Accessibility links

logo-print

დააყენებს თუ არა პარლამენტი სახელმწიფო მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი თემატური უმრავლესობის მიერ გამოცხადებულმა "მობილიზაციამ" შედეგი გამოიღო: 13 მარტს პარლამენტში კვორუმის პრობლემა მოიხსნა და უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ მუშაობა განაახლა.

პარლამენტის სხდომის განახლებას თემატური უმრავლესობისთვის პრინციპული მნიშვნელობა ეძლეოდა, ვინაიდან, კონსტიტუციით, 14 მარტს პრეზიდენტმა თავისი დამოკიდებულება უნდა გამოხატოს მინიმალური ხელფასის გაზრდასთან დაკავშირებით. როგორ განვითარდა მოვლენები პარლამენტში?

პარლამენტის მიერ 28 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილება მინიმალური ხელფასის გაზრდის შესახებ 13 მარტის სხდომის ყველაზე ცხელ პრობლემად იქცა. როგორც გახსოვთ, ამ კანონთან დაკავშირებით საკმაოდ პიკანტური ვითარებაა შექმნილი: თემატური უმრავლესობის პროტესტის მიუხედავად, ოპოზიციამ შრომის კანონში ცვლილების შესატანად აუცილებელი ხმების მოგროვება შეძლო, თუმცა უმრავლესობა კენჭისყრისას სხვისი პულტების გამოყენების თაობაზე განცხადებებს 28 თებერვლიდან აკეთებს. სიტუაციას ინტრიგას მატებს პრეზიდენტის საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩენა: აღმასრულებელი ხელისუფლება აღიარებს, რომ ივლისისთვის მინიმალური ხელფასის 115 ლარამდე გაზრდა არარეალურია; მეორე მხრივ, პრეზიდენტისთვის საკმაოდ წამგებიანია პარლამენტის მიერ მიღებულ კანონზე ვეტოს დადება. შესაბამისად, ახლა უმრავლესობამ უნდა დაამტკიცოს, რომ კანონში ცვლილებების შეტანისთვის კენჭისყრა უკანონოდ მოხდა.
არსებითად, არც ოპოზიცია მალავს, რომ მისი მოთხოვნა მინიმალური ხელფასის გაზრდის თობაზე დღეს არარეალურია. ამას 13 მარტის სხდომაზე პარლამენტარ ზურაბ ჟვანიას განცხადებაც ადასტურებს:
[ზურაბ ჟვანიას ხმა] "იმ სრული კრიზისის ფონზე, რომელიც არის დღეს, როდესაც 40 მილიონით უკვე გაირღვა ბიუჯეტი, რა თქმა უნდა, არარეალისტური იქნება ხელისუფლებამ აიღოს ახალი ვალდებულება, რომელიც აღმოჩნდება ტყუილი მოსახლეობის წინაშე."
ქვეყანაში შექმნილი საბიუჯეტო კრიზისის გამო აღმასრულებელი ხელისუფლების კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს ფრაქცია "ახლების" თავმჯდომარე დავით გამყრელიძე, რომელმაც საპარლამენტო ტრიბუნა პრეზიდენტისადმი მიმართვისთვის გამოიყენა:
[ დავით გამყრელიძის ხმა] " ერთხელ და საბოლოოდ ვიღაც უნდა დაისაჯოს იმ შედეგებისთვის, რაც ქვეყანაშია შექმნილი. მე მოვითხოვ თქვენგან, რომ უახლოეს ვადაში დადგეს საკითხი სახელმწიფო მინისტრის, ეკონომიკური გუნდის და, თუ საჭიროა, ძალოვანი მინისტრების პასუხისმგებლობისა იმ მდგომარეობისთვის, იმ საბიუჯეტო კრიზისისთვის, რაც ქვეყანაშია შექმნილი. სხვა შემთხვევაში მთელი პასუხისმგებლობა დაგეკისრებათ თქვენ. და შემდგომ რა მოხდება ამ ქვეყანაში - მოხდება თუ არა არგენტინული მოვლენები, როცა ქვაბების რევოლუცია განვითარდა, არავინ ვიცით."
მოხდება თუ არა საქართველოში ქვაბების რევოლუცია - ნამდვილად არავინ იცის, მაგრამ როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდელო ხელისუფლების კრიზისი რომ უკვე შექმნილია, უდავოა.
XS
SM
MD
LG