Accessibility links

logo-print

პრეზიდენტების საკურორტო სეზონი სოჭში


საქართველოსთან დაკავშირებული ინფორმაციების თვალსაზრისით, გასული კვირის ბოლოს რუსეთის პრესის ყურადღების ცენტრში ორი საკითხი მოექცა: პრეზიდენტების - ვლადიმირ პუტინისა და ედუარდ შევარდნაძის

- სოჭის შეხვედრა და "მხედრიონის" ლიდერის ჯაბა იოსელიანის გარდაცვალება.

სოჭში პრეზიდენტების რანდევუს 7 მარტის "ნეზავისიმაია გაზეტამ" დსთ-ს სამიტი უწოდა, იმის გათვალისწინებით, რომ, ედუარდ შევარდნაძისა და ვლადიმირ პუტინის გარდა, პრეზიდენტების შეხვედრის ადგილიდან 10 კილომეტრის დაშორებით, სათხილამურო კურორტ კრასნაია პოლიანაზე, თანამეგობრობის კიდევ ერთი ქვეყნის, ბელარუსის, პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკოც იმყოფებოდა.
"ნეზავისიმაია გაზეტას" ცნობით, შევარდნაძესა და პუტინს შორის გამართული მოლაპარაკების საგანს აფხაზეთში შექმნილი სიტუაცია წარმოადგენდა. კერძოდ, მხარეეებს უნდა განეხილათ აფხაზეთის ტერიტორიაზე 1992-93 წლების ომის შედეგად შეწყვეტილი სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა და, პარალელურად, გალის რაიონში ლტოლვილთა დაბრუნების პროცესის დაწყება. გაზეთის ცნობით, ამ პროცესების სინქრონიზების აუცილებლობაზე დსთ-ს იანვრის სამიტზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ილაპარაკა და ედუარდ შევარდნაძის მხრიდან მხარდაჭერა მოიპოვა.

თუმცა, როგორც ირკვევა, რუსეთის წარმომადგენლებმა ბევრად უფრო ადრე დაიწყეს ზრუნვა აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე, ვიდრე სინქრონიზების შესახებ გადაწყვეტილებას ოფიციალური თბილისი მწვანე შუქს აუნთებდა. "ნეზავისიმაია გაზეტა", ქართულ წყაროებზე დაყრდნობით, წერს, რომ რუსეთის ფედერაციის სარკინიგზო ჯარების წარმომადგენლებმა უკვე 1 მარტიდან დაიწყეს იმ ღონისძიებათა შემუშავება, რომლებიც აფხაზეთზე გამავალი 314 კილომეტრი სიგრძის სარკინიგზო ხაზის აღდგენას ისახავს მიზნად.
საერთოდ, რუსი ჟურნალისტები მიუთითებენ, რომ აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა რუსეთისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზე - და არამხოლოდ მათზე - ეკონომიკური გავლენის გასაძლიერებლად.

7 მარტის გაზეთ "ვრემია ნოვოსტეის" შეფასებით: "314 კილომეტრიანი მონაკვეთის აღდგენა რუსეთს დაეხმარება გააფართოოს ურთიერთობები სომხეთთან და ირანთან. რუსი ექსპერტების შეფასებით, აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენა 1, 8 მილიარდი რუბლი, ანუ, დაახლოებით, 60 მილიონი დოლარი ეღირება."

გასულ კვირას, რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო მეთაურების შეხვედრის გარდა, რუსეთის პრესა ასევე ფართოდ გამოეხმაურა "მხედრიონის" ლიდერის ჯაბა იოსელიანის გარდაცვალებას. სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული "კანონიერი ქურდის", პროფესორისა და პოლიტიკური მოღვაწის ტრაგიკულ ცხოვრებას "საბჭოთა იმპერიიდან პოსტსაბჭოთა განგსტერულ რეზერვაციისკენ გადასვლის ერთგვარ კვინტესენციას უწოდებს" 5 მარტის გაზეთ "იზვესტიას" ჟურნალისტი სემიონ ნოვოპრუდსკი და პარალელს ავლებს საბჭოთა ხელისუფლებასთან, რომელსაც იმდენად მოსწონდა კეთილ ყაჩაღებზე შექმნილი ლეგენდა, რომ თავად მიჰყო ხელი მდიდრების ძარცვას და შემდეგ ხალხის მძარცველად იქცა.
სტატიის ავტორის თქმით, პოსტსაბჭოთა პერიოდში დემოკრატიამაც ძარცვით დაიწყო. ამჯერად პატრიოტულად განწყობილ დამნაშავეთა სამყარო პატრიოტების ყველაზე გონიერ ნაწილად იქცა. ჩვენს თვალწინ ერთ-ერთი რუსული საძმო, ურალმაშის ორგანიზებულ დამნაშავეთა სამყარო, პოლიტიკურ პარტიად გადაიქცა - აშენებს ეკლესიებს და ძლიერ ზრუნავს, რომ ახალგაზრდობა ნარკოტიკებს არ მიეტანოს.

"მაგრამ ჯაბა - ეს, რა თქმა უნდა, რობინ გუდია და არა ვულგარული რუსული საძმო. იგი ესთეტია. ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში, ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ რომ გადაიცა, ჯაბამ ასეთი რამ თქვა: საქართველოს ნებისმიერ ოჯახში სუფრაზე ჯერ საქართველოს აყვავების სადღეგრძელო ისმება, შემდეგ კი ჯაბა იოსელიანის ჯანმრთელობისო. ახლა უკვე ვეღარავინ შეამოწმებს, თუ რა არის გამოგონილი და რა - სიმართლე ამ სიტყვებში. მთავრდება "არაერთგვაროვანი" რეპუტაციის მქონე თავისუფლებისთვის მებრძოლ რომანტიკოსთა ისტორია. და გვინდა გვჯეროდეს, რომ მათებური "წესრიგის" შემდეგ კანონიერების ჯერიც მოვა."
XS
SM
MD
LG