Accessibility links

logo-print

რატომ ბრაზობს პრეზიდენტი?


ის აგრესია, რომელიც ედუარდ შევარდნაძემ ოთხშაბათს მთავრობის სხდომაზე გამოამჟღავნა, შემთხვევითი არ უნდა იყოს და მის მიღმა სერიოზული მიზეზი უნდა ვიგულისხმოთ.

ჯერ ერთი, საქართველოს პრეზიდენტს არ ახასიათებს ემოციური დამოკიდებულება ხელქვეითების მიმართ. მეორეც - ვერბალური, თანაც - განუხორციელებელი აგრესია ყოველთვის და ყველგან მხოლოდ სისუსტის ნიშნად მიიჩნევა.

რატომ ბრაზობს პრეზიდენტი?

ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ზურაბ ჟვანიას გადადგომის და ნუგზარ საჯაიას გარდაცვალების შემდეგ ედუარდ შევარდნაძეს ორი მთავარი საყრდენი გამოეცალა და მის ირგვლივ სივრცე დაცარიელდა. როდესაც ეს სივრცე ახალმა პოლიტიკურმა ფიგურებმა შეავსეს, აშკარად გამოჩნდა, რომ პრეზიდენტის გუნდი დასუსტდა. თუმცა სუსტი გუნდი მთლიანად შეესაბამებოდა თავად შევარდნაძის ახალ მოთხოვნებს და, სულ მცირე, ფსიქოლოგიურ კომფორტს უქმნიდა მას. ამიერიდან პრეზიდენტს შეეძლო, ზედმეტი ენერგიის დაუხარჯავად, დაბრკოლებების გადალახვის გარეშე გაეტარებინა საკუთარი პოლიტიკა.

გავიდა დრო და მოვლენები ორი მიმართულებით განვითარდა. ერთი მხრივ, გამოიკვეთა საქართველოს ხელისუფლების მიერ ამერიკის შეერთებული შტატების აღიარება ქვეყნის პრობლემების მოგვარების ერთადერთ გარანტად. მეორე მხრივ, თავად ქვეყნის პრობლემები უსაშველოდ გართულდა და დამძიმდა.

საქმიანი თუ ილუზორული აქტიურობის მიუხედავად, ახალი სახელმწიფო მინისტრი უუნარო აღმოჩნდა, შეესრულებინა ბიუჯეტი და საერთაშორისო ორგანიზაციათა რეკომენდაციები. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან ქვეყანაში არაფერი იცვლება - სადავეებს ისევ კორუფციის პარტია ფლობს. ხოლო კორუფციის პარტიის დაკმაყოფილება და საერთო მდგომარეობის თუნდაც შენარჩუნება ერთდროულად შეუძლებელია.

და, იმის მიუხედავად, რომ ამჟამინდელ მთავრობაში მეამბოხეები აღარ არიან, პრეზიდენტი მაინც უკმაყოფილოა. მას აღიზიანებს ყოველგვარი წინააღმდეგობა და ემოციებსაც ვეღარ ან აღარ მალავს. შევარდნაძეს არ მოსწონს რწმუნებულის განცხადება და "ჯანდაბაში" აგზავნის მას; შევარდნაძეს არ მოსწონს ფინანსთა მინისტის გამომეტყველება და ბავშვივით ტუქსავს მას. თავის მხრივ, შეუსრულებელი ბიუჯეტისა და რეკომენდაციების გამო სახელმწიფო მინისტრი და მისი მოადგილეც მირიან გოგიაშვილისკენ უთითებენ; თავად ფინანსთა მინისტრი კი აჭარას ახსენებს და, ამასთან, ჟურნალისტებს სთხოვს, შეისწავლონ, რა ხდება ქონების მართვის სამინისტროში.

ცხადია, ერთი გუნდის წევრები ასე არ იქცევიან. მაგრამ ერთიანი და გუნდური პასუხისმგებლობის მთავრობა შევარდნაძეს არც ადრე სჭირდებოდა და არც ამჟამად სჭირდება. მეორე მხრივ, საქმე რომ ცუდად არის, ეს პრეზიდენტს, ჩანს, გულწრფელად აღელვებს. ბუნებრივიც არის, რადგან ამჟამინდელზე მორჩილი მთავრობა მას ოთარ ფაცაციას დროსაც კი არ ჰყოლია.

რაც შეეხება პარლამენტს. ის ილუზია, რომ სახელმწიფო მინისტრს (ესე იგი, პრეზიდენტს) თემატური უმრავლესობა ჰყავს, ბოლო დღეებმა მთლიანად გააქარწყლა. ვინც მიმდინარე კვირაში პარლამენტის პლენარულ სხდომებს თვალი მიადევნა, ადვილად წარმოიდგენს, რა მოხდება უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, როდესაც საარჩევნო კანონმდებლობის განხილვა დაიწყება. უმრავლესობას არ ჰყავს ერთიანი ლიდერი. ფრაქციათა ლიდერები ერთმანეთს კი იცნობენ, მაგრამ ერთმანეთის ლიდერობას არ ცნობენ. ამიტომაც უჭირთ და მომავალშიც გაუჭირდებათ 118 ხმის მოგროვება.

ის რეალობა, რომ პრეზიდენტს არ ჰყავს მყარი უმრავლესობა პარლამენტში, მას ბევრჯერ შეაწუხებს არჩევნებამდე დარჩენილი თვეების განმავლობაში. ამას დაემატება სამთავრობო პრობლემები, რომელთა გადაჭრის გზები ობიექტურად არ არსებობს. ვის დააბრალებს შევარდნაძე, რომ ვითარების შეცვლის რესურსი და სურვილი ხელისუფლებას არ გააჩნია?

არადა, თუ მომავალ პარლამენტში ოპოზიცია უმრავლესობას ჩამოაყალიბებს და პრეზიდენტს დაუპირისპირდება, შესაძლოა, სასწორზე აღმოჩნდეს შევარდნაძის იმიჯი არა მხოლოდ უახლოესი წლების განმავლობაში, არამედ, რაც მთავარია - სამომავლოდ. შესაძლოა, შთამომავლობას დარჩეს ხსოვნა დღევანდელ პრეზიდენტზე, როგორც უუნარო მმართველზე, რომელმაც დაკარგა ტერიტორიები და კორუფციის ჭაობში ჩაახრჩო ქვეყანა. ხოლო დასავლური კურსი, შესაძლოა, შეფასდეს, არა როგორც შევარდნაძის პირადი დამსახურება, არამედ - როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყნების ზოგადი ტენდენცია.

რაგინდ უცნაურად ჟღერდეს, უახლოესი თვეები მეტ-ნაკლებად წყვეტს ედუარდ შევარდნაძის როლისა და ფუნქციის შეფასებას სამომავლოდ. რადგან იმ ადამიანს, რომელიც პრეზიდენტის სავარძელს დაიკავებს 2005 წლის გაზაფხულზე, ნამდვილად ექნება საშუალება ამჟამინდელი პრეზიდენტი ან დამფუძნებელ მამად გამოაცხადოს, ან უსუსურ მმართველად. განა დღევანდელი მდგომარეობა არ იძლევა საფუძველს, რომ ედუარდ შევარდნაძეს მომავლის ეშინოდეს?
XS
SM
MD
LG