Accessibility links

პოლიტიკოსების სატელევიზიო დებატები, ჟურნალისტები და მაყურებელი


ფსიქოლოგ შოთა ნადირაშვილთან ინტერვიუში, რომელსაც თამარ ჩიქოვანი გაუძღვება საუბარი საქართველოში ღირებულებათა გაუფასურებას შეეხება და, რადგან ღირებულებათა გაუფასურების

მიზეზები მედიის საქმიანობაშიც არის საძებნელი, შევეცდებით გავაანალიზოთ, თუ რას წარმოადგენს საქართველოში პოლიტიკოსების სატელევიზიო დებატები, რომლებსაც საეთერო სივრეცში წამყვანი ადგილი უკავია, რამდენად და რატომ არის ასე ყალბი ეს დებატები. აღნიშნულთან დაკავშირებით ეკა წამალაშვილი ჟურნალისტების და მათი მაყურებლის შეხედულებებს გაგაცნობთ.

ჩემ მიერ გამოკითხული ადამიანები, ჟურნალისტები, რომლებსაც თავად უწევთ პირდაპირ ეთერში პოლიტიკოსთა სატელევიზიო დებატების გაძღოლა და ისინიც, რომლებსაც, მოსწონთ თუ არ მოსწონთ, მაინც უწევთ ამ დებატებისთვის თვალყურის დევნება, აღნიშნავენ, რომ პოლიტიკოსები ფართო აუდიტორიის წინაშე გამოსვლისას გულწრფელები არ არიან და მათი სატელევიზიო დებატები, უმეტეს შემთხვევაში, მძიმე შთაბეჭდილების დამტოვებელია. ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას, რომელსაც მალე ახალი დამოუკიდებელი ტელეკომპანია "მზის" პირდაპირ ეთერში მოუწევს ღამის პოლიტიკური შოუს გაძღოლა, პოლიტიკოსთა გულწრფელობის, უბრალოდ, არ სჯერა. მაშინ, როცა სახელმწიფო ტელევიზიის პირველი არხის "ღამის მოამბის" წამყვანი იყო, ინგა არაერთხელ გამხდარა მოწმე იმ პოლიტიკოსების, უკვე არასაეთერო, შეხმატკბილებული დიალოგისა, რომლებიც პირდაპირ ეთერში დაუნდობლად ლანძღავდნენ ერთმანეთს.

[ინგა გრიგოლიას ხმა] "გულწრფელობა არ არსებობს პირდაპირ ეთერში და, პრინციპში, ვერც მოსთხოვ ამას პოლიტიკოსს, რადგან ნებისმიერი გამოსვლა პოლიტიკოსისა მაინც ამომრჩეველზეა გათვლილი. მე არ მჯერა პოლიტიკოსების გულწრფელობის და ვაფასებ ხოლმე მათ გამოსვლას იმის მიხედვით, თუ რომელს უფრო მაგარი, მყარი და კატეგორიული დემაგოგია შეუძლია."

პოლიტიკოსების სატელევიზიო დებატები მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს ტელეკომპანია "რუსთავი 2 "- ის ერთ-ერთ წამყვანზე, ნათია ზამბახიძეზეც, და არამარტო იმიტომ, რომ ამ დებატებისას პოლიტიკოსები გულწრფელები არ არიან. ნათიას აზრით, დებატებში მონაწილეობის მიღებაზე ეს ადამიანები სწორედ იმიტომ თანხმდებიან, რომ ესა თუ ის კონკრეტული საკითხი განიხილონ ისე, როგორც ეს მათ წარმოუდგენიათ.

[ნათია ზამბახიძის ხმა] " უფრო მეტად მძიმე შთაბეჭდილება რჩება იმის გამო, რომ მეტყველების კულტურა, პოლიტიკური დებატების კულტურა ჩანასახოვან მდგომარეობაშია ჩვენთან. ძალიან იშვიათ შემთხევევაში ყოფილა დებატები და არა, უბრალოდ, ჩვეულებრივი საქმის გარჩევა. "

მართლაც, ძნელია გავიხსენოთ გადაცემა, რომელშიც პოლიტიკოსები ერთმანეთს დემაგოგიასა და სიყალბის დემონსტრირებაში კი არა, ამა თუ იმ კონკრეტული პრობლემის სიღრმისეულ გაანალიზებაში შეჯიბრებიან. იურისტი დათო უსუფაშვილი სატელევიზიო პოლიტიკურ დებატებს ხშირად უყურებს და ამბობს, რომ ისინი მიდის ზედაპირულად, ისე, რომ ორივე მხარე თავს არიდებს საკითხის არსში გარკევვას. ერთი მხრივ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ამისთვის არც არიან მზად, მეორე მხრივ:

[დათო უსუფაშვილის ხმა] "ამით ცდილობენ იმ პრობლემების მიჩქმალვას, რომლებიც რეალურად არსებობს. არის მოსაზრება, რომ ეს ტაქტიკა ამომრჩეველზე თამაშისთვის სწორია, მაგრამ პოლიტიკოსის დანიშნულება მარტო ის კი არაა, რომ საზოგადოება რასაც ითხოვს, ის მიაწოდოს და ამომრჩევლის ღირებულებებს და ინტერესებს გაჰყვეს, არამედ თავისი ამომრჩეველიც უნდა შექმნას. პოლიტიკოსმა თავისი გამოსვლით ამომრჩეველზე უნდა მოახდინოს გავლენა საკითხის არსობრივ მხარეებში მათ დასაინტერესებლად. "

ეს რომ ასე არ ხდება, არის თუ არა ჟურნალისტების დამსახურებაც?

[ნათია ზამბახიძის ხმა] "სწორედ პოლიტიკოსებს არ აწუხებთ ეს საკითხები. შესაბამისად, ნებისმიერ პრობლემასთან დაკავშირებით დასმული კითხვა მათთვის გადაიქცევა პირადი უპირატესობის დამტკიცების საბაბად. ძალიან ბევრი მცდელობა ყოფილა, სწორედ პრობლემაზე ყოფილიყო საუბარი, მაგრამ ეს გადაიქცევა ხოლმე ორ ადამიანს შორის საქმის გარჩევის ილუსტრირებად."

თუ ჟურნალისტი ახერხებს პოლიტიკოსები გამოაჩინოს ისეთებად, როგორებიც ისინი სინამდვილეში არიან, ნათია ზამბახიძის აზრით, ამაში ცუდი არაფერია, პირიქით.
მაგრამ პოლიტიკოსების თუნდაც შეულამაზებლად წარმოჩენა, ასეა თუ ისე, პოლიტიკოსის წისქვილზეც ასხამს წყალს.

[ინგა გრიგოლიას ხმა] "მერე, როცა უყურებ ხოლმე რომელიმე პოლიტიკოსს, ხანდახან გეღიმება და ფიქრობ, რომ ის შენი გამომცხვარი პოლიტიკოსია. ჩვენ თვითონ ვქმნით ხოლმე ფიგურებს იმ ადამიანებისგან, რომლებიც, ჩვენი არარსებობის შემთხვევაში, უბრალოდ, ვერანაირად ვერ იქნებოდნენ ფიგურები. ასეთია დღესდღეობით ჩვენი რეალობა."

"ძალიან უხეშად რომ ვთქვათ, პოლიტიკოსები ჩვენთვის სამუშაო მასალაა, მაგრამ პოლიტიკოსებსაც სჭირდებათ იყვნენ მასალა ჟურნალისტებისთვის," - ამბობს ინგა გრიგოლია. მაგრამ რა სჭირდება საზოგადოებას?

[დათო უსუფაშვილის ხმა] "ერთ-ერთი ნაკლი ჩვენი მედიისა არის ის, რომ პრაქტიკულად არ არსებობს ისეთი ანალიტიკური გადაცემები, რომლებიც არ იქნებოდა მიძღვნილი დღევანდელი ცხელი ამბებისადმი და რომლებშიც იქნებოდა საუბარი იმაზე, თუ, ვთქვათ, ერთი წლის მანიძილზე რა მოხდა ენერგეტიკაში ან ორი წლის პერსპექტივის თვალსაზრისით რა არის მოსალოდნელი. დღეს დღევანდელი პრობლემებია შერჩეული."

დათო უსუფაშვილი ქართული მედიის ნაკლად ასახელებს იმასაც, რომ ჟურნალისტები, რომლებიც პოლიტიკურ დებატებს წარმართავენ, არ არიან სათანადოდ მომზადებულები იმისათვის, რომ სწორი მიმართულება მისცენ დებატებს. "ჟურნალისტებს, რომლებსაც ყოველდღიურად სხვადასხვა თემებზე უწევთ მსჯელობა, უნდა ჰყავდეთ კონსულტანტების მთელი არმია. სამწუხაროდ, ეს ასე არ არის," - ამბობს დათო უსუფაშვილი, თუმცა იმედს იტოევბს, რომ კონკურენციის ნიშნები, რომელიც მედიის სივრცეში ჩნდება, აქეთკენ წაიყვანს საქმეს.
XS
SM
MD
LG