Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ დამთავრდება ჩეჩენ მეომართა ექსტრადიციის გაჭიანურებული პროცესი


3 ჩეჩენი მეომრის რუსეთში ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე მიმდინარე სასამართლო პროცესის თვეების მანძილზე გაჭიანურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ექსტრადიციის პოლიტიკური საფუძველია.

გასული წლის 4 ნოემბერს სწორედ ამ მოტივით გადაეცა რუსეთს დაჩქარებული ტემპით 7 ჩეჩენი მეომარი, ხოლო დარჩენილ 5 დაკავებულს, თუ შეიძლება ასე ითქვას, ბედმა გაუღიმა. ეს იმიტომ, რომ ადამიანის უფლებადამცველებმა ჩეჩნების ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება მოასწრეს.

მოსკოვის მხრიდან ჩეჩენი მეომრების ექსტრადიციის პროცესის მიმართ ისეთი გაცხოველებული ინტერესი აღარ შეიმჩნევა, როგორიც გასული წლის ბოლოს, რუსეთ-საქართველოს პოლიტიკური დაპირისპირების პიკში, იყო. რუსეთს საქართველოში განსახლებული ჩეჩენი ლტოლვილები, მათი კრიმინალური წარსული ან სამომავლო ბედი ნაკლებად აღელვებს და მათ ფაქტორს საჭიროების შემთხვევაში მხოლოდ თბილისზე პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმად იყენებს. ეს იქიდან ჩანს, რომ მოსკოვს ქართული მხარისათვის ჯერაც არ მიუმართავს საქართველოში განსახლებულ 5000-მდე ჩეჩენი ლტოლვილისთვის რეფერენდუმის ორგანიზების თხოვნით.

არადა, მოსკოვი რუსეთის ტერიტორიაზე განსახლებულ დევნილებში კენჭისყრის პროცესის მოწყობას დიდ ყურადღებას უთმობს და უცხოელ დამკვირვებლებსაც კი ეპატიჟება რეფერენდუმის მონიტორინგის განსახორციელებლად. იმასაც შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ პანკისის ხეობაში განსახლებული ჩეჩენი ლტოლვილები რუსეთის შეიარაღებული ძალების სამიზნეს წარმოადგენდნენ და ესეც მხოლოდ თბილისზე ზეწოლის მიზნით ხდებოდა.

ისევ ექსტრადიციის საკითხს დავუბრუნდები და მისი პოლიტიკურობის ილუსტრირებისთვის ჩეჩენი მეომრების დამცველთა მიერ აღმოჩენილ ფაქტს მოვიშველიებ: რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საქართველოში დარჩენილი ჩეჩენი მეომრების ექსტრადირების მტკიცებულებებს ქართული მხარე ადგენდა. კერძოდ, მოსკოვიდან გამოგზავნილ დოკუმენტებს ჩეჩენ მეომართა ის ფოტოსურათები ახლავს თან, რომლებიც მათი თბილისის ციხეში ყოფნის დროსაა გადაღებული. ის კი ყველასთვის ცნობილია, რომ ექსტრადიციის პირველ ტალღას გადარჩენილ 5 ჩეჩენ მეომართაგან მხოლოდ 3 აღმოჩნდა რუსეთის მოქალაქე. რომ არა ადამიანის უფლებადამცველთა ჩარევა, საქართველოს 2 მოქალაქე, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევით, რუსეთის საპყრობილეში ამოყოფდა თავს.

დარჩენილი 3 ჩეჩენი მეომრის მორიგი სასამართლო პროცესი 10 მარტს გაიხსნა. აქამდე პროცესის მსვლელობამ აჩვენა, რომ, დაცვის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებთან შედარებით, პროკურატურის არგუმენტები აშკარად მოიკოჭლებს. შესაბამისად, ბუნებრივიც იყო რეაქცია პროკურორებისა, რომლებმაც, პროტესტის ნიშნად, სასამართლოს სხდომა დატოვეს და მოსამართლე არაობიექტურობაში დაადანაშაულეს.

სასამართლოს სხდომა 11 მარტს გაგრძელდა და დაცვის მხარის დასკვნითი მოხსენება მოისმინა. განსასჯელ ჩეჩენთაგან ერთ-ერთის ადვოკატმა მაკა ძამუკაშვილმა თავის მოხსენებაში ყურადღება, ძირითადად, ექსტრადიციის განხორციელების უსაფუძვლობაზე გაამახვილა.

[ძამუკაშვილის ხმა] „პრაქტიკულად რუსეთის ფედერაციიდან, გენერალური პროკურატურიდან, როგორც ამას მოითხოვს კონვენცია, სხვა საერთაშორისო დოკუმენტები, არ მოსულა მოთხოვნა კონკრეტულად გელოგაევის, ელიხაჯიევისა და ალხანოვის ექსტრადიციის შესახებ. არ მოსულა შუამდგომლობა, მოთხოვნა, გადმოგვეცით ეს ადამიანებიო. გაუგებარია, რა დააკმაყოფილა, საერთოდ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ."

სასამართლომ გენერალური პროკურატურის არგუმენტებიც მოისმინა. მისი ერთ-ერთი წარმომადგენლის, ლევან დარბაიძის, თქმით, რუსეთიდან შემოსული მასალებით უტყუარადაა დადგენილი 3 ჩეჩნის მიერ რუსეთის ფედერაციაში ჩადენილი დანაშაული. სასამართლო კი სულ სხვა საკითხს - პროკურატურის მიერ ექსტრადიციის გადაწყვეტილების კანონიერებას - იხილავდა და არა იმას, ჩაიდინა თუ არა დანაშაული 3 ჩეჩენმა მეომარმა. მხარეების საბოლოო სიტყვის მოსმენის შემდეგ პროცესი შეწყდა. მოსამართლის გადაწყვეტილება კი 13 მარტს გამოცხადდება.
XS
SM
MD
LG