Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაიზრდება თუ არა მინიმალური ხელფასი


თამარ ჩიქოვანი, თბილისი მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის სხდომა 14 მარტს შუაღამისას დასრულდა, მინიმალური ხელფასის ზრდის შესახებ პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტის ბედი კვლავ ბურუსითაა მოცული.

რადგან თემატურმა უმრავლესობამ ვერ შეძლო ამ კანონპროექტისთვის ხელმეორედ კენჭისყრა, მინიმალური ხელფასის ზრდის საკითხს ახლა პრეზიდენტი გადაწყვეტს. რას მოიმოქმედებს პრეზიდენტი?

4 დღიანი ცხარე დებატების მიუხედავად, მინიმალური ხელფასის ზრდასთან დაკავშირებით პარლამენტმა კონსენსუსს ვერ მიაღწია. საინტერესოა, რომ ივლისიდან საქართველოში მინიმალური ხელფასის 115 ლარამდე გაზრდის არარეალურობას ამ კანონპროექტის ინიციატორებიც ადასტურებენ. მაგალითად, "გაერთიანებული დემოკრატების" წევრის გიორგი ბარამიძის აღიარებით:
[გიორგი ბარამიძის ხმა] "შევთანხმდეთ: ეტაპობრივად გავზარდოთ მინიმალური ხელფასი, რამდენადაც ამის საშუალება ექნება ხელისუფლებას. არ არის აუცილებელი პირველი ივლისიდან 115 ლარი - იყოს 45 ლარი და ა.შ. ეტაპობრივად გავზარდოთ. აი, ეს არის ჩვენი წინადადება."
შეთანხმება არ შედგა: თემატური უმრავლესობა მინიმალური ხელფასის ეტაპობრივად ზრდის პრობლემის განხილვის წინაპირობად 28 თებერვალს მიღებული კანონპროექტის გაუქმებას აყენებს. ამას კატეგორიულად არ ეთანხმება ოპოზიცია.
ასეთ პირობებში რა გამოსავალი რჩება პრეზიდენტს, რომელიც არ მალავს, რომ არარეალურად მიაჩნია მინიმალური ხელფასის გაზრდის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შესრულება? გზა პირველი - პრეზიდენტი შესწორებებით უბრუნებს კანონპროექტს პარლამენტს. თუ პრეზიდენტის მოტივირებული შესწორებებით დაბრუნებულ კანონპროექტს პარლამენტი მხარს არ დაუჭერს, კენჭი ეყრება კანონპროექტის პირვანდელ ვარიანტს. იგი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას 141 პარლამენტარი დაუჭერს მხარს, რაც დღევანდელ პარლამენტში, წარმოუდგენელია, მოხდეს. გზა მეორე - პრეზიდენტი ხელს აწერს კანონპროექტს. პარალელურად, აღმასრულებელ ხელისუფლებას, ამ კანონის გათვალისწინებით, პარლამენტში შეაქვს ბიუჯეტის ცვლილებები, რომლის დასამტკიცებლად 118 მხარდამჭერია საჭირო. შეგროვდება თუ არა ამ რაოდენობის ხმა - ძლიერ საეჭვოა. გზა მესამე - პრეზიდენტი არც ხელს აწერს კანონპროექტს და არც შესწორებებით უბრუნებს პარლამენტს. ასეთ შემთხვევაში, კონსტიტუციით განსაზღვრული 5-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ კანონპროექტს ხელს აწერს პარლამენტის თავმჯდომარე. პარალელურად, აღმასრულებელი ხელისუფლება ისევ და ისევ ვალდებულია პარლამენტში წარმოადგინოს ბიუჯეტის ცვლილებების პროექტი, რომლის დამტკიცებას 118 ხმა სჭირდება.
კითხვაზე, რა შეიძლება მოხდეს, თუ პარლამენტის თავმჯდომარე ხელს მოაწერს კანონპროექტს, პარლამენტი კი კანონის შესრულებისთვის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას მხარს აღარ დაუჭერს - იურისტებს პასუხი არა აქვთ. პარლამენტარ ვახტანგ ხმალაძის განმარტებით, საპარლამენტო რესპუბლიკაში კრიზისიდან გამოსავალი მთავრობის გადადგომაა. საქართველო კი საპრეზიდენტო რესპუბლიკაა - აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის, პრეზიდენტის, გადაყენების მექანიზმი, პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის არსებული დაპირისპირების მიზეზით, კონსტიტუციაში არ არსებობს. ანუ, ნებისმიერ შემთხვევაში, პარლამენტში წარმოდგენილ ფრაქციებს შორის კონსენსუსის მიღწევა დღის წესრიგში დგება.
XS
SM
MD
LG