Accessibility links

საერთაშორისო სავალუტო ფონდის უარყოფითი შეფასებების გამო ედუარდ შევარდნაძე მთავრობის წევრებს უბრაზდება


12 მარტის მთავრობის სხდომა მოსალოდნელზე დაძაბული აღმოჩნდა. ამ დღეს ედუარდ შევარდნაძე კოლეგა მინისტრებს თანამდებობებიდან მოხსნით დაემუქრა, საკუთარ რწმუნებულებს კი ჯანდაბისკენ დაულოცა გზა.

მინისტრების მიმართ მუქარა საერთაშორისო სავალუტო ფონდის
რეკომენდაციების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით წარმოდგენილ ინფორმაციას მოჰყვა, რაც შეეხება რწმუნებულებს, მათ პრეზიდენტის რისხვა ელექტროენერგიის ერთგვარი ულტიმატუმის სახით მოთხოვნის გამო დაიმსახურეს. რატომ უბრაზდება პრეზიდენტი თავის ქვეშევრდომებს და რატომ ან რამდენად იბუტებიან ეს უკანასკნელნი მათ მიმართ გამოთქმული შენიშვნების გამო?

12 მარტს მთავრობის წევრების მიმართ შენიშვნები მარტო პრეზიდენტს არ გამოუთქვამს. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების დღევანდელი არცთუ სახარბიელო მაჩვენებლებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო მინისტრების გაკიცხვით თავი სახელმწიფო მინისტრმაც გამოიდო. "ქვეყანას ისეთი უმაღლესი ხელისუფლება უნდა ჰყავდეს, რომელიც შიშით არ დაელოდება პოპულისტთა განცხადებების შემოტევას და ექნება უნარი პრობლემების მართვისა,"- თქვა მან და დასძინა, რომ, თუ რეფორმები სწრაფი ტემპით არ გატარდება, მთავრობის ამ შემადგენლობით მუშაობა შეუძლებელი იქნება. არც პრეზიდენტს და არც სახელმწიფო მინისტრს პირველად არ უღიარებიათ ის, რომ საქართველოს, სწორედაც რომ, ისეთი მთავრობა ჰყავს, რომელსაც პოპულისტთა განცხადებების ეშინია და კონკრეტული პრობლემების გადაჭრა არ შეუძლია. არც მინისტრების მიმართ 12 მარტს გამოთქმული მუქარა უნდა მივიჩნიოთ ედუარდ შევარდნაძის ყველაზე მკაცრ მუქარად. ის მინისტრებს ადრეც დამუქრებია, რომ უუნაროს ან უღირსის გათავისუფლებას უყოყმანოდ გადაწყვეტდა, მთავრობის წევრებისთვის უსისხლოებიც უწოდებია, სხვათა შორის, ასეთი ფაქტის გამო:

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] "პრეზიდენტს თქვენ ტყუილი ათქმევინეთ, მაგრამ მარტო ამაში არ არის საქმე: სახელმწიფო ამბობს ტყუილს, სახელმწიფო ატყუებს თავის ხალხს."

მსგავსი შენიშვნების, საყვედურების და მუქარების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. წარსული იმის დასადასტურებლად გავიხსენეთ, რომ შენიშვნებსა და მუქარებს ვერც მინისტრები შეუშინებია და ვერც ქვეყანაში არსებული მდგომარეობა შეუმსუბუქებია. საერთაშორისო სავალუტო ფონდი უწინდებურად უარყოფითად აფასებს იმას, რომ საქართველოში კვლავ პრობლემად რჩება შიდა ვალის დაფარვა, რომ ისევ არ გამოქვეყნებულა სამი უმსხვილესი საწარმოს -"მადნეულის", "ფოთის პორტისა" და "საქართველოს რკინიგზის" - საერთაშორისო აუდიტის შედეგები, რომ ჯერ კიდევ 34 პროცენტს შეადგენს ელექტროენერგიის საფასურის ამოღების მაჩვენებელი და ასე შემდეგ. მთავრობის სხდომაზე სავალუტო ფონდის შენიშვნების შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ გიორგი ისაკაძემ წარმოადგინა, რის შემდეგაც პრეზიდენტმა მინისტრებს ასე მიმართა:

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] "ეხება ყველას, ვინც სკამებისკენ იყურება - ხან ერთ სკამზე უნდა ჯდომა, ხან მეორე სკამზე და ახლა ბევრი პარტიაა და მესამე სკამიც უნდა. არჩევნების წინა დღეს მოვხსნი მინისტრებს. თქვენ იცოდეთ, რომ კიდევ მაქვს ერთი წელი წინ."

ედუარდ შევარდნაძე მკაცრი იყო რწმუნებულების მიმართაც, რომლებმაც მთავრობის სხდომაზე საკუთარ რეგიონებში ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობის მიზეზით შექმნილი ენერგოკრიზისის გამო დაიჩივლეს, ელექტროენერგია მოითხოვეს და, წინააღმდეგ შემთხვევაში, გადადგომით დაიმუქრნენ.

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] "ახლა გვემუქრებიან: ან შუქი მომეცით, ან გადავდგებიო. გადადექი, კაცო! მაპატიეთ და ჯანდაბამდე გქონია გზა, თუ ასე აყენებ საკითხს!"

ამ ყველაფრის შემდეგ პრეზიდენტმა სთხოვა მათ, ვის მიმართაც მკაცრი იყო, არ გაბუტულიყვნენ. როგორც ჩანს, მთავრობაში გაბუტვაც ახასიათებთ, მაგრამ, ალბათ, უფრო ჩუმად, თავისთვის. მთავრობის სხდომიდან გამოსულები ირწმუნებოდნენ, რომ გაბუტულები არ იყვნენ.
XS
SM
MD
LG