Accessibility links

logo-print

სომხეთი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ


საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სომხეთი პოლიტიკურ კრიზისში აღმოჩნდა. არჩევნებს, რომელშიც ოფიციალურად რობერტ ქოჩარიანმა გაიმარჯვა, პოლიტიკური ოპოზიციაც და საერთაშორისო დამკვირვებლებიც

არადემოკრატიულად მიიჩნევენ. თებერვლის მეორე ნახევრიდან მოყოლებული ერევანში არ წყდება საპროტესტო დემონსტრაციები. მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ სომხეთმა ამჯერად აიცილა არჩევნებისშემდგომი ძალადობა, რასაც ადგილი ჰქონდა 1996 წელს პრეზიდენტ ლევონ ტერ-პეტროსიანის არჩევის შემდეგ. სომხეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა მღელვარების ჩასაცხრობად ქუჩაში მძიმე ტექნიკა გამოიყვანა. რობერტ ქოჩარიანი ჯერ-ჯერობით სიმშვიდეს ინარჩუნებს.
თუმცა, ვარაუდობენ, რომ მღელვარება სომხეთში რობერტ ქოჩარიანის ინაუგურაციის მოახლოებასთან ერთად, ანუ 9 აპრილისთვის კიდევ გაიზრდება.

სომხებისთვის უცხო არ არის სიტუაცია, როცა არჩევნების შემდეგ შედეგების კანონიერებას ოპოზიცია ეჭვქვეშ აყენებს, საერთაშორისო დამკვირვებლები კი უხეშ დარღვევებზე საუბრობენ. მიმომხილველები ამბობენ იმასაც, რომ ევროსაბჭოს წევრობის ორწლიანმა გამოცდილებამ სომხეთს დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით ვერაფერი შესძინა.

არჩევნების მეორე რაუნდის შემდეგ ეუთოს დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელმა პიტერ აიხერმა თქვა, რომ ის არჩევნების პროცესის უკეთეს სურათს ელოდა. აიხერმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანმა დარღვევებმა იჩინა თავი როგორც არჩევნების დღეს, ასევე ორ ტურს შორის კამპანიის მიმდინარეობისას, რომელიც არ იყო ღია და სამართლიანი. მეორეს მხრივ, ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა ლორდმა რასელ-ჯონსტონმა აღნიშვნის ღირსად ჩათვალა სომხეთის ამომრჩევლის აქტიური მონაწილეობა და საარჩევნო უბნებზე მომუშავე მოქალაქეთა პასუხისმგებლობის მაღალი დონე. რასელ-ჯონსტონმა აგრეთვე განმარტა, რომ "სომხეთში დემოკრატიის განვითარებისა და ევროსაბჭოს მოთხოვნების შესრულებისთვის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასაც მოსახლეობის მსგავსი განწყობა უნდა ჰქონდეს".

სომხეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა და კერძოდ, მისი ხელახლა არჩეული პრეზიდენტი არ თვლის, რომ ევროპის დამკვირვებელთა ყველა დასკვნა მართებულია. ქოჩარიანმა სთხოვა ეუთოს წარუდგინოს მას დარღვევათა შესახებ არსებული პირველადი დოკუმენტები. 12 მარტს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ქოჩარიანმა აღნიშნა: "მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს არჩევნები იდეალურად წარიმართა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ის სომხეთის მოსახლეობის მდგომარეობისა და ქვეყნის ახლანდელი პოლიტიკური ფონის ასახვა იყო".

მეორეს მხრივ, პოლიტიკურ ოპონენტებს ქოჩარიანი ასეთ პასუხს სცემს:

[ქოჩარიანის ხმა]
"ნურავინ იფიქრებს, რომ მე შეიძლება ვიყო, თუ შეიძლება ასე ითქვას, კომპლექსებით შეპყრობილი პრეზიდენტი და ამ კომპლექსების გავლენის ქვეშ ვიმუშავო. ეს არ მომხდარა და არც არასდროს მოხდება".

ოფიციალური მონაცემების თანახმად, ქოჩარიანმა არჩევნების მეორე ტურში ხმების 67-ნახევარი, ანუ მის პოლიტიკურ ოპონენტ სტეფან დემირჭიანზე ორჯერ მეტი ხმა მოიპოვა.

დემირჭიანი სრულებითაც არ აპირებს მარცხის აღიარებას და თავის მომხრეებს ასე მიმართავს:

[დემირჭიანის ხმა]
"საბოლოო ოფიციალურ შედეგებს არაფერი აქვთ საერთო ხალხის არჩევანთან და ეს შედეგები ჩემთვის მიუღებელია. მე მათ საკონსტიტუციო სასამართლოში გავასაჩივრებ".

სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ 14 მარტს მართლაც დაიწყო საჩივრის განხილვა. მხოლოდ არა დემირჭიანის, არამედ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურშივე დამარცხებული არტაშეს გეღამიანისა, რომელიც გახლდათ კანდიდატი ეროვნული ერთიანობის პარტიიდან. გეღამიანი აცხადებს, რომ პირველი რაუნდის შედეგები, რომლის თანახმადაც ის 17,7 პროცენტით მესამე ადგილზე გავიდა, გაყალბებული იყო და მათ გადახედვას მოითხოვს.

ეუთოს მეთვალყურეები უმთავრეს დარღვევათა შორის საარჩევნო ყუთებში ბიულეტენების ჩატენვას, ხმების დათვლის დროს გამჭვირვალეობის პრინციპის დარღვევასა და არჩევნების ორ რაუნდს შორის ოპოზიციის აქტივისტთა დაკავებას ასახელებენ.

სომხეთის ოპოზიცია გარდა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის პროტესტის გამოცხადებისა, მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვისაც ემზადება, რომელიც 25 მაისს უნდა გაიმართოს. როგორც ოპოზიციური, ისე ქოჩარიანის მხარდამჭერი პოლიტიკური ძალები ერთიანი საარჩევნო ალიანსის ჩამოყალიბებაზე მსჯელობენ. როგორც ჩანს, პოლიტიკური სიტუაცია სომხეთში გარკვეული ხნის მანძილზე არ დალაგდება.
XS
SM
MD
LG