Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საზოგადოების გამოხმაურება სოჭის შეხვედრის პრინციპებზე


საზოგადოების არაერთგვაროვანი დამოკიდებულების მიუხედავად, აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების თაობაზე სოჭში, პუტინ-შევარდნაძის 6-7 მარტის შეხვედრაზე, გამოთქმული წინადადების

სარეალიზაციოდ საქართველოს ხელისუფლება სამუშაო ჯგუფს ქმნის და საერთაშორისო თანამეგობრობას ფინანსური დახმარებისკენ მოუწოდებს. თუმცა პოლიტიკური სპექტრი და სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფები კვლავაც მოითხოვენ, მიუკერძოებელი ექსპერტიზა ჩაუტარდეს სოჭში გამოთქმულ პრინციპებს და სამოქმედო გეგმის შედგენის პროცესში ხელისუფლებამ მათი რეკომენდაციებიც გაითვალისწინოს. ეს რეკომენდაციები, როგორც სახალხო დამცველის ოფისში პარასკევს გამართულმა შეხვედრამ ცხადყო, ისეთივე არაერთგვაროვანი და წინააღმდეგობრივია, როგორც თავად საქართველოს საზოგადოება.

თითქმის ათწლიანი პაუზის შემდეგ აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების თაობაზე სოჭში გამართულმა რუსეთ-საქართველოს უმაღლესი დონის შეხვედრამ, მასზე გამოთქმული კეთილი სურვილებისა და იმედების მიუხედავად, ჯერჯერობით ვერაფერი დააკლო სკეპტიკოსთა რიგების ერთიანობას. სოჭის შეხვედრის შემდეგ მწვავე კითხვების სია კიდევ უფრო დაგრძელდა, არ შეცვლილა უნდობლობა რუსეთის სამშვიდობო მისიის მიმართ. მეტიც, სახალხო ფრონტის ლიდერის, პროფესორ ნოდარ ნათაძის თქმით, მთელი ეს ლაპარაკი ლტოლვილების დაბრუნებისა და ეკონომიკური პროექტების სინქრონიზებაზე მიმართულია მხოლოდ იქითკენ, რომ რუსეთმა მიაღწიოს სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას და, სომხეთისა და ირანის ტერიტორიების გავლით, ერაყი საბრძოლო ტექნიკითა და იარაღით მოამარაგოს.

სერიოზული პოლიტიკური გარანტიების გარეშე რკინიგზის ამოქმედების საკითხს ეჭვის თვალით უყურებს კონფლიქტოლოგი გიორგი ხუციშვილიც, მაგრამ მომხრეა ეკონომიკური პროექტების განხორციელებისა აფხაზეთის ტერიტორიაზე.

[გიორგი ხუციშვილის ხმა] "მე ყოველთვის გამოვდივარ იქიდან, რომ აფხაზეთის საკითხს გადაწყვეტს საკმარისი ეკონომიკური სტიმულის პრინციპი. ენგურ-ჰესის სრული მასშტაბით ამუშავება მართლა დიდი მოვლენა იქნებოდა. ის დააკმაყოფილებდა, მე მგონი, მთელი საქართველოს მოთხოვნილებას, იმხელა პოტენციაა ამაში."

თუმცა ქართველი ექსპერტების მოსაზრება ამ საკითხშიც მნიშვნელოვან სხვაობას იძლევა. კონფლიქტოლოგი ალექსანდრე რუსეცკი მიიჩნევს, რომ თავდაპირველად უნდა მოხდეს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოწესრიგების არსებული ფორმატის ექსპერტიზა და ობიექტურად დადგინდეს კონფლიქტის მონაწილე მხარეები. წინაამდეგ შემთხვევაში, ეკონომიკური პროექტების განხორციელება აფხაზეთის ტერიტორიაზე მხოლოდ იქ არსებულ სეპარატისტულ ხელისუფლებას გააძლიერებს.

[ალექსანდე რუსეცკის ხმა] "ასეთი არასწორი ხედვა იწვეს არა მხოლოდ ძალადობის პერსპექტივას, არამედ რეალურად ქმნის ძალადობას დღეს - რევანშისტული განწყობების, ომის ლოზუნგების, პარტიზანული მოძრაობის სახით. აი, იმ ადამიანებს დავუფიქრდეთ, ვინც იარაღს იღებს ხელში: რატომ არიან ასეთი აგრესიულები, რა დგას ამ აგრესიის უკან? ის, რომ უშუალოდ მათი ინტერესები არ არის დაცული."

აღსანიშნავია, რომ სოჭის მოლაპარაკებას დიდი ენთუზიაზმი არც ამ პროცესში ჩართულ სახელმწიფო უწყებათა წარმომადგენლებში გამოუწვევია. საერთშორისო საკითხებში პრეზიდენტის თანაშემწე შალვა ფიჩხაძეს არ დაუმალავს, რომ მას უჭირს დარწმუნებით იმის თქმა, რომ სოჭის პრინციპები უსათუოდ განხორციელდება.

[შალვა ფიჩხაძის ხმა] "92 წლიდან იმდენი იმედგაცრუება მინახავს რუსეთის მხრიდან, რომ დიდი დარწმუნებით ვერ ვიტყვი, რომ რაზეც მათ ისაუბრეს, შესრულდება. თუმცა, ნუ, ცდა ბედის მონახევრეა. მე მგონი, რომ ასეთი მოლაპარაკება ჩვენ არაფერს გვაკარგვინებს."

თუ რა გამოვა ამ ცდისგან, საქართველოს მოსახლეობა დაახლოებით ერთი თვის შემდეგ გაიგებს, როდესაც სამუშაო ჯგუფები სოჭში მიღწეული პრინციპების რეალიზების გეგმაზე მუშაობას დაიწყებენ. მანამდე კი საქართველოს ხელისუფლებას კიდევ არაერთხელ მოუწევს საზოგადოების წინაშე იმის განმარტება, თუ რა დგას სოჭის მოლაპარაკების უკან.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG