აკაკი ჩხაიძის სახელი უკანონო ფინანსურ ოპერაციებთან და მკვლელობის მუქარასთან დაკავშირებით ამოტივტივდა, საშუალო ქართველი ხედავდა, რომ რკინიგზაზე იგივე მატარებლები დადიან ოდნავ უკეთ, ვიდრე რკინიგზის შეფად ციხიდან ახლახან გამოსული რემი ვაშაკიძის ყოფნის დროს დადიოდნენ (უკეთ, არ დადიოდნენ).

თუ რაიმე აერთიანებს ამ ოთხეულს, ესაა ფინანსური სიძლიერე და პრეზიდენტისადმი ლოიალობა. მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეს რომ დავეხსნათ, მხოლოდ რუსეთი გვთავაზობს არაერთ მაგალითს, როგორ უნდა შექმნა ვითომ საზოგადოებრივი მოძრაობა მოკლე დროში პოლიტიკურ ძალად გადაქცევისათვის. თან მნიშვნელობა არა აქვს, ხელისუფლებას მიემხრობა ის თუ ოპოზიციას. ჩამოთვლილ პიროვნებათა ფული და გავლენა არის დუღაბი, რომელიც მოქალაქეთა კავშირის გატეხილ სახელს აღადგენს. ამას მიანიშნებს ფრაქცია "ალიანსის" თავმჯდომარის ირაკლი გოგავას განცხადებებიც. ძირითადი დონორები საპარლამენტო არჩევნებისათვის ხელისუფლებამ უკვე იპოვა. რა სახელითაც უნდა წარდგეს არჩევნებზე პრეზიდენტის დასაყრდენი ძალა, მასში ჭარბად იქნებიან ხსენებულ დონორთა ინტერესების წარმომდგენი პირები. ალბათ, სწორედ ისინი შეასრულებენ "ახალი სახეების" მეორეხარისხოვან როლებს. მთავარ როლებში კარგად ნაცნობი ძველები რჩებიან.

ამასთან, გრძელდება პრეზიდენტ შევარდნაძის ძველივე თამაში, სახელწოდებით - ბალანსირება, რომელიც მაესტროს მით უფრო უადვილდება, რაც მეტი ადამიანია მასში ჩართული. რაც შეეხება შორეულ პერსპექტივას, ანუ ამ თამაშის დასრულებას - ახლა ძნელი სათქმელია, შევარდნაძის წასვლის შემდეგ პოლიტიკაში რისი მაქნისი იქნებიან "ბიჭები აბრეშუმის გზიდან".
XS
SM
MD
LG