Accessibility links

logo-print

ერაყის მეზობლები საზღვრებს კეტავენ


თუ ერაყის კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარება ვერ მოხერხდა და საქმე ომამდე მივიდა, ეჭვს არ იწვევს, რომ ამ ქვეყნის ასიათასობით მკვიდრი ლტოლვილად იქცევა. არადა, როგორც ქუვეითში ჩვენი

რადიოს ერთ-ერთმა კორესპონდენტმა, ჩარლზ რეკნაგელმა შეიტყო, ერაყის მეზობელი სახელმწიფოების უმრავლესობა უარს ამბობს სამხედრო მოქმედებებს გაქცეულთა შეკედლებაზე, რის გამოც გაეროს ლტოლვილთა სააგენტო ვერ ახერხებს ჰუმანიტარული კრიზისისათვის სათანადოდ მომზადებას. თუ რას იუწყება ჩვენი კორესპონდენტი ამ პრობლემასთან დაკავშირებით, უფრო დაწვრილებით დავით კაკაბაძისგან შეიტყობთ.

ქუვეითში 200 ათასამდე დასავლელი სამხედრო მოსამსახურეა განთავსებული, რათა, შესაბამისი ბრძანების შემთხვევაში, ერაყზე იერიში წამოიწყოს. აი, რაც შეეხება ლტოლვილებს, ქუვეითი მათ მიღებას არ აპირებს: ქვეყნის მთავრობამ რამდენიმე დღის წინათ გამოაცხადა, რომ მიზანშეწონილად მიიჩნევს ლტოლვილთა ბანაკების აშენებას ქუვეითსა და ერაყს შორის მდებარე დემილიტარიზებულ ზონაში, უფრო ზუსტად კი ერაყის მხარეზე, რომელსაც ამჟამად გაეროს წარმომადგენლები მეთვალყურეობენ.

ნს031178 [ალი ალ-მუმიმის ხმა] "ჩვენი გეგმით, ლტოლვილთა ბანაკები ერაყის ტერიტორიაზე, უმთავრესად დემილიტარიზებულ ზონაში უნდა აშენდეს. შეგვიძლია პირობა დავდოთ, რომ მათ დიდ დახმარებას გავუწევთ. ეს არის საუკეთესო გამოსავალი, რადგან საზღვრის მიმდებარე ჩვენი ტერიტორია რომ აიღოთ, დაინახავთ, რომ იქ, ძირითადად, უდაბნოა; მაშინ, როცა ერაყის მხარეზე ზოგან განთავსებულია აღჭურვილობა, რომლის არსებობა ბევრი ორგანიზაციისათვისაც ცნობილია. გარდა ამისა, ერაყში უკვე აქტიური მზადება მიმდინარეობს. ამიტომ ეს არის, ჩვენი აზრით, პრობლემის მოგვარების საუკეთესო გზა" - მთავრობის ეს არგუმენტი ორშაბათს გააცნო ჟურნალისტებს ქუვეითის ჰუმანიტარული ოპერაციების ცენტრის თავმჯდომარემ, გენერალმა ალი ალ-მუმიმმა. მას არ დაუზუსტებია, რა ადგილებში მიაჩნია მიზანშეწონილად ლტოლვილთა ბანაკების შექმნა. ამჟამად კი, როგორც ჩვენი კორესპონდენტი იუწყება, ერაყის ტერიტორიაზე არ არსებობს ადგილნაცვალ პირთათვის განკუთვნილი თავშესაფრები.

ისევე, როგორც ქუვეითი, დევნილების მიღებაზე უარს ამბობენ ერაყის მეზობელი იორდანია და თურქეთიც. საუდის არაბეთს საჯარო განცხადება არ გაუკეთებია, მაგრამ, მიღებული ცნობების თანახმად, არც ის აპირებს ერაყიდან გაქცეულების შეკედლებას. მხოლოდ ირანი ამბობს, რომ ამზადებს თავშესაფრებს - ოცამდე ბანაკს - მეზობელი ქვეყნის საზღვართან იმ შემთხვევისათვის, თუ მის ტერიტორიას დევნილთა ტალღა სამხრეთი ერაყიდან მიაწყდება. (ირანის პოზიციასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ ეს ქვეყანა ერთმორწმუნეებად მიიჩნევს სამხრეთ ერაყში მოსახლეთა შიიტურ უმრავლესობას. ერაყელი შიიტების შეიარაღებული ოპოზიციის შტაბ-ბინაც თეირანში მდებარეობს.)

