Accessibility links

logo-print

"ნიკა" - "საბჭოთა კინემატოგრაფიული სივრცე არ დაშლილა"


გასულ კვირას საქართველოს ესტუმრნენ კინოაკადემია "ნიკას" დამფუძნებლები იული გუსმანი და პაველ ფინი, რომელთა ინიციატივით კინოს სახლში "ნიკას" პირველი ლაურეატის თენგიზ აბულაძის მემორიალი გაიხსნა.

რუსი კინემატოგრაფისტების ვიზიტს თბილისში ნოსტალგიური იერი მიანიჭეს.

1987 წელს "ნიკა" საბჭოთა კავშირის კინემატოგრაფისტთა კავშირის ბაზაზე დაარსდა. გორბაჩოვის ეპოქაში საბჭოთა კინემატოგრაფისტებმაც მოინდომეს ჰქონოდათ თავიანთი "ოსკარი". პირველი "ნიკებით" ქართული ფილმის, "პერესტროიკის" ერთ-ერთი სიმბოლოს, "მონანიების" ავტორები დააჯილდოვეს. მას შემდეგ 16 წელი გავიდა. "ნიკას" დამფუძნებლები თბილისში ჩამოვიდნენ და გახსნეს თენგიზ აბულაძის მემორიალური დაფა, რომელზედაც აღნიშნულია: "დიდ რეჟისორს, ტაძრისკენ მიმავალ გზას რომ ეძებდა"... იული გუსმანისა და პაველ ფინის ვიზიტის მიზეზი არც თენგიზ აბულაძის იუბილე ყოფილა და არც "ნიკას" დაარსების "მრგვალი თარიღი". უბრალოდ, როგორც რუს, ასევე ქართველ კინემატოგრაფისტებს, ძალიან უყვართ დაკარგულ კავშირებზე საუბარი. რუსი და ქართველი ხალხის მეგობრობაზე ამჯერადაც ბევრი ითქვა, თუმცა "ნიკას" ფრთოსანი ფიგურა სულ სხვა ასოციაციას ბადებს იმ ხალხში, ვინც ყოფილი საბჭოთა კავშირის კინოაკადემიის, ახლა კი "დსთ-სა და ბალტიის ქვეყნების კინემატოგრაფისტთა კონფედერაციის აკადემიის" ისტორია იცის... საბჭოთა კავშირი დაიშალა, მაგრამ კინემატოგრაფისტებმა უარი თქვეს არარსებული სახელმწიფოს კინემატოგრაფისტთა კავშირის გაუქმებაზე... უწოდეს "კონფედერაცია", რომელიც წელიწადში ერთხელ "ფრთოსანი ფიგურებით" აჯილდოებს ლაურეატებს. საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის მდივნის არჩილ შუბაშვილის განმარტებით:

[არჩილ შუბაშვილის ხმა] "ნიკას", ამ კინოაკადემიის, წევრები არიან ადამიანები, რომლებმაც ამ 5 წლის მანძილზე მიიღეს "ნიკას" ლაურეატის წოდება. ანუ საქართველოდან, დაახლოებით, ათი ადამიანია ასეთი. როგორც წესი, ეს ადამიანები მონაწილეობას იღებენ "ნიკას" ლაურეატების გამოვლენაში."

მაგრამ ჯერჯერობით არავინ იცის, აქვს თუ არა "ნიკას" მომავალი... რუსეთში ნიკიტა მიხალკოვის ინიციატივით დაარსდა "ოქროს არწივი", რუსი კინემატოგრაფისტების აკადემია, რომელიც "ნიკას" უპირისპირდება. არჩილ შუბაშვილის განმარტებით:

[არჩილ შუბაშვილის ხმა] "გააჩნია იმ გაქანებას, რომელიც დამახასიათებელია მიხალკოვისთვის. თუ არ "ჩაყლაპა" "ნიკა"... მიხალკოვი ებრძვის არა მარტო კონფედერაციას, არამედ ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ამ სივრციდან მოდის."

მიხალკოვისგან განსხვავებით, ორგანიზაციას, რომელიც "ამ სივრციდან", ე.ი. "საბჭოთა კავშირიდან", მოდის, საქართველოში არავინ ებრძვის. დაე დარწმუნდეს ნიკიტა მიხალკოვი, რომ "საბჭოთა ორგანიზაციები" საქართველოშიც უყვართ.
XS
SM
MD
LG