Accessibility links

გასული "კულტურული კვირის" ამინდს ისევ მოსკოვიდან


გასული "კულტურული კვირის" ამინდს ისევ მოსკოვიდან

ჩამოსული სტუმრები ქმნიდნენ. თუ კინოაკადემიის პრემიის, "ნიკას" დამფუძნებლების - იული გუსმანისა და პაველ ფინის ვიზიტს პუტინ-შევარდნაძის შეხვედრის "აკომპანემენტად" მივიჩნევთ, პოპულარული რუსული პოპ-ანსამბლის "მუმი ტროლის" გასტროლები ამავე შეხვედრის "პოსტსკრიპტუმად" აღიქმება. დღეს ისევ აუცილებელი ხდება რუსი და ქართველი ხალხის მეგობრობაზე საუბარი, რომელშიც ადვილად ერთვებიან პოლიტიკოსები, ინტელიგენცია, პენსიონერები... მაგრამ ეს საუბრები, სპეციალური პროპაგანდისტული ტელეგადაცემები და კულტურული ღონისძიებები მაინცდამაინც არ აინტერესებს ახალგაზრდობას, თინეიჯერებს. მათი დიდი ნაწილი რუსულ ენას თითქმის ვერ ფლობს. ჯერ კიდევ 5 წლის წინ ქართველი ახალგაზრდები სიამოვნებით უსმენდნენ რუსული ესტრადის ვარსკვლავებს, რომელთა კონცერტებზე ტევა არ იყო ფილარმონიასა და სპორტის სასახლეში. დღეს, როცა რუსული მელოდიები თითქმის მთლიანად განდევნა სატელევიზიო ეთერიდან ქართულმა პოპ-მუსიკამ, რუსი პოპ-ვარსკვლავები საქართველოში, ფაქტობრივად, აღარ ჩამოდიან. მაგრამ ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებმა მაინც მიაგნეს მუსიკალურ ჯგუფს, რომელიც მეტ-ნაკლებად პოპულარულია საქართველოში - გასულ კვირას "აჭარა მიუზიკ-ჰოლმა" რამდენიმე დღეში გაყიდა ყველა ბილეთი "ოქროს გრამოფონის" ლაურეატის "მუმი ტროლის" კონცერტზე, რაც მოსალოდნელიც იყო: "მუმი ტროლი" მეტნაკლებად აკმაყოფილებს განსხვავებული მუსიკის მოყვარულთა გემოვნებას - ვიღაცისთვის ეს ჩვეულებრივი საცეკვაო მუსიკაა, ვიღაცისთვის კი პრიმიტიული პოპ-მუსიკის პაროდია. გარდა ამისა, გასტროლების ორგანიზატორებმა პოპ-მუსიკის მოყვარულებს წინასწარ აცნობეს, რომ ყოფილმა ვლადივოსტოკელებმა, "მუმი ტროლის" მუსიკოსებმა, წარმატებით გამართეს კონცერტები დიდ ბრიტანეთში, ისრაელსა და იაპონიაში, რომ თავის დროზე ანსამბლს გზა დაულოცა ლეგენდარულმა სევა ნოვგოროდცევმა... ჩვენი პოპ-მუსიკის მოყვარულების სნობიზმი კი ყველასათვის კარგადაა ცნობილი. კონცერტის წარმატებით ჩატარება განაპირობეს თავად ქართველმა მუსიკოსებმაც, რომელთა უმრავლესობა არასდროს მალავდა, რომ სწორედ მოსკოვის "მუსიკალური სივრცეა" მათთვის "საოცნებო". ამას წინათ შეერთებული შტატებიდან დაბრუნებულმა ლელა წურწუმიამ პირდაპირ განაცხადა, მაგალითად, რომ მუსიკის სამყაროში "ვარსკვლავი" შეიძლება უწოდო მხოლოდ იმ მომღერალს, რომელიც რუსეთშიც იქნება პოპულარული.

და სწორედ რუსეთიდან გვეწვია ამ კვირაში დიდი თეატრის სოლისტი ბადრი მაისურაძე, რომელიც თავის დროზე თანამემამულეებმა მაინცდამაინც არ დააფასეს - ფაქტობრივად, აიძულეს თბილისის კონსერვატორიის კურსდამთავრებული, გოჩა ბეჟუაშვილის მოწაფე, დაეტოვებინა თბილისი და სამუშაო რუსეთში მოეძებნა. 1993 წელს ბადრი მაისურაძემ საფრანგეთში, ლიეჟის ოპერის სცენაზე, შეასრულა დიმიტრის პარტია "ბორის გოდუნოვში", იმღერა ბერლინის "დოიჩე ოპერის", მადრიდის "რეალის", ნეაპოლის "სან კარლოს" სცენებზე. 1994 წელს კი დიდი თეატრის სოლისტი გახდა. მისი ნიჭი აღიარა თავად მსტისლავ როსტროპოვიჩმა, რომელიც დირიჟორობდა ორკესტრს 1999 წელს ლა-სკალაში, ჩაიკოვსკის "მაზეპაზე". ეს იყო ბადრი მაისურაძის დებიუტი მილანის ოპერის თეატრის სცენაზე. მას შემდეგ, შეიძლება ითქვას, ქართველი ტენორი მსოფლიო ვარსკვლავი გახდა. და სწორედ ვარსკვლავის სახით გვესტუმრა თბილისში - როგორც "ვარსკვლავმა", ისე იმღერა ჯანსუღ კახიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ "ბალ-მასკარადში", რომელიც გურამ მელივას ასეთი გამოსვლით დაიწყო [ჩართვა. გურამ მელივას გამოსვლა]:

ბადრი მაისურაძემ დიდი თეატრის სცენაზე "ბალ-მასკარადი" პირველად წელს, იანვარში, იმღერა. ქართველ ტენორს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ რუსეთის მთავარი საოპერო თეატრის რეპერტუარი უაღრესად ღარიბია, რომ რუსებს, როგორც წესი, უჭირთ იტალიურ ენაზე სიმღერა, რაც, გარკვეული თვალსაზრისით, ამუხრუჭებს მისი, როგორც დიდი თეატრის წამყვანი სოლისტის, კარიერას. ჩვენი ოპერის თეატრი კი მას აუგად არასდროს მოუხსენებია. არც "ბალ-მასკარადის" ამ წარმოდგენის შემდეგ შეუფასებია უარყოფითად თუნდაც ჩვენი ორკესტრი, რომელიც განუწყვეტლივ ფარავდა სოლისტების ხმას, ან მთლიანად ეს წარმოდგენა, რომელშიც იმდენი კუპიურაა, რომ სპექტაკლი უფრო მეტად ვერდის ოპერის საკონცერტო შესრულებას ემსგავსება, ალბათ, იმიტომაც, რომ ბადრი მაისურაძე წარმოდგენის რეჟისორულ გადაწყვეტას მაინცდამაინც არ აძლევს მნიშვნელობას. შეიძლება უცნაურიც იყოს, მაგრამ ფაქტია: თბილისის თეატრალური ინსტიტუტის კურსდამთავრებული ბადრი მაისურაძე, რომელსაც ქართულ ფილმებშიც კი აქვს განსახიერებული როლები, სცენაზე არტისტიზმით არ გამოირჩევა. ერთ-ერთ ინტერვიუში მან აღიარა კიდეც: "ჩემი აღნაგობის გამო უპირატესობას ვანიჭებ იმ რეჟისორებს, რომელთა "ათვლის წერტილი" მუსიკაა. არა ვარ მოძრავი და, საერთოდ, არ მიყვარს სცენაზე სირბილიო". ამ თვალსაზრისით, ჩვენი "ბალ-მასკარადის" კუსტარულზე კუსტარულმა დადგმამ მომღერალს სრული კომფორტი შეუქმნა. იგი მხოლოდ მღეროდა და არ თამაშობდა. თბილისური პუბლიკა კი მისგან მხოლოდ ამას ელოდა. [ხმა. "ბალ-მასკარადი"]

იმ საღამოს "ბალ-მასკარადის" წარმოდგენა, მართლაც, ტრიუმფით ჩატარდებოდა, რომ არა ერთი ნიუანსი - ბადრი მაისურაძის პარტნიორები. მოსკოვიდან ჩამოსული ჩვენი თანამემამულისგან განსხვავებით, მათ საოპერო პერსონაჟების "დახასიათებაზე" უარი არ უთქვამთ და, მიუხედავად ბანალური რეჟისურისა, მაინც თამაშობდნენ. მაშინვე შეიქმნა დისონანსი, რომელსაც, ყველაფერთან ერთად, დაემატა დისონანსი ორკესტრის მხრიდან. როგორც მოსალოდნელი იყო, განსაკუთრებით აქტიურობდა ირმა ბერძენიშვილი, ახალგაზრდა მომღერალი, რომელმაც ამას წინათ სწორედ არტისტიზმით მოხიბლა მაყურებელი "მაკბეტის" პრემიერაზე. ხმა მას ძალიან ძლიერი აქვს, თუმცა, ზოგიერთი სპეციალისტის შეფასებით, ცოტა მანერული. შესაძლებელია, ეს მანერულობა ბადრი მაისურაძისთვის ჩვეულ აკადემიურ სტილთან შედარებით წარმოჩნდა. ფაქტია, რომ ამ სპექტაკლზე ირმა ბერძენიშვილის ამელია და ბადრი მაისურაძის რიჩარდი, როგორც ამბობენ ხოლმე, "სხვადასხვა ოპერიდან იყვნენ". [ხმა. "ბალ-მასკარადი"]

თუმცა, ჩემი აზრით, ირმა ბერძენიშვილის ნიჭი თბილისში ჯერ კიდევ დაუფასებელია და, თუ ახალგაზრდა მომღერალი სამშობლოში მხარდაჭერას ვერ იგრძნობს, არ არის გამორიცხული, რომ ისიც ბადრი მაისურაძის გზას გაჰყვეს - იმღეროს მოსკოვში, სადაც მომღერლები რუსულ ენას ვერ ელევიან და არც საოპერო რეპერტუარის გამდიდრებას ცდილობენ.
XS
SM
MD
LG