Accessibility links

logo-print

ერაყის ბედი შეიძლება აფრიკის სამი ქვეყნის ხელში აღმოჩნდეს


ანგოლა, კამერუნი და გვინეა მსოფლიოს უღარიბესი და ყველაზე დაბალგანვითარებული ქვეყნების რიგს მიეკუთვნებიან. ამის მიუხედავად, მათ პოზიციას დღეს საერთაშორისო ასპარეზზე

გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. აფრიკის ეს სამი ქვეყანა გაეროს უშიშროების საბჭოს წევრია და მათი ხმების გადაბირებით დაინტერესებული არიან როგორც ერაყში ინსპექციის პროცესის გაგრძელების, ასევე ბაღდადის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების მომხრეები. რა ფაქტორებმა შეიძლება მოახდინოს გავლენა ანგოლის, გვინეისა და კამერუნის საბოლოო გადაწყვეტილებაზე, თუკი უშიშროების საბჭოზე ერაყის შესახებ ახალი რეზოლუციას უყრიან კენჭს.

ანგოლა, გვინეა და კამერუნი გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივ წევრთა იმ ექვსეულს მიეკუთვნება, რომელსაც ჯერ არ გაუცხადებია - რა გადაწყვეტილებას მიიღებს შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის მიერ ინიცირებულ რეზოლუციაზე კენჭისყრისას, რომელიც ერაყზე სამხედრო შეტევას მისცემდა გზას.

აფრიკის ეს სამი ქვეყანა დღეს საკმაოდ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა იმ მხრივ, რომ თითოეული მათგანი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საერთაშორისო დახმარებაზე. ყველაზე მძიმე ვითარებაში მათ შორის ანგოლა იმყოფება, სადაც ჰუმანიტარული კრიზისი პიკს აღწევს. გვინეაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლიობა 47 წელია.

კამერუნიცა და გვინეაც, ორივე ფრანკოფონული ქვეყანა გახლავთ, საერთაშორისო დამხარების დიდ ნაწილს საფრანგეთიდან იღებენ, თუმცა, გასულ წელს გვინეის ყველაზე დიდი საერთაშორისო დონორი შეერთებული შტატები იყო. რაც შეეხება ანგოლისთვის დახმარებას, შეერთებული შტატები აქაც უსწრებს საფრანგეთს. ერთი სიტყვით, კამერუნის, ანგოლისა და გვინეის მდგომარეობას ართულებს ის, რომ ერაყზე გადაწყვეტილების მიღებამდე მათ არჩევანი უნდა გააკეთონ სწორედ იმ ორ ცენტრს შორის, რომლებსაც მათი უმსხვილესი დონორები მეთაურობენ. უნდა ითქვას, რომ არც ერთი მხარე არ აკლებს მცდელობას თავისკენ გადაიბიროს აფრიკის ეს ქვეყნები. ამ საკითხზე აფრიკის ექსპერტი შეერთებულ შტატებში არსებული საგარეო ურთიერთობათა ცენტრიდან - ჯო სიგლი შემდეგ კომენტარს აკეთებს:

[სიგლის ხმა]
"ყველა ამ ქვეყანას ძალიან სჭირდება საერთაშორისო დახმარება და ფინანსური მხარდაჭერა, თანაც ისინი ძალიან სტრატეგიულ პოზიციაში იმყოფებიან. ვფიქრობ, ისინი შეეცდებიან მიმდინარე დიალოგის შედეგად ბევრად უკეთესი დახმარების პაკეტი მოინადირონ, ვიდრე დღეს აქვთ".

აღსანიშნავია ერთი ფაქტორიც: ანგოლაც, გვინეაცა და კამერუნიც "ფრიდომ ჰაუზის" მიერ "არათავისუფალ" ქვეყნებად არის შერაცხული, რაც ნიშნავს, რომ უშიშროების ამ სამი წევრი ქვეყნის გადაწყვეტილება ნაკლებად იქნება ბალანსირებული მათი მოსახლეობის პოზიციით.

პრესის უდიდესი ინტერესის მიუხედავად გაეროში გვინეის, ანგოლისა და კამერუნის ელჩები ახერხებენ თავი აარიდონ პირდაპირ პასუხს შეკითხვაზე, რომელიც ერაყზე ახალი რეზოლუციის კენჭისყრისას მათ პოზიციას შეეხება.

ანგოლის ელჩი გაეროში ისმაელ გასპარ მარტინსი უშიშროების საბჭოს აფრიკელი წევრების მისიას ასე განმარტავს:

[მარტინსის ხმა]
"ჩვენ არ ვქმნით გაერთიანებულ აფრიკულ ფრონტს, არამედ ვცდილობთ მივაღწიოთ კონსენსუსს ექვს ქვეყანას შორის იმისათვის, რომ ამით ხელი შევუწყოთ კონსენსუსის მიღწევას მთლიანად უშიშროების საბჭოში, რომელიც მარტო ექვსი წევრისგან არ შედგება".

ერთი კვირის წინ სააგენტო "როიტერმა" გაავრცელა ცნობა, რომ კამერუნის საგარეო საქმეთა მინისტრის ინკოგნიტო თანაშემწის განცხადებით, "კამერუნი ვერ დაუჭერს მხარს შეერთებული შტატების ამბიციებს იბატონოს მთელ მსოფლიოზე". კამერუნის მთავრობის იმავე ინკოგნიტო წარმომადგენლის თანახმად, ძალიან სამწუხარო იქნება, თუკი გაეროს სისტემის ნგრევის პროცესს მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფო შეუდგება".

ასე რომ, უშიშროების საბჭოზე მორიგ კენჭისყრამდე დაუზუსტებელია ვის მხარეს დადგომას არჩევენ აფრიკის ღარიბი, მაგრამ დღევანდელ დღეს ძალიან სტრატეგიულ პოზიციაზე მყოფი ანგოლა, გვინეა და კამერუნი.
XS
SM
MD
LG