Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიუჯეტის შესრულების უიმედო ოპტიმისტებსაც აღარ სჯერათ


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი დღეს, წლის დასაწყისიდან ორი თვისა და ერთი კვირის გასვლის შემდეგ, ცხადი ხდება, რომ 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი კვარტალის გეგმას შესრულება არ უწერია.

გარღვევა, რომელიც უკვე დაფიქსირდა ქვეყნის მთავარ ეკონომიკურ კანონში, სუსტი საგადასახადო ადმინისტრირების პირობებში, ფაქტობრივად, დაუძლეველია.

გაითვალისწინა რა სადღესასწაულო უქმეების შემდგომი გაჭიანურებული "სამეურნეო ნაბახუსევი", ფინანსთა სამინისტრო წლის დასაწყისში სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ყოველთვიური ანგარიშიდან ყოველკვარტალურზე გადასვლის ინიციატივით გამოვიდა. მთავრობის ამ ხრიკმა, სამწუხაროდ, ბევრი არაფერი შეცვალა და საბიუჯეტო კანონის პერმანენტული დარღვევის ტრადიციაც შენარჩუნებულ იქნა.

გასული ორი თვის განმავლობაში ბიუჯეტის ანგარიშებზე მიღებულმა სახსრების საერთო მოცულობამ 120 მლნ. ლარი შეადგინა, საიდანაც ცენტრალური ბიუჯეტის წილად 82 მლნ. მოდის. საინტერესოა, რომ ეს კვარტალური გეგმის სულ რაღაც 44 %-ია. სულ პირველი სამი თვის გეგმა 252,5 მლნ. ლარს შეადგენს. ოპერატიული მონაცემებით, საგადასახადო კუთხით, ბიუჯეტმა 59 მლნ. ლარი მიითვალა, რაც გეგმის საპროგნოზო მაჩვენებლის 30 პროცენტია. არასაგადასახადო კუთხით კი, მთავრობამ შეძლო მობილიზება 2,19 მილიონისა, რაც გეგმის 8 პროცენტს შეადგენს. საქმე უკეთესად არც გრანტებთან დაკავშირებითაა, საიდანაც ბიუჯეტი მილიონნახევრით შეივსო, რაც დაგეგმილის 19 პროცენტია.

მთავრობამ პირველი კვარტალის გეგმა რომ გადაარჩინოს, დარჩენილ 3 კვირაში იმ რაოდენობაზე 12 პროცენტით მეტი თანხების მობილიზება უნდა შეძლოს, რაც გასულ ორ თვეში მოახერხა.

ამ დროისათვის კვარტალური გეგმა, დაახლოებით, 50 პროცენტით არის შესრულებული და უკვე უიმედო ოპტიმისტებსაც აღარ ეპარებათ ეჭვი, რომ ხელისუფლება ეკონომიკურ სასწაულს ვერ მოახდენს და გეგმა უკვე წლის დასაწყისში სერიოზულად ჩავარდება.

ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის მონაცემებით, არათუ გეგმის შესრულება ვერ ხერხდება, წლევანდელ "ამბიციურ ბიუჯეტში" შარშანდელთან შედარებით ნაკლები თანხებია შემოსული. 2002 წლის პირველ ორ თვეში ბიუჯეტში 100 ათასი ლარით მეტი თანხა იყო შესული.

ამ პირობებში, მთავრობის მხრიდან ჩვეული ციფრებით მანიპულირებისა და სხვადასხვა ეკონომიკური ხვრელების მიუხედავად, არავის რჩება ილუზია, რომ უკვე წლის დასაწყისში ბიუჯეტს კორექტირება არ დასჭირდება.

ცოტა ხნის წინ თბილისში ვიზიტად მყოფი სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი ორი თვის შესრულების მაჩვენებლის შესწავლის შემდეგ შენიშნავდა, რომ "2003 წლის ბიუჯეტში არის პრობლემები, დაახლოებით, 113 მლნ. ლარის ოდენობით". ანუ ფონდმა, წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით, ის თანხა ივარაუდა, რაც რეალურად დააკლდება კიდეც ბიუჯეტს და რომლის კორექტირების გარეშე ამ ორგანიზაციის დირექტორთა საბჭომ, ძნელი წარმოსადგენია, ჩვენთვის პოზიტიური გადაწყვეტილება მიიღოს.
XS
SM
MD
LG