Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"არტტრენინგი" ლტოლვილთა საბჭოში


"მიტოვებულები", "დავიწყებულები" - ასე შეიძლება დავარქვათ ქართული საზოგადოების იმ ჯგუფებს, რომელთა წარმომადგენლებს თავად ეს საზოგადოება მარგინალებად აღიქვამს.

ისინი ჩივიან, რომ ხელისუფლებას მათთვის არ სცალია. ისინი დახმარებას ითხოვენ. მაგრამ ქვეყანაში, რომლის კონსტიტუცია ხელშეუვალად აღიარებს ადამიანის პატივსა და ღირსებას, ამ ჯგუფების წევრთა უმრავლესობა შეურაცხყოფილად, გაუცხოებულად გრძნობს თავს. გაუცხოების მიზეზი ისიცაა, რომ საზოგადოება ცუდად იცნობს მათ: იძულებით გადაადგილებულებს, ლტოლვილებს, ეროვნული, რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს. მე ვესაუბრე ფსიქოლოგ რუსუდან მირცხულავას, რომელმაც ამას წინათ ლტოლვილთა დიდ ჯგუფებთან ეგრეთ წოდებული "არტტრენინგი" ჩაატარა.

ფსიქოლოგი რუსუდან მირცხულავა დარწმუნებულია, რომ ხელოვნებას, ე.ი. სილამაზეს, შეუძლია განკურნოს ადამიანი სასოწარკვეთისგან, ანუ, მართლაც, "იხსნას სამყარო". როგორც აღმოჩნდა, ხელოვნების მაგიური ძალის სწამთ ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოშიც. შეიძლება იმიტომ, რომ ამ ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ქალბატონი ულა ბაკლუნდი პროფესიით თეატრის რეჟისორია. მისი ინიციატივით ლტოლვილთა საბჭოს განათლების პროექტში, რომელსაც მანანა გაბაშვილი ხელმძღვანელობს, ჩართეს "არტტრენინგი", ე.ი. ხელოვნების საშუალებით ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა "თერაპია"... ეს სიტყვა "თერაპია" არ გულისხმობს "მკურნალობას". რუსუდან მირცხულავა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ ადამიანებს "სამკურნალო" არაფერი აქვთ... "სამკურნალო", შესაძლებელია, უფრო ჩვენი საზოგადოებაა, რომელიც ამ ხალხს ჯერ კიდევ "უცხოდ" აღიქვამს. ამ შემთხვევაში "არტთერაპიის" მიზანია თავად ლტოლვილებმა არ იგრძნონ თავი მარგინალებად, არ დაკარგონ ღირსება მაშინაც კი, როცა ამისთვის ქვეყანაში ყველა პირობაა შექმნილი. საინტერესოა, რომ ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს ამ პროექტში მონაწილეობას იღებდნენ როგორც იძულებით გადაადგილებული ქართველები, ასევე აფხაზები, ქისტები, ჩეჩნები. და მაინც, კონკრეტულად რას გულისმობს "არტთერაპია"? ამ კითხვაზე რუსუდან მირცხულავამ ასე გვიპასუხა: [რუსუდან მირცხულავას ხმა] "არტტრენინგი არის თამაში, თამაშის სხვადასხვა ფორმა, დაწყებული ხატვიდან, დამთავრებული ფსიქოდრამით, ნიღბების დამზადება, ზღაპრების გათამაშება, ცეკვები, ტაშობანასაც კი ვთამაშობდით... ასეთი არტტრენინგები მე ჩამიტარებია სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან და არასოდეს მე ასეთ უშუალო და გულწრფელ ადამიანებთან არ მქონია საქმე."

საზოგადოებაში გავრცელებულ აზრს, რომელსაც ზოგიერთი ფსიქოლოგიც ადასტურებს, თითქოს საკუთარ კერას მოწყვეტილი ადამიანები აგრესიულობით გამოირჩევიან, რუსუდან მირცხულავა კატეგორიულად უარყოფს. თუმცა აღიარებს, რომ ამ ცრურწმენის ტყვე თავადაც იყო, როცა ლტოლვილებთან "ტრენინგებს" შეუდგა. "ხელოვნებით ვარჯიში" თურმე ასე დაწყებულა:

[რუსუდან მირცხულავას ხმა] "მე ვეუბნებოდი: სანამ დავიწყებთ მუშაობას, მოვიფიქროთ პირობითი ადგილი, რომელსაც შეიძლება დავარქვათ "ნაგავსაყრელი"... სანამ დავიწყებთ ვარჯიშს, მიბრძანდით ამ კუთხეში და რიტუალურად მოიცილეთ ეს უარყოფითი განცდები... ჩვენ იქ ვიბერტყავდით აგრესიას... მე დავრწმუნდი, რომ აგრესია ამ ადამიანებში აბსოლუტურად არ დომინირებს, ეს ადამიანები მზად არიან კონტაქტისთვის."

