Accessibility links

ვის მიანდობენ "თბილგაზის" მართვას


"თბილგაზის" მომავალი მმართველის სადავო საკითხი კვლავაც ბურუსით არის მოცული. მუნიციპალური საწარმოს 10-წლიანი მართვის უფლებით აღებას ორი კომპანია - საქტრანსგაზმრეწვი და

ამხანაგობა "ახალი მენეჯმენტი" - ცდილობს. მართალია, განსაკუთრებულ ეჭვებს სწორედ ამ უკანასკნელი სახელის უკან მდგომ ჯგუფს უკავშირებენ, მაგრამ ეჭვები "თბილგაზის" საქმეში ამჟამად თითქმის არავის და არაფერს აკლია.

"თბილგაზის" მომავალი მმართველის ვინაობა-რაობასთან დაკავშირებულ კომენტარებსა და პროგნოზებს დედაქალაქის მაღალჩინოსნები თავს ოსტატურად არიდებენ. ჯერჯერობით უკომენტაროდ რჩება კანდიდატთა ფინანსური პაკეტების გახსნის გუშინდელი ფაქტიც. ამბობენ, რომ საბოლოო გამარჯვებული 2 კვირაში უნდა გამომჟღავნდეს, თუმცა საკრებულოს სათბობ-ენერგეტიკის საგანგებო დროებითი კომისიის თავმჯდომარე და, ამავე დროს, ფრაქცია "ერთობის" თავმჯდომარე ზურაბ მინდელი მიიჩნევს, რომ საბოლოო დასკვნის გამოსატანად 2 კვირა საკმარისი არ იქნება.

"თბილგაზის" მართვის მსურველი 2 კომპანიიდან საქტრანსგაზმრეწვის სახელი კარგად არის ცნობილი და მისი ინტერესებიც საკმაოდ გაშიფრულია, რასაც ვერ ვიტყვით ამხანაგობა "ახალ მენეჯმენტზე", რომლის წევრთა ვინაობა, წარმომავლობა და სანდოობა უკვე საკმაოდ მწვავე განსჯის საგანი ხდება. ასევე მწვავედ ირჩევა ხსენებულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დეტალი. "აღორძინების" თბილისის ორგანიზაციის პოლიტიკური მდივანი ჯონდი ბაღათურია ქალაქის მერს - ვანო ზოდელავასა და საკრებულოს თავმჯდომარეს - მიხეილ სააკაშვილს ერთობ მძიმე ბრალდებასაც უყენებს:

(ჯონდი ბაღათურიას ხმა) "თბილგაზის" მართვის უფლებით გადაცემა, ასეთი ბრიყვული სახელშეკრულებო პირობებით, გამოწვეულია ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის პირადი ფინანსური ინტერესებით.
(ლელა კუნჭულიას ხმა) ეს საკმაოდ სერიოზული ბრალდებაა…
(ჯონდი ბაღათურიას ხმა) მე მესმის, რომ სერიოზული ბრალდებაა და მე ვიცი, რასაც ვამბობ. ამის უკან დგას: პირველი - თავად მართვის პროცესში მოიხსნას დიდი თანხები და მეორეც - იქნეს გარკვეული საბიუჯეტო თანხები გამოთავისუფლებული იმისათვის, რომ, ე.წ. ატკატებისა და ქეშის სახით, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ქალაქის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ მოახერხონ თანხების აკუმულირება".

ის ფაქტი, რომ ტენდერში მონაწილე კომპანიებს თავად ნაციონალებიც არ სწყალობენ და მათ ხელში "თბილგაზის" ჩავარდნას არ ისურვებდნენ, ბაღათურია ხალხისთვის თვალებში ნაცრის შეყრას უწოდებს. მისი აზრით, ნაციონალებს საკრებულოში არასასურველი კანდიდატის დაბლოკვის სერიოზული ბერკეტები აქვთ და, თუკი არ იყენებენ, ესე იგი - არ ეწინააღმდეგებიან.

კანდიდატთა მიერ შემოთავაზებული წინადადებების კარგად შესწავლამდე ნაციონალური მოძრაობა მკვეთრ მოძრაობებსა და ქმედებებს, როგორც ჩანს, მაინც ერიდება. ყოველ შემთხვევაში, ასე იქცევა მისი წევრი და საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ოქრუაშვილი. იგი ჯერჯერობით კომენტარისგან თავს იკავებს და დუმილს ამჯობინებს. ვნახოთ, ვის ან რის თანხმობას ნიშნავს ეს დუმილი.
XS
SM
MD
LG