Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორი იქნება თბილისელთათვის 2003 წლის საბიუჯეტო წელი


თბილისის 2003 წლის ბიუჯეტს მთავრობა საქალაქო მეურნეობასა და სოციალურ სფეროზე ორიენტირებულ ბიუჯეტად ახასიათებს. შესაბამისად, ამ შეფასებითვე ადასტურებს,

რომ მერიამ საკრებულოსთან დაპირისპირებას შეგნებულად აარიდა თავი. პირველი მოსმენით ჩავარდნის შემდეგ, ბიუჯეტის კორექტირებული პროექტი მთლიანად 8,6 ლარით გაიზარდა. შემოსავლების ზრდის რეზერვები ეგრეთ წოდებულ კორუფციულ მუხლებში გამოინახა, რითაც კორუფციის ალბათობის პროცენტმა, საშუალოდ, 80-დან მხოლოდ 30 პროცენტამდე დაიწია. პარადოქსია, რომ ამავე ნიშნით დაფინანსება შეუმცირდა კორუფციასთან ბრძოლის საქალაქო სამსახურსაც.

კორუფციასთან ბრძოლის საქალაქო სამსახური ერთბაშად 45 000 ლარით დაზარალდა, რაც, რასაკვირველია, მისი ხელმძღვანელის სამართლიანი გაცხარების მიზეზად იქცა. თუმცა გურამ საღარაძე გამონაკლისი არ ყოფილა მათ შორის, ვინც მერიის მიერ საკრებულოში მეორედ წარდგენილი, პრაქტიკულად სახეშეცვლილი ბიუჯეტის პროექტში თავისი ფინანსები და რეკომენდაციები მოისაკლისა.პირველ რიგში, ვასახელებთ საკრებულოს ლეიბორისტებს, რომელთა უკმაყოფილება განპირობებული იყო იმით, რომ ბიუჯეტში სრულყოფილად არ იქნა გათვალისწინებული უფასო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საკითხი, უფასო მუნიციპალური საავადმყოფოს პროგრამა და ამ რიგის სხვა პუნქტები, რითაც ფრაქცია "ლეიბორისტი" თავიდანვე 2003 წლის ბიუჯეტის ძირითად ოპონენტად ითვლებოდა. უფრო მოულოდნელი იყო ფრაქცია "ახალი დემოკრატების" ულტიმატუმი, რომელიც ბიუჯეტის წინააღმდეგ წასვლას მოასწავებდა იმ შემთხვევაში, თუ კანონში არ მოხვდებოდა ფრაქციის ძირითადი პრიორიტეტი - დედაქალაქის გარე განათების სამწლიანი პროგრამა.
[დავით ხუციშვილის ხმა]"გარე განათება არის ის პროგრამა, რომელიც ძალიან პრინციპულია ჩვენთვის, ასევე მოსახლეობისთვის, იმიტომ რომ თქვენ იცით: პრინციპში, დანაშაულის 70 % მოდის ჩაბნელებულ უბნებსა და ჩაბნელებულ ქუჩებზე. აბსოლუტურად ყველა თეთრი არის დათვლილი და პრაქტიკულად სუყველამ ერთად აღიარა ამ პროგრამის დაფინანსების აუცილებლობა და დღეს ჩვენ ბიუჯეტში ვხედავთ, რომ არათუ შენარჩუნდეს ის, რაც არის განათებული დედაქალაქში, არამედ იმის შემცირებაზეა ლაპარაკი."
ფრაქცია "ახალი დემოკრატების" გარდა, ბიუჯეტით უკმაყოფილონი არიან ასევე "ახალი მემარჯვენეები", რომელთაც საკუთარი ექვსპუნქტიანი პროექტის, "ჯანსაღი თაობის", პრაქტიკულად ერთი მუხლი გაიტანეს. ამ მუხლის მიხედვით, პირველკლასელებს სახელმძღვანელოები უფასოდ უნდა დაურიგდეთ.
თბილისის საკრებულოს ფრაქციებს შორის ყველაზე მომგებიან პოზიციაში იმყოფებიან ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრები. ზვიად ძიძიგური, მაგალითად, ფიქრობს, რომ ფრაქცია ამომრჩევლის წინაშე დადებული პირობების აღსრულებას პრაქტიკულად უკვე შეუდგა.
[ზვიად ძიძიგურის ხმა] "დღეს რაც არის შემოსული ბიუჯეტში, ეს ჩვენი პრიორიტეტული მიმართულებები არის გათვალისწინებული. თუმცა მე შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ ეს არის ბიუჯეტი ან სრულყოფილი, ან კარგი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რეალურად, ახლა პენსიონერები როცა გვკითხავენ უკვე, რომ როდის არის შესაძლებელი, რომ მათ მიიღონ მომატებული პენსია, ჩვენ შეგვეძლება ვუპასუხოთ, რომ შემდეგი თვიდან."[სტილი დაცულია]
პენსია 3 ლარით გაიზრდება, მასწავლებლების სახელფასო დანამატი - 30 პროცენტით. მთლიანობაში კი, ფრაქციული ინტერესებისა და რეკომენდაციათა ფრაქციული კუთვნილების ჩარჩოებიდან თუ გამოვალთ, 2003 წლის ბიუჯეტის პარამეტრების შესაბამისად, თბილისელები სასწრაფო სამედიცინო დახმარების 3-ჯერ უფასო მომსახურების უფლებით ისარგებლებენ. რაც შეეხება ლიფტებისა და სახურავების შეკეთებას, ეს სიამოვნება წელს მხოლოდ 9 და უფრო მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების მობინადრეებს ელით.
XS
SM
MD
LG