Accessibility links

შეერთებული შტატები თურქეთისგან მისი სამხედრო ბაზებისა და საჰაერო სივრცის გამოყენების უფლებას ელოდება


ერაყთან ომის გეგმის სრულად განხორცილებისთვის პენტაგონს სჭირდება თურქეთის ოფიციალური თანხმობა, გამოიყენოს მისი სამხედრო ბაზები და საჰაერო სივრცე.

ვაშინგტონი ამ უფლებას (ყოველ შემთხვევაში ისეთს, რომელიც მის არმიას საშუალებას მისცემს, თამამად შეუტიოს ერაყს ჩრდილოეთიდან), ჯერჯერობით ვერ ეღირსა. ვითარება იმანაც გაართულა, რომ თურქეთის ხელისუფლებაში ცვლილება მოხდა: შეიცვალა პრემიერი, იქმნება ახალი მთავრობა. აშშ-ში თურქეთის ელჩის ვარაუდით, ამ თემაზე გადაწყვეტილების მიღება მალე ვერ მოხდება.

ვაშინგტონისა და ანკარის ურთიერთობა კიდევ უფრო გაართულა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშისა და თურქეთის წამყვანი პოლიტიკოსის, ახალი პრემიერის რეჯეპ ერდოანის სატელეფონო საუბარმა. "ეს არ იყო განსაკუთრებით კარგი საუბარი, - განაცხადა ბუშის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა. - თურქები ვერ გამოდგნენ ისეთი დამთმობი, როგორიც ჩვენ გვეგონაო." ბუშის თხოვნას, დაეჩქარებინა პარლამენტში საკითხის გატანა, ერდოანმა დადებითად არ უპასუხა.

რაშია ამერიკელების პრობლემა, რატომ სჭირდებათ მათ თურქეთი? მთავარი ის არის, რომ პენტაგონს ერაყზე საჰაერო თავდასხმისთვის აღმოსავლეთ თურქეთში მდებარე აეროდრომების გამოყენება და საჰაერო სივრცეში გადაადგილების უფლების მიღება სურს. ამ განაცხადს პარლამენტმა უკვე უყარა კენჭი, მაგრამ, ფაქტობრივად, ვერ გადაწყვიტა, რადგან ვერ მოგროვდა მომხრეთა აბსოლუტური უმრავლესობა. თურქეთის კონსტიტუცია კი ამგვარ გადაწყვეტილებას ითვლისწინებს, როცა უცხო ქვეყანა მისი ტერორტორიდან სამხედრო აქციებს გეგმავს.

მასობრივი ინფორმაციის საშუალებები არ მალავენ, რომ თურქეთში ჩავიდა უხვი რაოდენობის სამხედრო აღჭურვილობა, რომელიც ამერიკის არმიამ ერაყის წინააღმდეგ უნდა გამოიყენოს. ეს ორი ფაქტი თითქოს ერთმანეთს ეწინააღმდეგება: თურქეთში ამერიკა ბაზებს აღჭურავს და თან პარლამენტის გადაწყვეტილებას ელის. ამ წინააღმდეგობამ პარლამენტში სკანდალი გამოიწვია. თურქეთის პარლამენტის ოპოზიციური ძალები არ გამორიცხავენ, რომ ხელისუფლება ამერიკის მთავრობას საიდუმლოდ გაურიგდა, რის საფუძველზეც პენტაგონი თურქეთში თავის ტექნიკას განალაგებს.

ყველა შემთხვევაში, პარლამენტის გადაწყვეტილება საჭიროა, რათა თვითმფრინავებმა ერაყის მიმართულებით იმოძრაონ. თუ თურქეთი თავის უარზე დარჩა ამერიკელებს სხვა საშუალებაც აქვთ: ერაყზე იერიშის მიტანა მათ იორდანია-ისრაელის საჰაერო სივრცის გავლითაც შეუძლიათ. მაგრამ, როგორც სამხედრო-საზღვაო ფლოტის მაღალი რანგის წარმომადგენელმა თქვა, ეს კიდევ უფრო გააუარესებდა არაბული სამყაროს განწყობას ისრაელის მიმართ. ერაყთან ამ მომავალ ომში შეერთებული შტატები ისრაელს რომ გაუფრთხილდებოდა, მოსალოდნელი, იყო, მაგრამ თურქეთიც ხომ მისი ერთგული მოკავშირე იყო ყოველთვის?

პენტაგონს კიდევ ერთი საშუალება აქვს თურქეთიდან ერაყზე თავდასხმისა: მას შეუძლია ინჯირლიქის აეროპორტის ინფრასტრუქტურის გამოყენება. იქიდან ერაყის საჰაერო სივრცის იმ არეალების გაკონტროლება ხდება, სადაც ერაყს ფრენა ეკრძალება და სადაც ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების თვითმფრინავები ერაყის სარადარო დანადგარებს ბომბავენ ხოლმე. იძლევა თუ არა ამ სანქციის ჩარჩოები ერაყზე ნებისმიერი ხასიათის თავდასხმის უფლებას, უნდა გაირკვეს.

ვაშინგტონსა და ანკარას შორის ურთიერთობათა გაუარესების კიდევ ერთი მიზეზია ქურთული ფაქტორი. ერაყის ჩრდილოეთში, ქურთისტანში, შეერთებული შტატების მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილი, რადგან სპარსეთის წინა ომის იმედგაცრუება არ დავიწყებიათ. ამავე დროს, იქ მცხოვრებ ქურთებს იმედი აქვთ, რომ სადამ ჰუსეინის დამხობა მათ დამოუკიდებლობის შანსს მისცემს. არადა, თურქეთი ამგვარ განვითარებას უფრთხის და ერაყის ქურთისტანში ჯარების შეყვანის სურვილი აქვს. ვაშინგტონს ორივე სჭირდება და მათ შორის მანევრირება უწევს, ისინი კი ერთმანეთის დაუძინებელი მტრები არიან.

11 მარტს ქურთისტანის მხრიდან, საზღვართან, მძიმე საბრძოლო ტექნიკა და ასობით ჯარისკაცი განთავსდა. თურქეთმა თავისი სასაზღვრო ზონა გააძლიერა. ორივე მხარე პროფილაქტიკურ ღონისძიებაზე ლაპარაკობს, რადგან ორივეს კარგად ესმის, რომ ამ ჯარების შეტაკება, სამკვდრო- სასიცოცხლო ბრძროლაში შეიძლება გადაიზარდოს.
XS
SM
MD
LG