Accessibility links

logo-print

საფინანსო უწყებას საბიუჯეტო ჩათვლების აკრძალვა არ სურს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ეკონომიკური ექსპერტების შეფასებით, შეუსრულებელ ბიუჯეტშიც კი იმდენი, ფიქტიური და ფინანსური მანიპულაციებით შესული, არარსებული თანხაა, რომ გაუცემელი ხელფასებისა და შემწეობების

პრობლემის მოხსნა მეტისმეტად გაძნელდება. ცოტა ხნის წინ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ჩათვლების მავნე პრაქტიკის მოშლის ინიციატივით გამოვიდა, თუმცა ამ ნოვაციას საფინანსო უწყების მხრიდან წინააღმდეგობა შეხვდა.

გარღვევისათვის განწირული სახელმწიფო ბიუჯეტის ფონზე საკანონმდებლო ხელისუფლება ჩათვლებისა და ბიუჯეტში სხვადასხვა მანიპულაციების პრაქტიკის მოშლის ინიციატივით გამოდის.

ჩათვლები და ე.წ. "რასკრუტკები" ქართული საბიუჯეტო პროცესის თანამდევი კარგად აპრობირებული პრაქტიკაა, რომლის წყალობითაც აღმასრულებელი ხელისუფლება დროდადრო ახერხებს ქაღალდზე საბიუჯეტო პარამეტრების ხელოვნურ დაცვას, რეალურად კი ხაზინა ცარიელია და ხარჯების გაწევა ვერ ხერხდება. წინასწარ გადახდილი თანხები ქაღალდზე დაფიქსირების შემდეგ ან ისევ კომპანიებს უბრუნდება, ან, სულაც, მათ მომავალ მოსაკრებლებში ექვითებათ. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ამჟამად წინასწარგადახდილი გადასახადების და დღგ-ს ზედმეტობის რაოდენობა 110 მილიონ ლარს შეადგენს.

ბიუჯეტში "ციფრებით ეკვილიბრისტიკის" მოსაშლელად პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო და საგადასახადო შემოსავლების კომიტეტები აპირებენ საგადასახადო და საბაჟო კოდექსში შეიტანონ ცვლილებები, რომლის თანახმადაც, უნდა აიკრძალოს საგადასახადო და საბაჟო მოსაკრებლების წინასწარი ამოღების პრაქტიკა. კანონმდებლები ასევე მოითხოვენ გაუქმდეს ერთი ანგარიშიდან მეორეზე, ჩათვლების მიზნით, თანხების გადატანა.

ფინანსთა სამინისტრო ამ ინიციატივას ეწინააღმდეგება და თავს მეწარმეების ინტერესების დაცვით იმართლებს. მინისტრის მოადგილის ლევან ჩრდილელის განცხადებით, ბიზნესმენს არ უნდა წავართვათ გადასახადების წინასწარ გადახდის უფლება. მისივე თქმით, ბევრ მეწარმეს, ეროვნული ვალუტის კურსის შეცვლის გამო, ხელს აძლევს მოსაკრებლების წინასწარ გასტუმრება. თუმცა ექსპერტებისათვის ძნელი ასახსნელია იმ ბიზნესმენთა ენთუზიაზმი, რომლებიც ამგვარ "საბიუჯეტო ქველმოქმედებაზე" თანხმდებიან.

ფინანსთა ამჟამინდელი მინისტრი ჩათვლების პრაქტიკასთან დაკავშირებით თავს იმით იმართლებს, რომ ეს პროცესი მის დროს არ დაწყებულა და, პირიქით, მას კლების ტენდენცია ახასიათებს.

საგადასახადო შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარის დავით სალარაძის დასკვნა ამ მოსაზრებას აბათილებს. კომიტეტის ინფორმაციით, საბაჟო გეგმის შესასრულებლად ყოველთვიურად 5-6 მლნ. ლარს წინასწარ იღებს იმპორტიორებისაგან.

საბოლოოდ, კანონმდებლობის ინიციატივას აღმასრულებელი ხელისუფლება არცთუ დიდი ენთუზიაზმით ხვდება და კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას აუცილებლად არ მიიჩნევს.
XS
SM
MD
LG