Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატები თურქეთთან გარიგებას ვერ ახერხებს


იმისათვის, რომ ერაყთან ომის გეგმა განახორციელოს,

პენტაგონს სჭირდება თურქეთის ოფიციალური თანხმობა, გამოიყენოს მისი სამხედრო ბაზები და საჰაერო სივრცე. ვაშინგტონი ამ უფლებას, ყოველ შემთხვევაში, ისეთს, რომელიც მის არმიას საშუალებას მისცემდა ერაყს თამამად დასხმოდა თავს ჩრდილოეთიდან, ჯერჯერობით ვერ ეღირსა. ვითარება გაართულა იმანაც, რომ თურქეთის ხელისუფლებაში ცვლილებაა: პრემიერი გამოიცვალა, იქმნება ახალი მთავრობა. აშშ-ში თურქეთის ელჩის ვარაუდით, ამ თემაზე გადაწყვეტილების მიღება მალე ვერ მოხდება. ვაშინგტონის და ანკარის ურთიერთობა კიდევ უფრო გაართულა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშისა და თურქეთის წამყვანი პოლიტიკოსის, ახალი პრემიერის რეჯეპ ერდოანის სატელეფონო საუბარმა, რომელიც ამერიკელებმა ასე შეაფასეს: ეს არ იყო მაინცდამაინც კარგი საუბარი - თურქეთი არ აღმოჩნდა ისეთი დამთმობი, როგორიც ჩვენ გვეგონაო. ერდოანმა ბუშის თხოვნას, დაეჩქარებინა პარლამენტში საკითხის გატანა, დადებითად არ უპასუხა.
რაშია ამერიკელების პრობლემა, რისთვის სჭირდებათ მათ თურქეთი? მთავარი ის არის, რომ პენტაგონს ერაყზე საჰაერო თავდასხმისთვის თურქეთის აღოსავლეთში მდებარე აეროდრომების გამოყენებისა და საჰაერო სივრცეში გადაადგილების უფლების მიღება სურს. ამ განცხადებას პარლამენტმა უკვე უყარა კენჭი, მაგრამ დადებითი გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, ვერ მიიღო, რადგან მომხრეთა აბსოლუტური უმრავლესობა ვერ მოგროვდა. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები არ მალავენ, რომ თურქეთში ჩავიდა დიდი რაოდენობის სამხედრო აღჭურვილობა, რომელიც ერაყის წინაღმდეგ უნდა გამოიყენოს ამერიკის არმიამ. თითქოს ერთმანეთს ეწინააღმდეგება ეს ორი ფაქტი: ამერიკა თურქეთში ბაზებს აღჭურავს და თან პარლამენტის გადაწყვეტილებას ელის. ამ წინააღმდეგობამ პარლამენტში სკანდალი გამოიწვია. თურქეთის პარლამენტის ოპოზიციური ძალები არ გამორიცხავენ, რომ ხელისუფლებამ ამერიკის მთავრობასთან საიდუმლო გარიგება დადო, რის საფუძველზეც პენტაგონი თურქეთში თავის ტექნიკას განალაგებს. ამერიკელებს აქვთ სხვა საშუალებაც, თუ თურქეთი თავის უარზე დარჩა: მათ შეუძლიათ იორდანია-ისრაელის საჰაერო სივრცის გავლით მიიტანონ ერაყზე იერიში. მაგრამ, როგორც სამხედრო საზღვაო ფლოტის მაღალი რანგის წარმომადგენელმა თქვა, ეს ისრაელის მიმართ არაბული სამყაროს განწყობილებას კიდევ უფრო გააუარესებდა. შეერთებული შტატები რომ ერაყთან ამ მომავალ ომში ისრაელს გაუფრთხილდებოდა, მოსალოდნელი იყო, მაგრამ თურქეთი ხომ მისი ერთგული მოკავშირე იყო ყოველთვის? პენტაგონს კიდევ ერთი საშუალება აქვს თურქეთიდან ერაყზე თავდასხმისას: მას შეუძლია ინჯირლიქის აეროპორტის ინფრასტრუქტურა გამოიყენოს. იქიდან ერაყის საჰაერო სივრცის იმ არეალების გაკონტროლება ხდება, სადაც ერაყს ფრენა ეკრძალება და სადაც ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების თვითმფრინავები ერაყის სარადარო დანადგარებს ბომბავენ ხოლმე. უნდა გაირკვეს, იძლევა თუ არა ამ სანქციის ჩარჩოები ერაყზე ნებისმიერი ხასიათის თავდასხმის უფლებას.
ვაშინგტონსა და თურქეთს შორის ურთიერთობის გაუარესების სხვა მიზეზია ქურთული ფაქტორი. ერაყის ჩრდილოეთში, ქურთისტანში, შეერთებული შტატების მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რადგან სპარსეთის წინა ომით იმედგაცრუება არ დავიწყებიათ. ამავე დროს, იქ მცხოვრებ ქურთებს იმედი აქვთ, რომ სადამ ჰუსეინის დამხობა მათ დამოუკიდებლობის შანსს მისცემს. არადა, თურქეთი მოვლენათა ამგვარ განვითარებას უფრთხის და ერაყის ქურთისტანში ჯარების შეყვანის სურვილი აქვს. ვაშინგტონს ორივე სჭირდება და მათ შორის მანევრირება უწევს, ისინი კი ერთმანეთის დაუძინებელი მტრები არიან. 11 მარტს ქურთისტანის მხრიდან საზღვართან მძიმე საბრძოლო ტექნიკა და ასობით ჯარისკაცი განთავსდა. თურქეთმა თავისი სასაზღვრო ზონა გააძლიერა. ორივე მხარე პროფილაქტიკურ ღონისძიებაზე ლაპარაკობს, რადგან ორივეს კარგად ესმის, რომ ამ ჯარების შეტაკება სამკვდრო- სასიცოცხლო იქნება.
XS
SM
MD
LG