Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასულ წელს საკრედიტო ბაზარზე სესხების მოცულობა გაიზარდა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საკრედიტო რესურსების შედარებითი სიმცირის მიუხედავად, გასულ წელს ამ სფეროში სერიოზული მატება შეინიშნებოდა. ქართული ბიზნესსტრუქტურები და კერძო პირები სულ უფრო ხშირად მიმართავენ

კომერციულ ბანკებს სესხებისთვის. გაცემული კრედიტების ოდენობით, წინა წლების მსგავსად, ვაჭრობისა და მომსახურების სფერო ლიდერობს, თუმცა 2002 წელს რეალური ეკონომიკის სექტორზე გაცემული სესხების ოდენობამაც იმატა.

იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში საინვესტიციო კაპიტალი, ფაქტობრივად, არ არსებობს და წარმოების განვითარებისათვის კი სერიოზული კაპიტალდაბანდებაა საჭირო, საბანკო კრედიტებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. საქართველოს ბიზნესსტრუქტურები და ინდივიდუალური მეწარმეები სულ უფრო ხშირად მიმართავენ ბანკებს სესხისათვის. მიუხედავად იმისა, რომ, მთელი რიგი იურიდიული და ობიექტური პრობლემების გამო, საკრედიტო რესურსების გამოყოფა და მათი უზრუნველყოფა ჯერ კიდევ სირთულეებთან არის დაკავშირებული, სტატისტიკა ამ სეგმენტის განვითარებას აფიქსირებს, რაც, ძირითადად, საბანკო სისტემის საკრედიტო პორტფელის ზრდით არის განპირობებული.
1 თებერვლის მდგომარეობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საკრედიტო პორტფელის მოცულობა 126 მლნ. 401 ათასი ლარით არის გაზრდილი, ხოლო კომერციული ბანკების კონსოლიდირებულმა მთლიანმა სესხებმა მნიშვნელოვნად - 132 938 500 ლარით - იმატა.

განვლილი პერიოდის განმავლობაში ყველაზე მეტად - 50 460 354 ლარით - არის გაზრდილი ვაჭრობისა და მომსახურების სფეროზე გაცემული სესხები. ეს სფერო ბოლო წლების განმავლობაში ლიდერობს, რადგან, როგორც წესი, მოგების კოეფიციენტი და სესხის დაბრუნებადობა აქ გაცილებით მაღალია, ვიდრე გრძელვადიან საინვესტიციო პროექტებში.

1 თებერვლის მდგომარეობით, 2002 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 38 694 540 ლარით გაიზარდა ფიზიკური პირებისათვის გაცემული სესხები.

წინა წელთან შედარებით, მოიმატა ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროზე გაცემული სესხების მოცულობამაც. აქ ზრდა 6 942 169 ლარს შეადგენს, სამთომომპოვებელ და გადამამუშავებელ სფეროზე კი - 13 841 927 ლარს.

საანალიზო პერიოდში ენერგეტიკის სფეროსთვის მატებამ - 4 093 314 ლარი, ხოლო ბანკთაშორისი სესხებისათვის 12 939 210 ლარი შეადგინა.

ამავე პერიოდისათვის სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის სფეროზე გაცემული სესხების ზრდა 4 346 330 ლარით, ხოლო მშენებლობის სფეროზე გაცემული სესხებისა - 3 902 730 ლარით დაფიქსირდა.
XS
SM
MD
LG