Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ხელისუფლება ''წვრთნისა და აღჭურვის'' პროგრამას ვერ აფინანსებს


450 კაცისაგან შემდგარ ეროვნული გვარდიის მე-16 სამთო ბატალიონს, რომელიც ამერიკელი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით ყოველგვარ პირობებში საბრძოლო ოპერაციების ჩატარებას სწავლობს,

გამძლეობაში კიდევ ერთი გამოცდის ჩაბარება მოუწევს. აპრიორულად შეიძლება ითქვას, რომ ბევრის მნახველ ჯარისკაცებს ამ დაბრკოლებასთან გამკლავება ერთობ გაუჭირდებათ - "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამაში მონაწილე ქართველი სამხედროები მეორე თვეა ელოდებიან კუთვნილ ანაზღაურებას და მეორე თვეა მათ დაპირებებით ისტუმრებენ. თუმცა საქართველოს ხელისუფლებაში კვლავინდებურად აცხადებენ, რომ "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამა პრიორიტეტულია და მის ჩაშლას არავითარი საფრთხე არ ემუქრება.

საქართველოს ხელისუფლების საკანონმდებლო და აღმასრულებელი შტოები ქართულ-ამერიკული ერთობლივი "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამას გაუგებარ დარკოლებებს უქმნიან. პირველი იმით, რომ ჩააგდო საქართველოსა და ამერიკის თავდაცვის სამინისტროებს შორის სარატიფიკაციოდ გამზადებული შეთანხმება, რომელიც ერთობლივი ღონისძიებების დროს საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკელი სამხედროების იარაღით შემოსვლას და მათ დიპლომატიურ ხელშეუხებლობას აკანონებს. რაც შეეხება აღმასრულებელ ხელისუფლებას, მან, იანვარ-თებერვლის მონაცემებით, ისიც მხოლოდ შრომის ანაზღაურების სფეროში, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, 4, 208 მილიონის ნაცვლად, მხოლოდ 1, 567 მილიონი ლარით დააფინანსა, რის გამოც დანაკლისმა 2, 629 მილიონი ლარი შეადგინა.

ციფრებში გამოსახულმა ამ უპასუხისმგებლობამ ისე გააბრაზა საქართველოს პრეზიდენტი, რომ ბოლო სამთავრობო სხდომაზე, მას შემდეგ რაც რეგიონალური რწმუნებულები "ჯანდაბაში გაგზავნა", შეიარაღებული ძალების უმაღლესმა მთვარსარდალმა ყური მთავრობასაც აუწია და განაცხადა, რომ "სახელმწიფო ბანკროტი აღმოჩნდა, არა მხოლოდ იმ ახალგაზრდა ადამიანების წინაშე, ვინც "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამაში მონაწილეობს, არამედ აშშ-ს პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის მიმართაც, რომელმაც პროგრამისათვის დაახლოებით 70 მილიონი აშშ დოლარი გაიღო.
ედუარდ შევარდნაძემ მთავრობის წევრებისაგან შესაბამისი ზომების მიღება მოითხოვა, რათა არ ჩაიშალოს "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამა, რომლის ფარგლებში 2002-2003 წლებში დაახლოებით 2 ათასი ქართველი სამხედრო მოსამსახურე უნდა მომზადდეს.

თუმცა, როგორც საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ვასილ გოგოლაშვილმა აგვიხსნა, ქვეყანას არ მოუხდება ამერიკის პრეზიდენტის წინაშე გაწითლება, ვინაიდან ქართველი სამხედროების შრომის ანაზღაურების შეწყვეტა ოდენ "ხარჯების გაწევაში მომხდარი დროებითი გადაადგილებებით" ყოფილა გამოწვეული.

[ვასილ გიგოლაშვილის ხმა] "არ ვიცი, ახლა, დაცულ მუხლებს რაც შეეხება, ალბათ, პატარა ჩამორჩენა იყო. უფრო სწორად, ლაგი არის, მე როგორც ვიცი, ერთ თვემდე. ლაგი არის, ნუ, გადაადგილება ხარჯების გაწევაში. თუ ეგ არი, პრინციპში, შეიძლება მაგაზე იყოს ლაპარაკი. მე თითონ არ მომისმენია ეგ კომენტარი. ანუ გრაფიკში არის ჩამორჩენა. მაგას ჩვენც ვადასტურებთ, კი ბატონო. ცოტა დაგვიანებით, მაგრამ მაინც მოხდება მაგის გადახდა. ისე რომ, დავალიანების დაგროვება არ იქნება. პრიორიტეტია ერთ-ერთი და ამ პრიორიტეტის დაფინანსება მოხდება ყოველთვის."[სტილი დაცულია]

რაც შეეხება თავად "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხელფასის დაგვიანებას პირად შემადგენლობაში ჯერჯერობით არანაირი ექსცესები არ გამოუწვევია. სამხედრო ფიცის ერთგული რეკრუტები ჩვეულებრივი დღის წესრიგით განაგრძობენ მეცადინეობას და იმედი აქვთ, რომ სამხედრო ფიცის მიმღები მხარე, ანუ ხელისუფლებაც, დროულად შეასრულებს თავის წილ პირობას.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG