Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი, როგორც ჩანს, შეძლებენ უშიშროების საბჭოს კიდევ შვიდი წევრის მხარდაჭერის მოპოვებას


ერაყის გარშემო სიტუაცია ისე ვითარდება, რომ შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა უშიშროების საბჭოში შეიძლება მოიპოვონ კიდეც ის მხარდაჭერა, რომელიც აუცილებელია ერაყის

წინააღმდეგ ომის დაწყების შესახებ ახალი რეზოლუციის მისაღებად. ომის დაწყების მომხრეებისთვის კვლავინდებურად აქტუალურია საბჭოს ზოგიერთი მუდმივი წევრის მხრიდან ვეტოს უფლების გამოყენების საფრთხე. ასეთ ფონზეც კი ერაყის წინააღმდეგ ძალის გამოყენების ინიციატორები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ახალ რეზოლუციაზე კენჭისყრის დროს საჭირო 9 ხმის მოპოვებას. რას აძლევს მათ ეს ცხრა ხმა, თუკი უშიშროების საბჭოს რეზოლუციას მაინც ვეტოს დაადებენ?

ზოგიერთი დიპლომატის აზრით, მხარდაჭერის უზრუნველყოფას ხელს შეუწყობს ის გეგმაც, რომლის ახალ რეზოლუციაში ჩართვაც დიდმა ბრიტანეთმა მოითხოვა. ბრიტანეთის გეგმა ბაღდადისთვის ერთგვარი ბლიც-გამოცდის ჩატარებას ითვალისწინებს. გამოცდის ჩაბარების საბოლოო თარიღი 17 მარტია. თუმცა, წამოყენებული პირობებიდანვე ცხადია, რომ ერაყი ამ გამოცდას ვერ ჩააბარებს.

განსაკუთრებულ ეჭვს იწვევს შემდეგი მუხლი-მოთხოვნა:
სადამ ჰუსეინმა არაბულ ენაზე უნდა მიმართოს ერაყის მოსახლეობას და უთხრას, რომ აქამდე ის ცდილობდა დაემალა მასობრივი განადგურების იარაღი, მაგრამ ახლა აღიარებს, რომ ფლობს მას და მის განადგურებას აპირებს. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეკ სტრომ მუხლი ასე განმარტა:

[სტროს ხმა] "თუკი სადამ ჰუსეინი არ მოისურვებს საკუთარი ხალხისთვის არაბულ ენაზე ამის თქმას, ჩვენთვის ცხადი გახდება, რომ ის მორიგ ეშმაკობაზე მიდის. ვფიქრობ, ეს სრულიად ნათელია."

ახლა რაც შეეხება ახალი რეზოლუციის პროექტის მიმართ უშიშროების საბჭოს წევრთა პოზიციებს. ამის თაობაზე "უოლ სტრიტ ჯორნალი" შემდეგ სურათს ხატავს: ერთ-ერთი წყაროს თანახმად, ოთხშაბათს, 12 მარტს, პაკისტანის პრეზიდენტმა ფერვეზ მუშარაფმა ჯორჯ ბუშს ტელეფონით განუცხადა, რომ პოლიტიკური ზეწოლის მიუხედავად, ის მზად არის, მხარი დაუჭიროს შტატებისა და ბრიტანეთის რეზოლუციის პროექტს. თუკი ამას დავუმატებთ აფრიკის სამ ქვეყანასაც, რომელთა მხარდაჭერის დიდი იმედი აქვს ვაშინგტონს, რეზოლუციის მომხრეთა რიცხვი 8-მდე გაიზრდება. ესპანეთი და ბულგარეთი დღემდეც მომხრეებად ითვლებოდნენ.

საჭიროა კიდევ ერთი ხმა. ბოლო ინფორმაციით, მექსიკას გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და ამ ქვეყნის ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენლის თქმით, მექსიკა გადაწყვეტილებას ბოლო წუთს, ამომწურავ ინფორმაციაზე დაყრდნობით მიიღებს.

თუ პროცესები "უოლ სტრიტ ჯორნალში" აღწერილი სცენარით განვითარდა, ანუ საბჭოში გაჩნდა 9 მხარდამჭერი, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებას ხელი შეუშალა ვეტომ (ყველაზე მოსალოდნელია, ეს ნაბიჯი საფრანგეთმა გადადგას), რას იხეირებენ შეერთებული შტატები და მისი მხარდამჭერები?

უშიშროების საბჭოს უმრავლესობის მხარდაჭერით, ჯერ ერთი, ვაშინგტონი მოიპოვებს მორალურ უფლებამოსილებას ომის დაწყებისთვის; და მეორეც - დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, რომელსაც დიდ წინააღმდეგობას უწევს საკუთარი ლეიბორისტული პარტია, მეტი საფუძველი ექნება, გაეროს გადაწყვეტილების გარეშე სამხედრო დახმარება გაუწიოს შეერთებულ შტატებს; და მესამე: საფრანგეთისთვის პოლიტიკური თვალსაზრისით უფრო რთული იქნება, წინ აღუდგეს უშიშროების საბჭოს უმრავლესობის ნებას და ასევე ნაკლებად სავარუდოა, რომ რუსეთმა ან ჩინეთმა ვეტოს უფლება გამოიყენონ.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG