Accessibility links

logo-print

ეწევა თუ არა 115 ლარიანი ხელფასების ბედი ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტს


საქართველოს პარლამენტში 115 ლარიან მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებმა ცხადყო, რომ საქართველოს პარლამენტში სერიოზული კანონპროექტის განხილვა ან დამტკიცება თითქმის შეუძლებელია.

ასეთ ვითარებაში მრეწველთა პარტიამ საკანონმდებლო ორგანოს სესიაზე ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტის გატანა გადაწყვიტა. ამ ინიციატივის წინააღმდეგნი არიან თავად კოდექსის პროექტის ავტორები, რადგან სესიაზე, სათანადო ხმების მოუგროვებლობის საშიშროების გარდა, კანონპროექტი სხვა წინააღმდეგობებსაც წააწყდება.

საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ 10 მარტს თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში განაცხადა:

[შევარდნაძის ხმა] „საბიუჯეტო გადასახადების სისტემა საკმაოდ გამარტივდა. 12 სახის გადასახადიდან, თუ არ ვცდები, 4 ვტოვებთ. პარლამენტმა ამაზე უკვე იმსჯელა. ესეც გარკვეული შეღავათია ჩვენი მოსახლეობისთვის და გადამხდელებისთვის."

რომელ გადასახადებზე და რომელ ცვლილებებზე ლაპარაკობს შევარდნაძე, ძნელი სათქმელია, რადგან საქართველოში მეწარმე ამჟამად 4 გადასახადზე მეტს იხდის. სავარაუდოა, რომ პრეზიდენტს მხედველობაში ჰქონდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების ინსტიტუტის მიერ მომზადებული საგადასახადო კოდექსის პროექტი, რომელიც, მართლაც, ითვალისწინებს გადასახადების რაოდენობის 4-მდე შემცირებას. ერთი წლის წინ ამ პროექტმა შევარდნაძის დიდი მოწონება დაიმსახურა.

პრეზიდენტის რადიოგანცხადება სიგნალად მიიჩნია მრეწველთა პარტიამ, რომელიც, სოროსის ფონდთან ერთად, ერთ-ერთი სპონსორი იყო საგადასახადო კოდექსის შემუშავებისა. შესაბამისად, პარლამენტში მრეწველთა ფრაქციის ლიდერმა ზურაბ ტყემალაძემ კოდექსის კენჭისყრაზე გატანა გადაწყვიტა.

[ზურაბ ტყემალაძის ხმა] „ყველა საღად მოაზროვნე დეპუტატი დაუჭერს ამას მხარს. თუ არა, ყოველ შემთხვევაში, დააფიქსირებენ თავის პოზიციას, ვინ შეუწყობს ეკონომიკურ განვითარებას ხელს და ვინ არა. ვნახოთ. პირიქით, მე იმედი მაქვს, რომ ერთსულოვნება იქნება ამ მხრივ და წინააღმდეგობა არავისგან არ გვექნება."

საქართველოს პარლამენტს კოდექსის განხილვა 12 მარტისთვის ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ კვორუმის უქონლობის გამო სხდომა ჩაიშალა. პარადოქსია, რომ კანონპროექტის თანამომხსენებელი უნდა ყოფილიყო ფინანსთა მინისტრი მირიან გოგიაშვილი, რომელსაც მიუღებლად მიაჩნია ეკონომიკური განვითარების ინსტიტუტის მიერ შემუშავებული კანონპროექტი. იგი ფიქრობს, რომ ბიუჯეტის შესასრულებლად მოქმედ კოდექსში ცვლილების შეტანა სრულებით საკმარისია.

და კიდევ ერთი: საქართველოს ეკონომიკური განვითარების ინსტიტუტის მიერ მომზადებული პროექტი სულ სხვა კონცეფციას ეყრდნობა, ვიდრე ამჟამად მოქმედი საბიუჯეტო სისტემა. ეს ყველაფერი კი საკმარისი იყო იმისათვის, რომ პროექტის ხელმძღვანელს ნიკო ორველაშვილს კოდექსის საკანონმდებლო ორგანოში განსახილველად წარდგენა ამ ეტაპზე გაუმართლებლად ჩაეთვალა.

[ორველაშვილის ხმა] „მრეწველები დარჩებიან დაჩაგრულის და გალახულის როლში, ხელში შერჩებათ ჩაგდებული პროექტი და დაიწყება ახალი პოლიტიკური თამაში: აი, ამ ცუდმა ხელისუფლებამ პროექტი ჩაგვიგდოო."

ამასთან ერთად, კოდექსის ავტორები საავტორო უფლებების დარღვევაზე საუბრობენ. მრეწველთა მიერ ამ ფაქტორების გაუთვალისწინებლობა კი მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ მათ ახალი საგადასახადო კოდექსის პარლამენტში გატანა 115 ლარიანი ხელფასის მსგავსი კამპანიის წამოსაწყებად ესაჭიროებათ.
XS
SM
MD
LG