Accessibility links

გაეროს უშიშროების საბჭოში, შესაძლოა, კენჭის


გაეროს უშიშროების საბჭოში, შესაძლოა, კენჭის საყრელად არ შეიტანონ ერაყის შესახებ ახალი რეზოლუცია, რომელიც ითვალისწინებს ერაყის წინააღმდეგ ომის მანდატის გაცემას.

გაეროს უშიშროების საბჭოში, შესაძლოა, კენჭის საყრელად არ შეიტანონ ერაყის შესახებ ახალი რეზოლუცია, რომელიც ითვალისწინებს ერაყის წინააღმდეგ ომის მანდატის გაცემას.
ამის შესახებ განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა, რომლის თქმით, ყველაფერია შესაძლებელი, სანამ უშიშროების საბჭოს წევრები განაგრძობენ მუშაობას ისეთი შეთანხმების მისაღწევად, რომელსაც ვეტოს არავინ დაადებს. ასევე ხუთშაბათს ვაშინგტონის ადმინისტრაციის პერს-მდივანმა არი ფლაიშერმა თქვა, რომ აშშ აპირებს, განიხილოს რეზოლუციაზე კენჭისყრის მომავალი კვირისათვის გადადება, თუ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს რეზოლუციის მხარდაჭერის განმტკიცებას. ამასობაში, გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა უშიშროების საბჭოს წევრებს მოუწოდა, ჩიხიდან გამოიყვანონ ერაყის კრიზისთან დაკავშირებული პროცესი. მანვე გამოთქვა იმედი, რომ ამჟამინდელი უთანხმოება უშიშროების საბჭოს ხელს არ შეუშლის სხვა რთული საკითხების მოგვარებაში: [კოფი ანანის ხმა] "ამჟამინდელი უთანხმოება - ის ნაწილობრივ, ნორმალური ამბავია დემოკრატიულ საპარლამენტო პროცესში - არ უნდა იყოს ხანგრძლივი უთანხმოება, რომელიც უშიშროების საბჭოს ხელს შეუშლის სხვა პრობლემების მოგვარებაში. იმისდა მიუხედავად, თუ როგორ გადაიჭრება ერაყის საკითხი, უშიშროების საბჭო, გაერო დიდ როლს შეასრულებს ერაყში და არა მარტო იქ." საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დომინიკ დე ვილეპანი ასევე ემხრობა ძალისხმევას უშიშროების საბჭოში კონსენსუსის მისაღწევად. მისი თქმით, საფრანგეთს მისაღებად მიაჩნია პროგრამა, რომელიც გაითვალისწინებს ერაყის განიარაღების კონკრეტულ კრიტერიუმებს და საამისოდ საჭირო გონივრულ ვადებს. თბილისის დროით ღამის ორის ნახევარზე გაეროს უშიშროების საბჭოში იწყება სხდომა, რომელზეც განიხილავენ ბრიტანეთის ინიციატივას, ერაყისათვის 6 ახალი მოთხოვნის წაყენების შესახებ.
XS
SM
MD
LG