Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი კავკასიაში კონფლიქტების მოგვარებაში უფრო აქტიურად ჩართვას აპირებს


ყოველკვირეულ პროგრამაში "ახალი ევროპა" საქართველოში არსებული კონფლიქტებით ევროკავშირის დაინტერესებაზე გესაუბრებით. მანამდე კი ერთი სიახლის შესახებ:

11 მარტს ევროკომისიამ განიხილა დოკუმენტი, რომელიც გაფართოების შემდეგ ევროკავშირის "ახალ მეზობლებთან ურთიერთობის პოლიტიკას" შეეხება. დოკუმენტის პროექტის თანახმად, აზერბაიჯანი, საქართველო და სომხეთი ამ პოლიტიკის მიღმა დარჩნენ, მარტივი მიზეზის გამო: ევროკავშირის გაფართოების 2004 წლის ტალღა გეოგრაფიულად არ გულისხმობს ევროკავშირისა და სამხრეთი კავკასიის ქვეყნების დამეზობლებას.
თუმცა, მეორეს მხრივ, ეს არ ნიშნავს, რომ სამხრეთი კავკასიის პრიორიტეტულობა ევროკავშირისთვის კნინდება. პირიქით: ევროკავშირი სულ უფრო მეტ პოლიტიკურ ინტერესს იჩენს ამ რეგიონის მიმართ და ამის დასტურად საქართველოში ევროპარლამენტის დელეგაციის ბოლო ვიზიტიც გამოდგება, რომლის მიზანიც აფხაზეთის პრობლემაში უკეთ გარკვევა იყო.


საქართველოს ელჩმა ევროკავშირში კონსტანტინე ზალდასტანიშვილმა განმიმარტა, რომ საქართველოს ევროკავშირის "ახალ მეზობლებთან ურთიერთობის პოლიტიკის" სფეროს გარეთ დარჩენა წმინდა გეოგრაფიული საკითხია და არ ნიშნავს მის მიმართ ევროკავშირის პრიორიტეტების შესუსტებას:

[ზალდასტანიშვილი]00:03
"ამ ეტაპზე ევროკავშირის მეზობლებად ევროკავშირი განიხილავს იმ ქვეყნებს, რომელთანაც გაფართოების პირველი ტალღის შემდეგ საერთო საზღვარი ექნება. ვინაიდან არც ბულგარეთი, არც რუმინეთი, არც თურქეთი გაფრთოების ამ ტალღაში არ მოყვა, საქართველოსთან საერთო საზღვარი ამ ეტაპზე ევროკავშირს არა აქვს.+ თუმცა, რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს სამხრეთი კავკასიის რეგიონის მიმართ ევროკავშირის ინტერესის განელებას."

იმის დასტურად, რომ ევროკავშირის ინტერესი რეგიონის მიმართ არათუ ნელდება, იზრდება კიდეც, ელჩმა მოიშველია ევროკავშირის ინიციატივა სამხრეთი კავკასიის რეგიონში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ. კონსტანტინე ზალდასტანიშვილის ინფორმაციით, ამ საკითხის განხილვა უკვე ბოლო ეტაპზეა და ჩვენს რეგიონში სპეციალური წარმომადგენლის მანდატს შეეხება.

[ზალდასტანიშვილის ხმა]2:37
"ამ ეტაპზე ევროკავშირის წევრი ქვეყნები მხარს უჭერენ ასეთი წარმომადგენლის დანიშვნას. ეს საკითხი საკმაოდ დიდი ხანია იხილება ევროკავშირის სხვადსხვა სტრუქტურებში, მიმდინარეობს დღესდღეობით დებატები წარმომადგენლის მანდატთან დაკავშირებით."

მიუხედავად იმისა, რომ, სავარაუდოდ, კონფლიქტების მოგვარებაში მონაწილეობა არ იქნება მანდატის ერთადერთი შემადგენელი ნაწილი, თავად ინიციატივის არსებობა უკვე მიანიშნებს, რომ ევროკავშირი უფრო აქტიურად აპირებს ჩართვას რეგიონში არსებული კონფლიქტების პოლიტიკური მოგვარების პროცესში, მიანიშნებს იმაზეც, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს აღარ აკმაყოფილებთ მონაწილეობის ის ხარისხი, რომელსაც ევროორგანიზაციის, ან გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის წევრობა გულისხმობს. საქართველოს ელჩი ბრუსელში ასეთ კომენტარს აკეთებს:

[ზალდასტანიშვილის ხმა]6:09
"ევროკავშირმა ნახა თუ რას ნიშნავდა ბალკანეთში კონფლიქტი, თვითონ ევროკავშირისთვის და თვლის, რომ უნდა დროულად მოხდეს კონფლიქტში მათი ჩარევა, რომ შემდგომ არ მივიღოთ სამხრეთ კავკასიაში იმდაგვარი რამ, რაც გვქონდა ბალკანეთში. კიდევ ერთხელ ვამბობ, სამხრეთი კავკასია არის ევროკავშირისთვის ძალიან საინტერესო რეგიონი, თუნდაც, ენერგომატარებლების ტრანზიტის თვალსაზრისით".

ევროპარლამენტის ოთხი დეპუტატის 24-28 თებერვლის საქართველოში ვიზიტიც ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ. დელეგაციის მიზანი, რომელსაც ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენელი ურსულა შლაიხერი ხელმძღვანელობდა, კონკრეტულად აფხაზეთის საკითხის უკეთ შესწავლა გახლდათ. ეს იყო ერთგვარი საპასუხო აქცია ქართველ პარლამენტართა თხოვნაზე, რომლებმაც ევროპელ კოლეგებს ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის ბოლო სხდომაზე სთხოვეს, რომ აფხაზეთის საკითხისთვის ცალკე მისია მიეძღვნათ. რიგგარეშე დელეგაციის ჩამოყალიბება-გაგზავნას ევროპარლამენტის ყველა ფრაქციის თანხმობა სჭირდება. ის ფაქტი, რომ ევროპარლამენტმა შექმნა რიგგარეშე სპეციალური მისია აფხაზეთის საკითხზე, მის პრიორიტეტულობაზე მიანიშნებს. ვიზიტის შემდეგ გავრცელებულ ევროპარლამენტის განცხადებაში სხვა საკითხებთან ერთად აღნიშნულია: "დელეგაცია განსაკუთრებით შეძრა იმ ფაქტმა, რომ კონფლიქტიდან ათი წლის შემდეგ კონფლიქტის ზონაში თითქმის არაფერი აღდგენილა". ურსულა შლაიხერმა აგრეთვე აღნიშნა, რომ სოხუმში შეხვედრებმა მას დაანახა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება არ არის ერთიანი აფხაზეთის პოლიტიკური მომავლის განხილვისას, რადგან ერთნი მას რუსეთთან მიერთებაში, მეორენი კი სრულ დამოუკიდებლობაში ხედავენ. 4 მარტს ბრიუსელში გამართულ პრეს-კონფერენციაზე შლაიხერმა განაცხადა, რომ ოფიციალური პოზიციის მიუხედავად, აფხაზეთის დამოუკიდებლობის არცნობის შესახებ, რუსეთი დიდ დახმარებას უწევს აფხაზეთს და ამით არაპირდაპირ მხარს უჭერს მას.

11 მარტს უნდა დაწყებულიყო ევროკავშირის ე.წ. "სამეულის" ვიზიტი სამხრეთი კავკასიის ქვეყნებში. ეს ვიზიტი ერაყზე საერთაშორისო კრიზისის გამო გადაიდო.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG