Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში მიმდინარე მოვლენები ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობპროექტს ვერ შეაფერხებს


ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტის რეალიზების დაწყებას რამდენჯერმე შეექმნა საფრთხე. სულ ბოლო წინააღმდეგობას ბორჯომის ხეობის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი წარმოადგენდა.

მან, მართლაც, სერიოზული გამოცდა მოუწყო როგორც ნავთობსადენის ინვესტორებს, ასევე საქართველოს ხელისუფლებას. ამჯერად ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტს გარკვეული საფრთხე ერაყის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებმა შეუქმნა. შეცვლის თუ არა ეს საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობსადენის მშენებლობის პროცესს?

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებარე კომპანიამ „ბი-ტი-სიმ" საქართველოში უკვე შემოიტანა მილების მეორე პარტია, რაც იმის მომასწავებელია, რომ ნავთობსადენის მშენებლობის პროცესი აქტიურად იწყება. „ბრიტიშ პეტროლიუმისა" ვიცე-პრეზიდენტისა და „ბი-ტი-სის" მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ თაუნსენდმა 14 მარტს თბილისში განაცხადა, რომ მიმდინარე წლის მანძილზე ნავთობსადენის ნახევარი უნდა აშენდეს.

ამ რთული მიზნის განსახორციელებლად „ბი-ტი-სი" ყოველდღიურად 4 მილიონ ამერიკის შეერთებული შტატების დოლარს ხარჯავს. თუ კასპიის ზღვაში მშენებარე ნავთობის მოსაპოვებელი პლატფორმების ხარჯებსაც გავითვალისწინებთ, ყოველდღიური თანხა 6 მილიონს უახლოვდება. შესაბამისად, 2003 წელს სულ დაიხარჯება 1 მილიარდ 400 მილიონი დოლარი, აქედან საქართველოში 140 მილიონის ინვესტიცია განხორციელდება. ამას ემატება სოციალური ინვესტიციების პროგრამა და მიწის მესაკუთრეთა კომპენსაციები.

კაპიტალდაბანდების მოცულობის მიუხედავად, სკეპტიკოსები მაინც გამოთქვამენ ეჭვს, რომ ერაყში ჯერ არდაწყებული ომის შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეებისთვის წარმატებით დამთავრების შემთხვევაში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენმა შეიძლება მნიშვნელობა დაკარგოს და, შესაძლებელია, მისი მშენებლობაც კი არ დასრულდეს. ამ მოსაზრების გასამყარებლად გამოითქმის ვარაუდი, რომ „ბრიტიშ პეტროლიუმი" ერაყის ნავთობით დაინტერესდება და კასპიური ნავთობის ტრანსპორტირების რთულ მარშრუტს დაივიწყებს. ამ ვარაუდებს „ბი-ტი-სისა" და „ბი-პის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი მაიკლ თაუნსენდი ასე უპასუხებს.

[მაიკლ თაუნსენდის ხმა] „არა... ჩვენი სტრატეგია არ შეიცვლება. ჩვენ უკვე ვალდებულება ავიღეთ, რომ კასპიის რეგიონში 15 მილიარდ დოლარს დავხარჯავთ. თუ ჩვენ ვიტყვით, დავივიწყოთ 15 მილიარდი დოლარი, იმიტომ რომ ერაყი უკეთესად გამოიყურებაო, არა მგონია, აქციონერებმა კეთილი თვალით შემოგვხედონ. ჩვენი ყველა გადაწყვეტილება ხანგრძლივ პერსპექტივაზეა გათვლილი. თუ ერაყი იქნება ხელმისაწვდომი, თუ იქ იქნება მიმზიდველი პერსპექტივები, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიფიქრებთ იმაზე, რომ იქაც ვიმუშაოთ, მაგრამ ეს არავითარ ზეგავლენას არ მოახდენს კასპიის რეგიონში ბი-ტი-სის სტრატეგიაზე."


ასევე მყარი და უცვლელია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის მარშრუტიც. მიუხედავად გარემოსდამცავი ორგანიზაციების ძალისხმევისა, მილსადენი ბორჯომის ხეობისათვის აეცილებინათ, „ბი-ტი-სი" მხოლოდ გარემოსდაცვითი სისტემის გაძლიერებაზე დათანხმდა და არა მილსადენის მარშრუტის შეცვლაზე. ბორჯომში გარემოს უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების პროექტი გადაეცა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, რომელსაც შენიშვნები ჯერჯერობით არ გამოუთქვამს. სამინისტრო მილსადენის მარშრუტის კორექტირებას მხოლოდ წალკის რაიონში ითხოვდა. პროექტის მიხედვით, მილსადენი წალკაში წყალსაცავის მახლობლად გაივლის, თუმცა მაიკლ თაუნსენდი არც ამ რამდენიმეკილომეტრიანი მონაკვეთის შეცვლას მიიჩნევს მიზანშეწონილად.

[მაიკლ თაუნსენდის ხმა] „მარშრუტი საბოლოოა... წალკის რაიონში მარშრუტის პატარა ცვლილების შეფასებისას იმ დასკვნამდე მივედით, რომ ეს პატარა ცვლილება არ არის მისაღები. ასე რომ, მარშრუტი არ იცვლება არც ერთ ქვეყანაში."

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობა საქართველოს ტერიტორიაზე 32 მეტრი სიგანის დერეფანს დაიკავებს. მას დაემატება შაჰდენიზის გაზსადენის პროექტიც და მილსადენების მშენებლობის დერეფნის საერთო სიგანე 44 მეტრს შეადგენს.

მილსადენის მშენებლობა აპრილის თვეში სანგაჩალში, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, დაიწყება. დეკემბრის თვისთვის ამ მილსადენმა განჯამდე უნდა მიაღწიოს, მომავალი წლის შუაში კი საქართველოს საზღვრამდე მოაღწევს. შემდეგ კი კონტრაქტორი კომპანია, რომელსაც აზერბაიჯანის მონაკვეთი ექნება გაპიროვნებული, უკან მიბრუნდება და გაზსადენის მშენებლობას დაიწყებს.

აზერბაიჯანის სამუშაოების პარალელურად საქართველოში საამშენებლო სამუშაოები მილსადენის მარშრუტის ქართული მონაკვეთის შუაწერტილიდან დაიწყება და წლის ბოლომდე თურქეთის საზღვრამდე მიაღწევს. ეს ასე იმიტომ კეთდება, რომ საქართველოს მთიანი რეგიონები საამშენებლო სამუშაოების საწარმოებლად ზაფხულის თვეში უფრო ხელსაყრელია. მხოლოდ ამის შემდეგ აშენდება აზერბაიჯანისა და საქართველოს დამაკავშირებელი მონაკვეთი. ასეთი საამშენებლო სტრატეგიით ნავთობისა და გაზის მილსადენების ინვესტორი კომპანიები ფინანსებსა და ადამიანურ რესურსებს დაზოგავენ, რაც კიდევ უდრო მომგებიანად აქცევს კასპიური ენერგეტიკული დერეფნის პროექტს.
XS
SM
MD
LG