Accessibility links

logo-print

ვინ ახდენს პარლამენტის დისკრედიტაციას


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 12 მარტს ტრადიციონალისტთა კავშირის საპარლამენტო ფრაქციამ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისთვის ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. პარლამენტში მუშაობა პარალიზებულია

- მეორე დღეა, პარლამენტი მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ვერ იღებს. პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე პარლამენტის დისკრედიტაციის მცდელობაზე საუბრობს, თუმცა არ აკონკრეტებს, თუ ვინ ცდილობს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს რეპუტაციის შელახვას, ვის სურს პარლამენტის დისკრედიტაცია.

მეორე დღეა პარლამენტის მუშაობა პარალიზებულია - საპარლამენტო ოპოზიცია რეგისტრაციაში არ მონაწილეობს, თემატური უმრავლესობა კი კვორუმისთვის აუცილებელ ხმებს ვერ აგროვებს. შედეგად, პარლამენტი მუშაობას ვერ იწყებს.
ამ კვირის პირველსავე სამუშაო დღეს ნათელი გახდა, რომ პარლამენტში დაწყებული კრიზისი კიდევ უფრო ღრმავდება. რეალურად, პარლამენტმა სამშაბათს დღის განრიგის დამტკიცებაც ვერ შეძლო. არადა, წინასწარი განცხადებებით, ამ კვირას პარლამენტს არაერთი მნიშვნელოვანი პრობლემა უნდა განეხილა, იქნება ეს ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტი, ელექტროენერგიის გადასახადზე დამატებითი ღირებულების გადასახადის მოხსნა თუ მინიმალური ხელფასის გაზრდის შესახებ ერთხელ მიღებული გადაწყვეტილების რევიზიის საკითხი. სწორედ ამ უკანასკნელი საკითხის ხელახალი განხილვის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად არ მონაწილეობს საპარლამენტო ოპოზიცია რეგისტრაციაში, რაც სხდომის გახსნისთვის აუცილებელი კვორუმის პრობლემას ქმნის. ანუ პარლამეტი ვერ, უფრო სწორად კი, არ მუშაობს.
ამ დღეებში პარლამენტართა მხრიდან არაერთი ისეთი განცხადება გაკეთდა, რომლებიც, მთლიანობაში, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს არსებობის აუცილებლობას დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. მაგალითად, ოპოზიციის ერთი ჯგუფისთვის გაუგებარია აღმასრულებელი ხელისუფლების მტკივნეული რეაქცია მინიმალური ხელფასის გაზრდასთან დაკავშირებით, რადგან, თუ აქამდე პარლამენტის მიერ მიღებული კანონები არ სრულდებოდა, ქვეყანა არ დაიქცევა, თუ არც მინიმალური ხელფასის გაზრდასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება შესრულდება. ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები უფრო შორს მიდიან და პარლამენტის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილებისა და კანონის რევიზიის აუცილებლობის საკითხს აყენებენ. ფრაქცია "აღორძინების" ერთ-ერთი ლიდერის, სანდრო ბრეგაძის, განცხადებით:
[ სანდრო ბრეგაძის ხმა] "ჩვენ ვიცით, რომ ამ პარლამენტში არც ერთი გადაწყვეტილება არ მიღებულა კანონიერად. ანუ ყველა გადაწყვეტილება წარსულშიც და ახლაც მიღებულია სხვისი პულტების გამოყენებით. მაშინ, თუ საკითხი ასე დადგება, ჩვენ ვსვამთ საკითხს, რომ
გაუქმდეს ყველა გადაწყვეტილება, რაც ანალოგიური მეთოდებითაა მიღებული."
ის, რაც დღეს პარლამენტში ხდება, ამომრჩეველთან კეკლუცობის სურვილით თუ აიხსნება, მაგრამ, მთლიანობაში, გამორიცხული არ არის, ყველაფერი ისევ და ისევ პარლამენტში წარმოდგენილი პარტიების საწინააღმდეგოდ ამოქმედდეს, რადგან, თუ უცებ პარლამენტის მოღვაწეობის შედეგი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, ავტომატურად ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება ამ მოწვევის პარლამენტის პროფესიონალიზმი.
XS
SM
MD
LG