ამის შემდეგ დაიწყო "კონტაქტი", ანუ თამაში, რომელიც ურთიერთობაში ბარიერების გადალახვას მოითხოვს. "თამაში" არ ნიშნავს პრობლემისგან გაქცევას. პირიქით, აუცილებელია ადამიანმა მაქსიმალურად გაიაზროს ის, რაც აწუხებს. რუსუდან მირცხულავა ამბობს, რომ ამ ადამიანების დამოკიდებულება საკუთარი პრობლემებისადმი განსაკუთრებით საინტერესოდ წარმოჩნდა მათ ნახატებში:

[რუსუდან მირცხულავას ხმა] "ორი ბორდი იყო გამოკრული... ჯერ იხატებოდა სასოწარკვეთა... მეტაფორულად, რა თქმა უნდა, რომელშიც ყველა იძულებით გადაადგილებული პირი იმყოფება, აცნობიერებს ამას თუ არა... მეორე დაფაზე იხატებოდა იმედი და იწყებოდა ამის "ინტერპრეტირება"... ისინი არა მარტო კარგად ასახავენ იმას, თუ რას განიცდიან, არამედ ზოგიერთმა ისიც კი აღნიშნა, თუ რა ყოფილა მათი უბედურების მიზეზი..."

თუ ხელოვნების ენა უნივერსალურია, "არტთერაპიის" მიზანი ამ ენის დაუფლება უნდა იყოს... და როცა ოდესღაც დაპირისპირებული ადამიანები, განსხვავებული კულტურები ამ ენას მიაგნებენ, დაუყოვნებლივ თავს იჩენს ეგრეთ წოდებული "კათარზისული რეაქცია", გამოხატული ტირილის ან სიცილის სახით. რუსუდან მირცხულავა ადამიანის განვითარების ამ ფაზას "გასხივოსნებას" უწოდებს:





[რუსუდან მირცხულავას ხმა] "იმედთან დაკავშირებით, ვთქვათ, იხატებოდა ჯვარი... არც ერთ მუსულმანში ჯვარი არ იწვევდა პროტესტს, პირიქით, ადეკვატურად აღიქვამდნენ... ძალიან ხშირად გამოიყენებოდა მზის სიმბოლო, რომელიც უნივერსალური სიმბოლოა და იმედს გამოხატავს, ცისარტყელა. არსებობს სიმბოლოთა ის ენა, რომელიც ყველასთვის არის გასაგები... არტტრენინგის ბოლოს იკვრება წრე, მაგიური წრე, ფერხული... სრულდება ცეკვა, ადამიანები არიან გადახვეულები... დამიჯერეთ, რომ ამ დროს იგრძნობა სიყვარულის ტალღები, რომელიც გადადის ერთმანეთში..."

მიიღებს თუ არა ქართული საზოგადოება "სიყვარულის ტალღებით" გაერთიანებულ ადამიანებს? ამის თქმა ძნელია - "არტთერაპიას" "ჰეპი-ენდი" ყოველთვის არ აგვირგვინებს. სამწუხაროდ, ხელოვნებას არც სოციალური, ეკონომიკური პრობლემების გადაჭრა შეუძლია. ფსიქოლოგ რუსუდან მირცხულავას თქმით:

[რუსუდან მირცხულავას ხმა] "იყო სოციალური პრობლემები, ეკონომიკური პრობლემები, ყველანაირი სახის პრობლემები, იყო ტერიტორიის დაკარგვასთან დაკავშირებული პრობლემები... მიუხედავად ამისა, მე ვერ ვიგრძენი, რომ ეს ადამიანები სირთულეებს გრძნობდნენ კონტაქტიდან გამომდინარე.... ასეთ დროს, როცა ადამიანს ყველაზე მეტად უჭირს, იგი მზადაა ურთიერთობისთვის. მე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მათ ყურადღება სჭირდებათ."
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG