Accessibility links

logo-print

ერაყის ურთიერთობა დასავლეთთან ყოველთვის წინააღმდეგობრივი არ იყო


დღეს ძნელია იმის წარმოდგენა, რომ დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებს, შეერთებული შტატების ჩათვლით, ოდესმე პარტნიორული ურთიერთობა ჰქონდათ ერაყთან. თუმცა, რადიო "თავისუფლების"

კორესპონდენტის კეთლინ ნოქსის მიმოხილვაც შეგვახსენებს, როგორი ცვალებადი იყო ერაყის მიმართ დასავლეთის დამოკიდებულება ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში.

თითქმის ოცდაათი წლის წინათ ჟაკ შირაკი (ის მაშინ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი იყო) სადამ ჰუსეინს "პირად მეგობარს" უწოდებდა. ეს იყო ერაყში სადამ ჰუსეინის აშკარა გალიდერებამდე რამდენიმე წლით ადრე. დღეს ძნელად წარმოსადგენია, დასავლელ პოლიტიკოსთაგან სადამ ჰუსეინს ვინმემ "პირადი მეგობარი" უწოდოს.

თანამედროვე ისტორიაში შეიძლება გამოვყოთ ორი მომენტი, როცა წერტილი დაესვა ერაყის პროსაბჭოთა სიმპათიებს.

ერთხელ ეს იყო 1950 წელს, როცა "ბაღდადის პაქტის" საფუძველზე ჩამოყალიბდა პროდასავლური ალიანსი. ის აერთიანებდა ერაყს, თურქეთსა და პაკისტანს, როგორც რეგიონში საბჭოთა გავლენის გამაბათილებელ ძალას. ამ ალიანსის კიდევ ერთი წევრი გახლდათ ბრიტანეთი, რომელმაც გასული საუკუნის დასაწყისში, ფაქტობრივად, მოხაზა თანამედროვე ერაყის საზღვრები და იქ მნიშვნელოვანი გავლენა შეინარჩუნა ერაყის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების, ანუ 1932 წლის შემდეგაც. "ბაღდადის პაქტის" შედეგად ჩამოყალიბებული ალიანსი დღემოკლე გამოდგა: 1958 წლის შეიარაღებულმა ამბოხებამ ერაყში დაასრულა როგორც იქაური მონარქიის მმართველობა, ისე ერაყის პროდასავლური ალიანსის წევრობაც, წერტილი დაუსვა ქვეყანაში ბრიტანეთის გავლენას.

მომდევნო ოცწლეულის მანძილზე, შეერთებულ შტატებს რეგიონში მოკავშირეებად ორი ქვეყანაღა შემორჩა - ირანი და საუდის არაბეთი, რადგან ერაყის ლიდერებმა უფრო ახლო ურთიერთობა საბჭოთა კავშირთან დაამყარეს.

დასავლეთის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც ამ პერიოდში ერაყთან ახლო ეკონომიკურ ურთიერთობას ინარჩუნებდა, საფრანგეთი იყო. 70-იან წლებში პარიზმა ერაყს ააშენებინა ატომური რეაქტორი, რომელიც ჯერ კიდევ ამოქმედებამდე, 1981 წელს, ისრაელმა დაბომბა. საფრანგეთი ბაღდადისთვის იარაღის ერთ-ერთ წყაროდაც იქცა. სწორედ ამ პერიოდს ეკუთვნის შირაკის მიერ სადამ ჰუსეინის მეგობრად მოხსენიება.

მაშინ, ანუ 70-იანი წლების დასასრულს, ბაღდადისა და ვაშინგტონის ურთიერთობა უკიდურესად გაუარესდა. შეერთებულმა შტატებმა ერაყი ტერორიზმის ხელშემწყობ სახელმწიფოთა სიაში შეიყვანა.

1979 წელს ირანში რევოლუციის "წყალობით" ყველაფერი ისევ შეიცვალა, რადგან გაჩნდა დიდი შიში იმისა, რომ ისლამური რევოლუცია ირანის საზღვრებს გასცდებოდა და რეგიონში დესტაბილიზაციას შეუწყობდა ხელს.

სულ რამდენიმე წელიწადში ერაყმა აღადგინა დიპლომატიური ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან. ის ამოშალეს ტერორიზმის ხელშემწყობთა სიიდანაც. განახლდა იარაღის ექსპორტი და ერაყისთვის სხვა სახის დახმარების მიწოდება, მაგალითად - კრედიტებისა სოფლის მეურნეობის დარგში. ეს იყო სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომელმაც ხელი შეუწყო ირანის შეჩერებასა და ირან-ერაყის ომის დასრულებას, მიუხედავად იმისა, რომ ერაყი აგრესორი მხარე იყო.

თუმცა, ამას ჰქონდა სხვა, უფრო შორს მიმავალი შედეგები. დიუკის უნივერსიტეტის სახელმწიფოს მართვის პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი ბრუს ჯენტლსონი შტატების იმდროინდელ პოლიტიკას ასე განმარტავს:

[ჯენტლსონის ხმა] "ეს იყო რონალდ რეიგანის ადმინისტრაციის კლასიკური გათვლა, რომელიც ემყარებოდა პრინციპს - ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარია. ეს ხაზი გააგრძელა უფროსი ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამაც ირან-ერაყის ომის დამთავრების შემდეგ. ამ გათვლაში გამოტოვებული იყო ერთი ფაქტორი - ჩემი მტრის მტერი შეიძლება ჩემი მტერიც იყოს. ეს მარტო შეერთებულ შტატებს არ ეხებოდა. 70-იან და 80-იან წლებში ევროპის ბევრი ქვეყანა, მათ შორის საფრანგეთი, იტალია, გერმანია და დიდი ბრიტანეთი, აქტიურად ვაჭრობდნენ ერაყთან სხვადასხვა ტექნოლოგიებით."

ამის პარალელურად, დასავლეთის დაზვერვისთვის ცნობილი გახდა, რომ სადამ ჰუსეინი მასობრივი განადგურების, მათ შორის ქიმიურ შეიარაღებას აძლიერებდა. ეს იარაღი მან ირანელი ჯარისკაცებისა და ქურთი ეროვნების საკუთარ მოქალაქეთა წინააღმდეგ გამოიყენა. ტექნოლოგიების დიდი ნაწილი მან შავ ბაზარზე შეიძინა. კვლავ ბრუს ჯენტლსონს მოვუსმინოთ:

[ჯენტლსონის ხმა] "საკმარისი ყურადღება არ დაეთმო დაზვერვის ინფორმაციას. ამის მიზეზი, ერთი მხრივ, ირანის ფაქტორის გაბუქება იყო, მეორე მხრივ კი გულუბრყვილო რწმენა იმისა, რომ სადამ ჰუსეინი როგორღაც შეიცვლებოდა და დამყოლი გახდებოდა. ასე და ამგვარად, შავი ბაზრისა და ორმაგი გამოყენების ტექნოლოგიების ლეგალურად შეძენით - იგულისხმება ტექნოლოგიები, რომელთა გამოყენება შეიძლება როგორც კომერციული, ისე სამხედრო მიზნით, სადამ ჰუსეინმა მოიპოვა დანადგარები და მასალები, რამაც ხელი შეუწყო მასობრივი განადგურების კომპლექსის შექმნას."

დასავლეთთან ერაყის ურთიერთობის ეს ფაზა 1990 წელს ქუვეითში მისმა შეჭრამ დაასრულა. შეერთებული შტატები სათავეში ჩაუდგა კოალიციას, რომელმაც ერაყი მისი მცირე მეზობლის ტერიტორიიდან განდევნა. ამას მოჰყვა გაეროს სანქციების ათწლეული და პერიოდული ინსპექციები იმის შესამოწმებლად, მოსპო თუ არა ერაყმა მასობრივი განადგურების იარაღი.

მომავალი დღეების, ან კვირების განმავლობაში კი შეიძლება იყოს ომი.
XS
SM
MD
LG