Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზორან ჯინჯიჩის მკვლელობამ არა მხოლოდ სერბია შეძრა


ორად ორმა ტყვიამ სერბია და, შესაძლოა, მთელი რეგიონი დესტაბილიზაციის საფრთხის წინაშე დააყენა. ოთხშაბათს დილით ბელგრადში სნაიპერის შაშხანით იქნა მოკლული სერბიის

პრემიერ-მინისტრი ზორან ჯინჯიჩი, როცა იგი დაჯავშნული ავტომანქანიდან გადმოვიდა მთავრობის შენობის წინ. ჯინჯიჩი საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა. ამ თემაზე უფრო დაწვრილებით ბიძინა რამიშვილი გესაუბრებათ.

ჯინჯიჩს სამთავრობო კომპლექსის მეზობელი შენობიდან ესროლეს. ამ მკვლელობამ მყის წარმოშვა შიში, რომ ქვეყანას ძალაუფლებისთვის ბრძოლის ახალი ტალღა მოიცავს. სერბიის თავდაცვის უზენაესმა საბჭომ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მის კვლავ გაუქმებამდე არმიას პოლიციის ფუნქციები მიენიჭება.

თავად პოლიციამ ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა მკვლელების ძიება. ოთხშაბათსვე დააპატიმრეს ორი ეჭვმიტანილი. საავტომობილო გზებზე, რკინიგზასა და აეროპორტებში მგზავრთა შემოწემება მიმდინარეობს.

ოთხშაბათს სერბიის მინისტრთა კაბინეტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში მომხდარისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტის, სლობოდან მილოშევიჩის მომხრე მილორად ლუკოვიჩს და მაფიურ დაჯგუფება "ზემუნის კლანს".

"ტერაქტი მიზნად ისახავს ქვეყანაში შიშისა და ქაოსის გავრცელებას", ნათქვამია განცხადებაში. "მკვლელობა... არის იმის ცდა, რომ შეაჩეროს ორგანიზებული დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლა და მის ცალკეულ წევრებს დაეხმაროს დაპატიმრებისთვის თავის დაღწევაში."

ჯინჯიჩის უახლოესი თანამებრძოლების აზრით, პრემიერ-მინისტრის მოკვლით ბოროტმოქმედები ქვეყანაში დემოკრატიზაციისა და რეფორმების პროცესის შეჩერებას შეეცადნენ.

შეიძლება თუ არა ტერაქტის დაკავშირება იუგოსლავიის ყოფილ პრეზიდენტს, სლობოდან მილოშევიჩს? ამ კითხვით მივმართე რეგინის ექსპერტს ჩვენი რადიოს სამხრეთ სლავური რედაქციიდან, დრაგან სტავლიანინს.

[სტავლიანინის ხმა] "პირდაპირ მილოშევიჩს არა, მაგრამ ნამდვილად უკავშირდება მის მემკვიდრეობას. ვინაიდან როცა ვლაპარაკობთ სერბიაში ორგანიზებულ დამნაშავეობაზე, ამაში იგულისხმება კრიმინალური წრეებისა და პოლიტიკის მჭიდრო კავშირი. მილოშევიჩის პერიოდში ბოროტმოქმედები მონაწილეობდნენ სხვადასხვა სახის პოლიციურ ძალებში, სპეცდანიშნულების რაზმებში. ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ისიც, რომ 2000 წლის 5 ოქტომბრის ამბოხება, რომელმაც ჩამოაგდო მილოშევიჩი, გახლდათ ნაწილი ჯინჯიჩისა და მისი მმართველი კოალიციის გარიგებისა მილოშევიჩის ძალიან ახლო მოკავშირეებს შორის. მაგრამ ისტორიის დაუწერელი კანონია, რომ როცა დიქტატორს ჩამოაგდებ, ადრე თუ გვიან მოგიწევს ამის საფასურის გადახდა. მილოშევიჩის მომხრეებს კვლავაც მძლავრი პოზიციები უკავიათ და საზღაურს ითხოვენ 5 ოქტომბრისთვის." ეს გახლდათ პოლიტიკური მიმომხილველი. დრაგან სტავლიანინი.

მთელი რიგი ექსპერტების აზრით, მათ სტავლიანინიც ეთანხმება, თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ სერბიაში მძიმე ეკონომიკური ვითარებაა შექმნილი და პოლიტიკური პარტიები საერთო ენას ვერ ნახულობენ ქმედითი ზომების მისაღებად, ჯინჯიჩის მკვლელობას ქვეყნისთვის და, საერთოდ, რეგიონისთვის მძიმე შედეგები მოჰყვება.

ნაპოლეონის დროიდან მოყოლებული მკვლელობები სერბიის პოლიტიკური ცხოვრების მყარი შემადგენელი ნაწილი არის. ყველაზე ცნობილი მკვლელობა მოხდა 1914 წლის 28 ივნისს, როცა სერბმა ნაციონალისტმა გავრილო პრინჩიპმა ცეცხსასროლი იარაღით მოკლა ჰაბსბურგების ტახტის მემკვიდრე ერცჰერცოგი ფრანც ფერდინანდი. ეს მკვლელობა პირველი მსოფლიო ომის დაწყების საბაბად იქცა, ომისა, რომელსაც მოჰყვა ევროპაში პოლტიკური კატაკლიზმები და ხელისუფლების ცვლა მოსკოვში, სტამბოლში, ვენასა და ბერლინში. იუგოსლავიაც ამ კატაკლიზმების საფუძველზე აღმოცენებული სახელმწიფო იყო. არადა, არც პრინჩიპს და არც მისი ტერორისტული ორგანიზაციის სხვა წევრებს არ ჰქონდათ წარმოდგენილი, თუ რა ხანძარს გამოიწვევდა მათი ნამოქმედარი.

პოლიტიკური მკვლელობა წითელ ხაზად გასდევს სერბიის მთელ ისტორიას. სერბიის ათი მონარქიდან სამი მოკლეს, ოთხი კი ჩამოგდებულ იქნა. მეორე მსოფლიო ომის დროს იუგოსლავიაში პოლიტიკურმა მკვლელობებმა უფრო ფართო მასშტაბის ეთნიკურ წმენდებს დაუთმო ადგილი.

მკვლელობა ეფექტიან პოლიტიკურ იარაღად დარჩა ტიტოს სიკვდილის შემდეგ, მილოშევიჩის მმართველობის პერიოდში.

როგორც ჩანს, მდგომარეობა არც უახლოეს მომავალში შეიცვლება. "ვინ იქნება შემდეგი მსხვერპლი?" - ეს არის შეკითხვა, რომელსაც ყველაზე უფრო ხშირად გაიგებთ დღეს სერბიაში.
XS
SM
MD
LG