Accessibility links

ქართულ პოლიტიკას კიდევ ერთი კაცი გამოაკლდა


დავით პაიჭაძე, თბილისი ხუთშაბათს, 13 მარტს, პარლამენტის წევრმა გიორგი თარგამაძემ საჯაროდ განაცხადა, რომ პოლიტიკიდან მიდის. პარლამენტის სხდომათა დარბაზში მას ემოციურად ემშვიდობებოდნენ კოლეგები.

განცხადების შემდეგ თარგამაძე ჟურნალისტებს შეხვდა და აუწყა, რომ ჟურნალისტიკაში დაბრუნებას ფიქრობს. საქართველოში უკვე არის ერთი ადგილი, სადაც გიორგი თარგამაძეს ელიან, როგორც ჟურნალისტს.

[გიორგი თარგამაძის ხმა]: "ბატონებო და ქალბატონებო, პატივცემულო დეპუტატებო! მე ვაპირებ საქართველოს პარლამენტიდან წასვლას და ვითხოვ თქვენგან ამაზე თანხმობას. თავისთავად ცხადია, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკდან წასვლის თაობაზე არის, უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკური".

...და არა მარტო პოლიტიკური: გიორგი თარგამაძის გადაწყვეტილება, უწინარესად, პრაქტიკულია. თითქმის წელიწადია, პოლიტიკით დაინტერესებული ადამიანები თვალს ადევნებენ გიორგი თარგამაძის თანდათან და დიდი ხმაურის გარეშე განდევნას პოლიტიკური არენის იმ სეგმენტიდან, სადაც გადაწყვეტილებებს იღებენ. პოლიტიკური პიკიდან მკვეთრი დაშვება გიორგი თარგამაძემ შარშანდელი ადგილობრივი არჩევნების შემდეგ დაიწყო, როცა "აღორძინებამ" გამსვლელთა შორის ბოლოსწინა ადგილი დაიკავა თბილისში. საქართველოს დედაქალაქში "აღორძინების" საარჩევნო კამპანიაზე პასუხს სწორედ თარგამაძე აგებდა და აგო კიდეც: თბილისში "აღორძინებას" პრაქტიკულად არ გამოუყენებია აჭარის ლიდერის სახე და სახელი, რაც გიორგი თარგამაძეს არ ეპატია. საამისოდ კი გაისარჯნენ სანდრო ბრეგაძე და ჯონდი ბაღათურია.

გიორგი თარგამაძე შერისხა მისმა პოლიტიკურმა მამამძუძემ - ასლან აბაშიძემ. დაახლოებით ცხრა წლის წინ აჭარის ლომმა შეიტკბო ახალგაზრდა და თვალშისაცემად ნიჭიერი თბილისელი ჟურნალისტი, წლების მანძილზე ანდობდა მას ნაირგვარ საპასუხისმგებლო თანამდებობებს; თარგამაძეც, შეძლების კვალობაზე, ღირსმსახურებდა მას. პოლიტიკაში წასვლა თავის დროზე ისეთივე პრაქტიკული ნაბიჯი იყო გიორგი თარგამაძის მხრიდან, როგორც ახლა - პოლიტიკიდან წასვლა. მორალური კაპიტალი, რომელიც გიორგი თარგამაძემ ჟურნალისტიკიდან წაიღო აჭარაში, წარმატებით გადაახურდავა თუ დააბანდა სხვა რიგის კაპიტალში. ასე რომ, მისი განცხადება - "რა ქონებითაც მოვედი, იმ ქონებით მივდივარო", შეიძლება, არ შეეფერებოდეს სინამდვილეს.

ხუთშაბათსვე მე საჯაროდ მივმართე კითხვით ტელე-იმედის გენერალურ დირექტორს ბიძინა ბარათაშვილს, რომელიც გიორგი თარგამაძის კოლეგა იყო ჯერ კიდევ "იბერვიზიაში" მუშაობისას: თუ გაუწევდა ის რეკომენდაციას აწ უკვე ყოფილ დეპუტატს მფლობელის, ბადრი პატარკაციშვილის, წინაშე ამ ტელევიზიაში მუშაობის დასაწყებად. ბიძინა ბარათაშვილმა ასევე საჯარო პასუხი გამცა [ბარათაშვილის ხმა]: "ჩვენ მოხარული ვიქნებით, თუ ჟურნალისტიკაში დაბრუნებული გიორგი თარგამაძე თავის ახალ სამსახურად ჩვენს ტელეკომპანიას აირჩევს და რახან ამას ვლაპარაკობთ, მე აქედანვე მინდა, ყველას დავასწრო და შევთავაზო გიორგის სამსახური ჩვენს არხზე".

ეს შეთავაზება უფრო გაამყარა ტელე-იმედის მფლობელის, ბადრი პატარკაციშვილის, სიტყვებმა [პატარკაციშვილის ხმა]: "ნამდვილად დიდი სიამოვნებით ვიხილავდი გიორგის იმ ადამიანთა რიცხვში, რომლებიც ჩვენს არხს შექმნიან".

მოკლედ, თუ გიორგი თარგამაძეს ჭკუაში დაუჯდა ეს წინადადება, მალე შევატყობთ, ქართულმა პოლიტიკამ განიცადა მძიმე დანაკლისი, თუ ქართული ჟურნალისტიკა გამდიდრდა ახალი შენაძენით.
XS
SM
MD
LG