Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ მოკლეს ზორან ჯინჯიჩი?


12 მარტს ბელგრადში მოკლეს სერბიის პრემიერ-მინისტრი ზორან ჯინჯიჩი. ბელგრადის რადიოსადგურ "ბე-92"-ის თანახმად, ჯინჯიჩს მთავრობის სახლის ავტოსადგომში ესროლეს.

მას რამდენიმე ტყვია მოხვდა მუცელსა და ზურგში. ამავე ცნობის თანახმად, ჯინჯიჩს, რომელიც საავადმყოფოში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა, შაშხანა ესროლეს.

ზორან ჯინჯიჩზე ეს პირველი თავდასხმა არ ყოფილა. სულ ახლახან მისთვის ავტროკატასტროფის მოწყობაც სცადეს. თუმცა, ჯინჯიჩი არ არის ერთადერთი პოლიტიკური ფიგურა, ვისაც სერბიაში თავს ესხმოდნენ. ეს მეთოდი პოპულარული რჩება იუგოსლავიის მემკვიდრე ამ ქვეყნისთვის. აი, რას ამბობდა ამ ერთი წლის წინათ თავად ჯინჯიჩი ოფიციალურ პირებზე თავდასხმის შესახებ:

"იმ დასკვნამდე მივედი, რომ ეს თავდამხმები ერთს ადასტურებს: მთავრობა ბოლოს და ბოლოს ამოქმედდა, რადგან არსებობს გარკვეული ჯგუფები, რომლებიც მუქარას გრძნობენ. ჩვენი მიზანია სერბიაში ასეთი ჯგუფების მოსპობა, რათა მათ აღარ ჰქონდეთ მონოპოლია საფინანსო სფეროზე, საიდანაც ისინი ქვეყნის უსაფრთხოებას ემუქრებიან."

ამ განწყობილების მქონე 50 წლის პოლიტიკოსს სერბიაში მტრები რომ ეყოლებოდა, ცხადია. ჯინჯიჩს რეფორმატორის რეპუტაცია ჰქონდა. როცა სტუდენტები სლობოდან მილოშევიჩის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, მათ გვერდით იდგა. ჯინჯიჩის არაპრინციპულობისთვის ხაზის გასმის მომხრენი აცხადებენ, რომ როცა სტუდენტები ვერაფერს გახდნენ, ჯინჯიჩი კვლავ შეეცადა მილოშევიჩს დაახლოებოდა.

ანტინაციონალისტურად განწყობილი ამ პოლიტიკოსის მიმართ გამოთქმული კიდევ ერთი საყვედური ეხება ბოსნიელი სერბი ნაციონალისტების ლიდერთან, რადოვან კარაჯიჩთან სტუმრობას მას მერე, რაც კარაჯიჩი მილოშევიჩმა მოიძულა.

აქვე გაგაცნობთ კიდევ ერთ ვერსიას, თუ რატომ შეიძლებოდა მოეკლათ ჯინჯიჩი. ჩერნოგორიის ყოფილ პრეზიდენტთან და ამჟამინჟდელ პრემიერთან მილო ჯუკანოვიჩთან ერთად მას სიგარეტის არალეგალურ ბიზნესში მონაწილეობას აბრალებდნენ. ამ საქმის ინიციატორებმა დიდი რაოდენობის სიგარეტი ჩაიტანეს სერბიაში და გაუფორმებლად, ანუ გადასახადის გადაუხდელად გაასაღეს.

ზორან ჯინჯიჩის მკვლელობით დაინტერესებული უნდა ყოფილიყვნენ ნაციონალისტური ძალებიც, ვოისლავ შეშელის მეთაურობით. ნაციონალისტებმა ვერაფრით აპატიეს ჯინჯიჩს ბოსნიის მიმართ რბილი პოლიტიკა და წინადადება სერბიის ფედერალური მოწყობის შესახებ: ჯინჯიჩი მიიჩნევდა, რომ სერბია უნდა დაშლილიყო და ჩერნოგორიასთან გაერთიანების მსგავსად უნდა წარმოქმნილიყო ჩერნოგორიის, კოსოვოს, ვოევოდინისა და სანჯაკის (ბოსნიასა და ჩერნოგორიას შორის მდებარე ამ რეგიონის) კავშირი.

შარშან აგვისტოში, პრაღაში სტუმრობისას, ზორან ჯინჯიჩმა ჩვენს რადიოს განუცხადა, რომ სერბები დილემის წინაშე არიან, ვერ გადაუწყვეტიათ, რა გზას დაადგნენ: ღია საზოგადოებისკენ თუ ტრადიციული, ჩაკეტილი საზოგადოებისკენ მიმავალ გზასო. და მაინც, გვითხრა მაშინ ჯინჯიჩმა, სერბები ახლოს არიან ეროვნული თვითშეგნების მოძებნასთანო.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG