Accessibility links

პუტინის და შევარდნაძის შეხვედრას მოყოლილი ახალი იმედები. რა ახალი ეტაპი იწყება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში


"ასეთი მასშტაბებითა და ასეთი ფორმატით პუტინს აფხაზეთის საკითხზე აქამდე არ უმსჯელია" - ასეთი სერიოზული შთაბეჭდილება დატოვა ედუარდ შევარდნაძეზე სოჭში გამართულმა შეხვედრებმა.

ვლადიმირ პუტინთან და მისი თანდასწრებით არძინბას წარმომადგენელ გენადი გაგულიასთან საუბრებმა შევარდნაძე დაარწმუნა მისი და ვლადიმირ პუტინის მიერ ჩაფიქრებული გეგმის სამომავლო რეალიზაციაშიც და იმაშიც, რომ რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობაში ახალი ეტაპი იწყება. მოკლედ, რუსეთის მეშვეობით აფხაზეთის დაბრუნების 10 წლიანი ამაო მცდელობის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება ისევ რუსეთის და მისი პრეზიდენტის იმედად რჩება.

ედუარდ შევარდნაძისა და პუტინის ბოლო შეხვედრების შემდეგ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში ახალი ეტაპის მომასწავებელი ნიშნები ჩნდება. აი, ისინი: შევარდნაძე თანხმდება აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგების იმ გზებზე, რომელთაც რუსეთი და რუსეთის პრეზიდენტი სახავს. სოჭი-სოხუმი-თბილისის სარკინიგზო ხაზის აღდგენის იდეა თბილისისთვის მისაღები ხდება, რადგან აფხაზეთში დევნილთა ეტაპობრივი დაბრუნების პირობად სწორედ ამ სარკინიგზო ხაზის აღდგენა სახელდება.
შევარდნაძის და პუტინის შეთანხმებით, სოჭი-თბილისის სარკინიგზო ხაზის ამოქმედება დევნილთა გალის რაიონში დაბრუნების პარალელურად მოხდება. ამ ორი პროცესის სინქრონიზაციას კი ენგურჰესის რეაბილიტაციის პროგრამის განხორციელების დაწყებაც დაემთხვევა. ასეთია გეგმა. მანამდე, მაქსიმუმ ათი დღის მანძილზე, უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც პუტინის და შევარდნაძის შეთანხმებების სისრულეში მოყვანაზე იმუშავებს.
როგორც ვხედავთ, აქცენტი გალის რაიონზე კეთდება. პუტინისეული სინქრონიზაციის გეგმა დევნილთა დაბრუნებას ჯერჯერობით სწორედ გალის რაიონში გულისხმობს. "დევნილთა დაბრუნების ყოველი კონკრეტული ეტაპი ეკონომიკური და პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტასთან უნდა იყოს დაკავშირებული", - ასეთია დიდი შუამავლის რჩევა და მას საქართველოს მხარე ბოლომდე იზიარებს.
ხდება მნიშვნელოვანი ცვლილება აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობო მისიისადმი მის დამოკიდებულებაშიც. თუ ცოტა ხნის წინ ის ამ სამშვიდობო მისიის მომავალს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა და რუსეთის სამშვიდობო ძალების სხვა ძალებით ჩანაცვლების გზებს ეძებდა, პუტინი და შევარდნაძე თანხმდებიან, რომ, რაკი საკითხი ადგილიდან იძვრის, სამშვიდობო ძალები კონფლიქტის ზონაში დადებით როლს შეასრულებენ. სამშვიდობო ძალების მოქმედების არეალის გაფართოების მოთხოვნასთან დაკავშირებით რუსეთის პოზიცია კვლავ ბუნდოვანი რჩება, მაგრამ ეს მეორეხარისხოვანია. მთავარი ის არის, რომ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ედუარდ შევარდნაძე თავს იიმედებს, რომ აფხაზეთთან დაკავშირებით სოჭში მიღწეული შეთანხმებები რეალიზებადია. მოკლედ, კიევის - შემდეგ კი სოჭის - შეხვედრებმა აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგების საქმეში რუსეთის როლს და შესაძლებლობებს ახალი, "განსაკუთრებული", ხარისხი მიანიჭა. უფრო მეტიც, ამ შეხვედრების შემდეგ შევარდნაძე კავკასიაში რუსეთის ინტერესებზე იწყებს ლაპარაკს და ამბობს, რომ საქართველო მზადაა გაითვალისწინოს დიდი მეზობლის ინტერესები არა მხოლოდ კავკასიაში, შუა აზიაშიც. ეს ყველაფერი აშკარად შეიცავს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში ახალი ეტაპის დაწყების ნიშნებს. რაც შეეხება იმას, იწყება თუ არა ახალი ეტაპი აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგების თვალსაზრისით, სოჭის შეხვედრების შემდეგ სოხუმში კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ არ აპირებენ საქართველოსთან აფხაზეთის სტატუსზე მოლაპარაკების დაწყებას. არადა, სოჭში შეხვედრების შემდეგ ცნობილი ხდება, რომ საქართველო ამუშავებს აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის ახალ ვარიანტს, ფედერაციული საქართველოს ფარგლებში. რა იგულისხმება ახალ ვარიანტში, ბუნდოვანი რჩება. ამასთან დაკავშირებით განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრმა მალხაზ კაკაბაძემ მხოლოდ ის გვითხრა, რომ საუბარია საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის იმაზე გაცილებით დიდ უფლებებზე, რაც მას ავტონომიის პირობებში ჰქონდა.
XS
SM
MD
LG