Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაურკვეველია, დაუჭერს თუ არა გაეროს უშიშროების საბჭო მხარს ერაყის თაობაზე ახალ რეზოლუციას


შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა მოგვიანო თარიღისთვის გადაიტანეს გაეროს უშიშროების საბჭოში მათ მიერ წარმოდგენილი ახალი რეზოლუციის თაობაზე კენჭისყრა.

ამ კენჭისყრაზე უნდა გადაწყდეს, შეიძლება თუ არა ერაყის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დაწყება. ჯერჯერობით არ არის იმის ნიშნები, რომ რეზოლუციასთან დაკავშირებით კომპრომისის მიღწევა მოხერხდება საბჭოს წევრთა შორის. საფრანგეთი და რუსეთი კენჭისყრაზე ვეტოს უფლების გამოყენებით იმუქრებიან.

თავდაპირველად ამერიკას და ბრიტანეთს გადაწყვეტილი ჰქონდათ, 11 მარტისთვის ეთხოვათ კენჭისყრის გამართვა, მაგრამ კენჭისყრა მიმდინარე კვირის ბოლოსთვის გადაიდო. თავად რეზოლუცია გულისხმობს, რომ თუკი ერაყი 17 მარტამდე არ შეასრულებს გაეროს მოთხოვნებს და არ განიარაღდება, მის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყება იქნება შესაძლებელი.

რეზოლუციის მისაღებად საჭიროა სულ ცოტა 9 დადებითი ხმა. მისი ბედი ამჟამად დამოკიდებულია უშიშროების საბჭოს ექვს დროებით წევრზე. მათი უმრავლესობა გაეროს ინსპექციების გაგრძელების მომხრეა.

ჯერჯერობით მხოლოდ ბულგარეთმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს რეზოლუციას. მის მისაღებად აუცილებელია კიდევ ხუთი ხმა და, ცხადია, ვეტო არ უნდა იქნეს გამოყენებული საბჭოს მუდმივი წევრების მიერ. მაგრამ ორშაბათს საფრანგეთმა და რუსეთმა განაცხადეს, რომ საჭიროების შემთხვევაში ვეტოს უფლებას გამოიყენებენ.

უშიშროების საბჭოს მეხუთე მუდმივი წევრი, ჩინეთი, როგორც ჩანს თავს შეიკავებს კენჭიყრისგან. გერმანია და სირია, რომლებიც საბჭოს დროებითი წევრები არიან, რეზოლუციას მხარს არ დაუჭერენ.

ის ქვეყნები, რომლებიც ჯერ კიდევ ორჭოფობენ, წინააღმდეგი არიან იმისა, რომ რეზოლუცია ვადას უწესებს ერაყს. როგორც ჩვენი ნიუ იორკელი კორესპონდენტი, რობერტ მაკმეჰონი გვატყობინებს, ჯერჯერობით არ არის ნათელი ანგოლის, გვინეის, კამერუნის, მექსიკისა და ჩილეს პოზიცია.

ამასობაში შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ მოახერხებს რეზოლუციის გატანას საბჭოში, თუკი ვეტო არ იქნება გამოყენებული. თანაც ამერიკელები არ მალავენ, რომ კენჭისყრაში რეზოლუციის ჩავარდნის შემთხვევაშიც დაიწყებენ ომს.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა არი ფლაიშერმა ორშაბათს ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები საერთაშორისო კოალიციას ჩაუდგება სათავეში. ამერიკელები ცდილობენ, საჭიროების შემთხვევაში ეს კოალიცია წარმოადგინონ გაეროს ალტერნატივად.

[ფლაიშერის ხმა] "თუკი გაერო არ იმოქმედებს, ეს იმას ნიშნავს, რომ გაერო არ იქნება ის ორგანო, რომელიც განაიარაღებს სადამ ჰუსეინს. სხვა საერთაშორისო ორგანო განაიარაღებს სადამ ჰუსეინს. ასე რომ, ეს მაინც საერთაშორისო აქცია ინება. უბრალოდ, უმოქმედობით გაერო თავს განზე დააყენებს. უფრო სწორად, გაეროს უშიშროების საბჭო დააყენებს თავს განზე."

შეგახსენებთ, რომ დღეისთვის სპარსეთის ყურეში ამერიკისა და ბრიტანეთის 250 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე არის თავმოყრილი.

ორშაბათს გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა თქვა, რომ უშიშროების საბჭოს რეზოლუციის გარეშე ერაყის წინააღმდეგ ომის დაწყება გაეროს ქარტიის დარღვევა იქნება. დაბოლოს, ორშაბათსვე გაეროს ინსპექტორთა ხელმძღვანელმა ჰანს ბლიქსმა თქვა, რომ ინსპექტორებმა ჯერ იმის დამადასტურებელი ვერავითი საბუთი ვერ ნახეს, რომ ერაყს მასობრივი განადგურებს იარაღი მოეპოვება.
XS
SM
MD
LG