Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთოს ახალი თავმჯდომარე ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურებას მოითხოვს


ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას,

ანუ ეუთოს, რომელშიც 55 სახელმწიფო არის გაწევრიანებული (მათ შორის 1992 წლიდან საქართველოც), გასული თვიდან ახალი მორიგე თავმჯდომარე იყავს: ეს გახლავთ ნიდერლანდის საგარეო საქმეთა მინისტრი იააპ დე ჰოოპ სხეპერი. ეუთოს თავმჯდომარედ დანიშვნიდან სულ მალე, თებერვლის ბოლოს მან ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოაცხადა, რომ ორგანიზაციის ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანად მიიჩნევს ტრეფიკინგის პრობლემის მოგვარებს.

ტრეფიკინგის მსხვერპლი უმეტეს შემთხვევაში, როგორც ცნობილია, ქალები და გოგონები არიან - ამიტომ ეუთოსა და მისი ახალი თავმჯდომარის გეგმებზე ყოველკვირეულ პროგრამაში "ქალი და მსოფლიო" გიამბობთ.

ექპერტების შეფასებით, აღმოსავლეთ ევროპაში, ბალკანეთსა და შუა აზიაში წლიურად 200 000 ადამიანი მაინც ვარდება ტრეფიკერების ხელში: ეს ნიშნავს, რომ ათასობით ადამიანი ტყუვდება, როცა მაღალშემოსავლიანი სამსახურის შოვნის იმედით უცხოეთში ჩადის. სინამდვილში ისინი სრულიად უმწეო მდგომარეობაში ვარდებიან, იძულებული არიან პასპორტის გარეშე, უფლებააყრილებმა, მოკლედ, მონურ პირობებში იმუშაონ.
[სხეპერის ხმა] "ადამიანების ტრეფიკინგი არის მონებით ვაჭრობა თანამედროვე ეპოქაში: ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და კომპლექსური საკითხი ეუთოს რეგიონში. ის საზღვრებს არ ცნობს და ეუთოს თითქმის ყველა სახელმწიფოს ეხება".

ეს სიტყვები ეუთოს წევრი 55 სახელმწიფოს წარმომამდგენელი პარლამენტარების თანდასწრებით წარმოთქვა ორგანიზაციის ახალმა თავმჯდომარემ იაპ დე ჰოპ სხეპერმა. მისი განმარტებით, ეუთოს წევრი ზოგიერთი ქვეყანა (ეკონომიკურად მძიმე მდგომარეობაში მყოფი სახელმწიფოები) ტრეფიკინგს უკავშირდება, რამდენადაც მუშა ხელი, თანამედროვე "მონები", რომელთა უმრავლესობას ქალები და ბავშვები შეადგენენ, იქიდან მიჰყავთ - მიჰყავთ ეუთოს წევრი ქვეყნების მეორე, ეკონომიკურად ძლიერ ჯგუფში. [სხეპერის ხმა] "ტრეფიკინგი მოიცავს ისეთ ფართოდ გავრცელებულ ფენომენს, როგორიც არის ქალებისა და ბავშვების ტრეფიკინგი მათ პროსტიტუციასა და სქესობრივი ექსპლუატაციის სხვა ფორმებში გამოსაყენებლად. მაგრამ ის მოიცავს იძულებითი შრომისა და მომსახურეობის სხვა ფორმებსაც, როგორიც არის ... შინამოსამსახურეებად მუშაობას, სოფლის მეურნეობაში მუშაობას, იძულებით ან ფიქტიურ ქორწინებებს".

ეუთოს თამჯდომარემ თავის საკმაოდ მწვავე გამოსვლაში ტრეფიკინგს უწოდა "დემოკრატიულ საზოგადოებას მოცხობილი ლაქა", რომლის ჩამოსარეცხად აუცილებელია პრობლემასთან სამართლებლივი კუთხით მიდგომა: ახალი კანონების მიღება, ან უკვე არსებული კანონების გამკაცრება ეუთოს წევრ სახელმწიფოებში. როგორც ჩვენმა ვენელმა კორესპონდენტმა, როლანდ ეგლსტოუნმა შეიტყო, ეუთოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს დაურიგდა ინფორმაცია იმ მარშრუტების შესახებ, რომელსაც იყენებენ ევროპაში არალეგალური იმიგრანტებისა თუ ტრეფიკინგის მსხვრეპლთა გადასაადგილებლად. საპარლამენტო ასამბლეის მონაწილეებს გააცნეს ასევე ტრეფიკინგთან საბრძოლველად საჭირო კანონების ზოგიერთი ნიმუში, ასე რომ, ეუთოს ახალი თავმჯდომარის აზრით,ახლა ჯერი ეუთოს წევრ სახელმწიფოებზეა: მან ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მონაწილეებს მოუწოდა, ყოველმა მათგანმა სამშობლოში ისარგებლოს თავისი გავლენით, რათა მათ ქვეყნებში ადეკვატური კანონებით თუ ზომებით დაუპირისპირდნენ ტრეფიკინგს.

იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობა ამ მხრივ საქართველოში, ტელეფონით დავუკავშირდით ორგანიზაცია "ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელშემწყობი საზოგადოების" თავმჯდომარეს, ნანა ნაზაროვას და მას ვკითხეთ, არსებობს თუ არა საქართველოში კანონი ტრეფიკინგის შესახებ: [ნანა ნაზაროვას ხმა] "ამჟამად შეტანილია შესწორება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში. მომზადებულია კანონ-პროექტი, რომელშიც ტრეფიკინგი დანაშაულად ცხადდება. კანონი არ არსებობს. ეს არის შესწორებები სისხლის სამართლის კოდექსში".

შემდეგი შეკითხვა, რომლითაც ნანა ნაზაროვას მივმართეთ, გაეროს დოკუმენტს ეხებოდა: საქართველომ 2000 წლის დეკემბერში მოაწერა ხელი კოფუციასთან ბრძოლის შესახებ გაეროს კონვენციის დამატებით ოქმს, რომელიც ეხება ადამიანებით ვაჭრობის, განსაკუთრებით ქალებითა და ბავშვებით ვაჭრობის წინააღმდეგ მიმართულ ზომებს. მაგრამ ეს ოქმი საქართველოში დღემდე, ორი წლის შემდეგაც არ არის რატიფიცირებული. ზოგიერთი ექსპერტის შეფასებით, ასეთი დაყოვნების მიზეზია იმათი მოქმედება, ვინც არ არის დაინტერესებული ადამიანის ტრეფიკინგის შეწყვეტით: ლაპარაკია ტურისტული სააგენტოების, დამსაქმებელი და მოდელთა სააგენტოების მფლობელებზე, რომელთაც თავიანთი ლობი ჰყავთ საქართველოს პარლამენტში. მაგრამ ნანა ნაზაროვა სხვა პრობლემას უფრო საყურადღებოდ მიიჩნევს: [ნანა ნაზაროვას ხმა]
"იმდენად არა პარლამენტში, რამდენადაც, ალბათ, ძალოვან სტრუქტურებში, დავუშვათ, პოლიციაში. იმიტომ, რომ ტრეფიკინგი პირველ რიგში არის კორუფციის პრობლემა და ბუნებრივია, ჩინოვნიკებს არ უნდათ, მიღებულ იქნეს ასეთი კანონი. გარდა ამისა, გამოცდილებამ მასწავლა: კანონის მიღების შემდეგ ჩვენში შეიძლება კიდევ 100 წელი გავიდეს, სანამ კანონი ამოქმედდება. იმიტომ, რომ ჩინოვნიკები ხელს უშლიან მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც უზრუნველყოფდა კანონის რელიზებას. ასე რომ, კანონი შეიძლება იყოს მიღებული, შეიძლება საბოტაჟი, ლობირება არ მოხდეს - მაგრამ მათარია ამ კანონის განხორციელება, ამოქმედება".

ნანა ნაზაროვამ ერთი საყურადღებო ფრაზა წარმოთქვა - ტრეფიკინგი პირველ რიგში არის კორუფციის პრობლემა. რატომ?
[ნანა ნაზაროვას ხმა] "ტრეფიკინგი ყოველთვის უკავშირდება ადამიანების საზღვარგარეთ გაყვანას, ადამიანების შანტაჟსა და იმას, რომ მოგებას იღებს მესამე პირი, რომელიც ამას დაუსჯელად აკეთებს. ანუ ტრეფიკინგის ყველა რგოლში, აუცილებელია გყავდეს სოლიდური "კრიშა". ანუ, ჯერ ერთი: საზღვარგარეთ წასასვლელ დოკუმენტებს არ გაგიფორმებენ, თუ არა გაქვს კავშირი სახელმწიფო ჩინოვნიკებთან, რომლებიც ქრთამს აიღებენ - ხომ სწორია? მეორე: ტრეფიკინგის მსხვერპლს უწევენ შანტაჟს: ვინ აკეთებს ამას? ადამიანი, რომელსაც თანამდებობა აქვს, ან რომელმაც ხელთ იგდო მსხვერპლის დოკუმენტები, ან რომელსაც სხვა ადამიანზე ზეგავლენის შესაძლებლობები აქვს. და მესამე: ის იღებს შემოსავალს და არაფრის ეშინია. რატომ? იმიტომ, რომ მას აქვს "კრიშა". ტრეფიკინგი უკავშირდება კორუფციას არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც..."

ის, რომ ტრეფიკინგი და მასთან დაკავშირებული კორუფცია მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის, ცხადია საქართველოს ხელისუფლებას არ ათავისუფლებს მისი მოგვარების პასუხისმგებლობისაგან. თუ რა ზომების მიღებას გეგმავს მთავრობა ტრეფიკინგთან დაკავშირებით - ამის შესახებ ჩვენი ყოველკვირეული პროგრამის ერთ-ერთ შემდეგ გადაცემაში ვისაუბრებთ.
XS
SM
MD
LG