გაერო შიშობს, რომ ერაყის მეზობლების უმრავლესობის უარყოფითი დამოკიდებულება ლტოლვილების დახმარების საკითხის მიმართ, შესაძლოა, მთელს მსოფლიოში გამოკვეთილ ტენდენციას ასახავდეს. მთავრობები ცდილობენ, თავიდან აიცილონ დევნილების პრობლემა, რადგან ბოლო წლების სამხედრო დაპირისპირებებმა ხომ ყველას დაანახა: კონფლიქტებს თან ახლავს ათასობით ადამიანის გადაადგილება, მათი წლობით, არცთუ იშვიათად ათწლეულობით დარჩენა თავიანთი სახლ-კარიდან შორს, ზოგჯერ უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე. რამდენად მწვავეა ეს პრობლემა, სამწუხაროდ, საქართველოს მაგალითზეც კარგად მოგვეხსენება. მაგრამ ახლა ისევ ერაყს დავუბრუნდეთ.

გაეროს ლტოლვილთა საკითხების კომისარიატში შეშფოთებული არიან იმის გამო, რომ ერაყთან თითქმის ყველა საზღვრის ჩაკეტვა შეუძლებელს ხდის სავარაუდო კონფლიქტისთვის მზადებას: ჰუმანიტარული ორგანიზაციების თანამშრომლები ვერ მოახერხებენ ერაყში ჰუმანიტარული ტვირთის ჩატანას, რაც, საჭიროების შემთხვევაში, უმოკლეს დროში უნდა მოხდეს. გარდა ამისა, დონორი სახელმწიფოები ფეხს ითრევენ ომისშემდგომი დახმარების დაფინანსების საქმეში. ჩვენი კორესპონდენტი ქუვეითის დედაქალაქში ესაუბრა ამ ქვეყანაში გაეროს ლტოლვილთა უწყების პრესმდივანს, ენდა სევიჯს, რომლის თქმით, მისი უწყება მზად არ არის "რეგიონში მოსალოდნელ კრიზისთან" გასამკლავებლად.

ნს031179 [ენდა სევიჯის ხმა] "ჩვენი გეგმა თეორიულად ითვალისწინებს 600 ათასი ადამიანის დასახმარებლად მზადყოფნას. სინამდვილეში, თებერვლის დასაწყისისთვის მომზადებული გვქონდა 120 ათასი ადამიანისთვის სამყოფი დახმარება. მარტის ბოლოს ეს რიცხვი 300 ათასს მიაღწევს. მეტს ვერაფერს ვიტყვით, ვინაიდან ჩვენს ხელთ ამჟამად არსებული რესურსების სიმცირის გამო მეტის გაკეთებას ვერ შევძლებთ."

ეს გახლდათ დავით კაკაბაძის მიერ მომზადებულ სიუჟეტს დავამატებ გაეროში გამოთქმულ ვარაუდს, რომ თუ ომმა დიდხანს გასტანა, დევნილად იქცევა ორი მილიონი ერაყელი,ხოლო კიდევ მილიონ ხუთასი ათასი ადამიანი მეზობელ სახელმწიფოებში ემიგრირებას შეეცდება. შეგახსენებთ ასევე, რომ შეერთებული შტატების განცხადებით, მისი ჯარები ყველა ღონეს იხმარენ შესაძლო კონფლიქტის შემდეგ მოსახლეობის ჰუმანიტარული დახმარებით უზრუნველსაყოფად. ლაპარაკობს რადიო თავისუფლება.
XS
SM
MD
LG