Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასული კვირის შუაში პრესამ გააშუქა მთავრობის სხდომა, რომელიც 13 მარტის


გიორგი კაკაბაძე, თბილისი გასული კვირის შუაში პრესამ გააშუქა მთავრობის სხდომა, რომელიც 13 მარტის გაზეთ "რეზონანსის" თქმით, "ხანმოკლე, მაგრამ საკმაოდ დაძაბული გამოდგა. პრეზიდენტმა აღმასრულებელი ხელისუფლების მუშაობა გააკრიტიკა.

მისი აღშფოთება გამოიწვია საერთაშორისო სავალუტო ფონდის წინაშე აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობამ და იმ ფაქტმა, რომ ბიუჯეტის კვარტლის გეგმა ჩავარდნის პირასაა.

სახელმწიფო მინისტრის, ავთანდილ ჯორბენაძის თქმით, "ვიღაცეები ჩვენი კოლეგებიდან არჩევნებს ელოდებიან, რათა იმასთან დაამყარონ კავშირი, ვიმც გაიმარჯვებს". პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ რადიკალური ნაბიჯების გადასადგმელად არ დაელოდება მარტის ბოლოს, როცა ბიუჯეტის გეგმის ჩაშლა-არჩაშლის საკითხი გაირკვევა.

შევარდნაძის თქმით, მისი მუქარა ყველას ეხება, განსაკუთრებით მათ, ვისაც ხან ერთ სკამზე უნდა ჯდომა, ხან მეორეზე, ქვეყანაში მოქმედი პარტიების რაოდენობის გათვალისწინებით კი - მესამე სკამსაც უმიზნებს. პრეზიდენტმა განაცხადა: "ზუსტად არჩევნების წინა დღეს მოვხსნი ყველა იმ მინისტრს, ვინც დაკისრებულ მოვალებას არ შეასრულებს. ყველას ახსოვდეს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მე პრეზიდენტობის კიდევ ერთი წელი მრჩება".

გაზეთი შენიშნავს, რომ "პრეზიდენტი შეშფოთებულია იმ მაჩვენებლებით, რომლებიც ქვეყანაში საგადასხადო შემოსავლების მობილიზების კუთხით არის დაფიქსირებული. მიუხედავად ამისა, მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტმა ფინანსთა მინისტრს, მირიან გოგიაშვილს ნდობა კიდევ ერთხელ გამოუცხადა".

"რეზონანსი" გვამცნობს, რომ "პრეზიდენტის პროგნოზით, ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულებლობა პირველ რიგში საერთაშორისო ავალუტო ფონდთან ურთიერთობის მკვეთრ გაუარესებას გამოიწვევს.

შევარდნაძემ აგრეთვე განაცხადა: "აჭარის ხელისუფლება სერიოზულ ცოდვას სჩადის საქართველოსა და ქართველი ხალხის წინაშე, როდესაც ცენტრალური ბიუჯეტისთვის განსაზღვრული თანხების გახდაზე უარს ამბობს".

სავალუტო ფონდი მოითხოვს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უზრუნველყოს აჭარის ავტონომიასთან საბიუჯეტო ურთიერთობების მოწესრიგება".

"რეზონანსის" წერილის დასასრულს ნათქვამია, რომ "პრეზიდენტმა მკაცრად გააკრიტიკა ყველა ის რწმუნებული, რომელიც რეგიონისათვის ელექტროენერგიის მიწოდების მოთხოვნით თანამდებობიდან გადადგომით იმუქრება. "პატივს ვცემ ბევრ გუბერნატორს, მაგრამ რომ ამბობს, შუქს თუ არ მომცემთ, წავალო - წადი, კაცო. ბოდიში და ჯანდაბამდე გზაც გქონია". პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა, რომელ რწმუნებულებს გულისხმობდა. შევარდნაძემ ეს განცხადება რეგიონებში ელექტროენერგიის ამოღების მაჩენებლის დაბალ დონეს დაუკავშირა, რის გამოსწორებას სავალუტო ფონდი თავისი რეკომენდაციებით მოითხოვს. ამასთან, შევრდნაძემ აღნიშნა, რომ სამხარეო რწმუნებულები თავს არიდებენ პასუხისმგებლობას მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დაფარვის მაჩვენებლის გაზრდის კუთხით. ამდენად, რეგიონები ელექტროენერგიას გადახდის მონაცემის მიხედვით მიიღებენ".

საპარლამენტო ცხოვრების ამსახველ წერილში 14-20 მარტის გაზეთი "ახალი ეპოქა" აღნიშნავს, რომ "საპარლამენტო კრიზისმა პიკს მიაღწია. 115 ლარამდე მინიმალური ხელფასის გაზრდის თემა პარლამენტის მუშაობის მოშლისა თუ არევ-დარევის "მშვენიერი" მიზეზი აღმოჩნდა".

გაზეთი წერს: "სახელისუფლო ფრაქციები რამდენიმე დღის განმავლობაში ამაოდ ცდილობდნენ, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დასკვნა პარლამენტის ამ გადაწყვეტილების უკანონოდ ცნობის თაობაზე პლენარული სხდომის მსჯელობის საგნად ქცეულიყო, მაგრამ ოპოზიციასთან უშედეგო ძიძგილაობის გარდა ვერაფერს მიაღწია. უმცირესობა კერკეტი კაკალი აღმოჩნდა. მისი გატეხა თემატურ უმრავლესობას გაუჭირდა. ამიტომ პარლამენტის თავმჯდომარე "დემოკრატთა" დაკვეთების შემსრულებლად მიიჩნია, ხოლო ოპოზიციას დიქტატში დასდო ბრალი. უნდა აღინიშნოს, რომ ოპოზიცია, სახელისუფლო ფრაქციების მსგავსად, აკრძალული, მაგრამ მისგანვე შექმნილი და ნაცადი მეთოდებით იბრძოდა. ხან საკანონმდებლო ორგანოს ბოიკოტს უცხადებდა, ხან დღის წესრიგის დამტკიცებას უშლიდა ხელს. "დემოკრატთა" ლიდერმა, ზურაბ ჟვანიამ, უმცირესობის ქცევას შემდეგი გამართლება მოუძებნა: "ეს იძულებითი ნაბიჯია იმ ძალადობაზე, რომელსაც სახელისუფლო ფრაქციები მიმართავენ".

წერილში ნათქვამია, რომ "ოპოზიცია ომს განაგრძობს და კაპიტულაციას არ დაუშვებს. "დემოკრატთა" განცხადებით, ისინი საარსებო მინიმუმის გაზრდისთვის "სისხლის ბოლო წვეთამდე" იბრძოლებენ. ზურაბ ჟვანია აცხადებს: "ჩვენ გონივრულ კომპრომისზე წავალთ და ხელისუფლებისგან კონკრეტულ წინადადებებს ველოდებით. მაგრამ თუ პარლამენტის მიერ მიღებული კანონის სრული იგნორირება მოხდება, ყველგან ვიბრძოლებთ - პარლამენტშიც, სასამართლოშიც და ქუჩაშიც".

შემდეგ "ახალი ეპოქა" წერს: "ერთადერთი კომპრომისი, რომელზეც "დემოკრატები" წავლენ, კანონის ამოქმედების ვადების გადაწევას შეეხება. იმავე განცხდებით გუშინ "ახლების" ლიდერი, დავით გამყრელიძე გამოვიდა და "დემოკრატებს" ურჩია, საარსებო მინიმუმის გაზრდის მოთხოვნა 2004 წლის პირველ იანვრამდე გადადონ, ხოლო პრეზიდენტისგან სახელმწიფო მინისტრისა და ეკონომიკური გუნდის მკაცრად დასჯა მოითხოვა. საეჭვოა, "დემოკრატები" ასეთ გახანგრძლივებულ პერიოდა დათანხმდნენ, რადგან მათ მიზანს საპარლამენტო არჩევნების წინ ხელისუფლების პარალიზება წარმოადგენს. პრეზიდენტს კი, ერთი შეხედვით, სხვა გზა არ აქვს, ან გამყრელიძის რჩევა უნდა გაითვალისწინოს, მთავრობის უსუსურობა აღიაროს, ჯორბენაძე და მისი გუნდი გადააყენოს და "ორთქლიც გამოუშვას", ან "დემოკრატთა" პოპულიზმს გასაქანი მისცეს. მაგრამ საეჭვოა, მოვლენები სწორედ ამ სქემით განვითარდეს".

15 მარტის გაზეთი "24 საათი" გვამცნობს, რომ "ოპოზიციასთან ოთხდღიან დაპირისპირებაში ხელისუფლების მხარდამჭერი ძალები პირწმინდად დამარცხდნენ. გენერალური ბრძოლა გუშინ პარლამენტის სხდომათა დარბაზში შედგა და ეს ადგილი ე.წ "თემატური უმრავლესობისთვის" ვატერლოოდ იქცა".

გაზეთი წერს: "როგორც ჩანს, პროსამთავრობო ფრაქციები თიხისფეხა კოლოსს წარმოადგენენ და მათ არსენალში, რაოდენობის გარდა სხვა არაფერია - არც პროფესიონალიზმი, არც ორგანიზებულობა, არც კრიტიკულ სიტუაციებში რაციონალურად აზროვნების უნრი. არადა, გუშინ დილიდან პარლამენტში მოვლენები ისე ვითარდებოდა, რომ უმცირესობა, თითქოს, განწირული ჩანდა. სხვას ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ოპოზიციას "ტენდენციური მსაჯობის" პირობებში უხდებოდა "თამაში". თავად "მთავარმა რეფერიმ" - პარლამენტის თავმჯდომარემ - აღიარა, რომ უმრავლესობის ზეწოლით, რეგლამენტის დარღვევა უხდებოდა. მიუხედავად ამისა, "გაერთიანებულმა დემოკრატებმა" და მათმა მოკავშირებმა 115-ლარიანი ციტადელი შეინარჩუნეს: უმრავლესობას არ მისცეს (ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე მაინც) მინიმალური ხელფასის საარსებო მინიმუმთან გათანაბრების შესახებ 28 თებერვალს პარლამენბტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება".

პარლამენტში ატეხილ აჟიოტაჟთან დაკავშირებით საინტერესო მოსაზრება გამოთქვა დეპუტატმა ნიკო ლეკიშვილმა, რომელთანაც ინტერვიუს აქვეყნებს 15 მარტის გაზეთი "ახალი თაობა". ნიკო ლეკიშვილმა, კერძოდ, განაცხადა: "პარლამენტმა ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე მიიღო გადაწყვეტილება. მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში პარლამენტის გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს. თუ აღმასრულებელ ხელისუფლებას არ ძალუძს ამის შესრულება, მაშინ არსებობს მეორე გზა -ნებისმიერ ცივილიზებულ სახელმწიფოში მთავრობა უნდა გადადგეს და უნდა მოვიდეს ის ხალხი, ვისაც ამის გაკეთება შეუძლია. იმ შემთხევაში თუ პარლამენტში ეს ინიციატივა დარღვევით იქნა მიღებული, მაშინ საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა შესაბამისი დასკვნა უნდა გამოიტანოს, რასაც ბოლო დღეებში გამალებული იხილავენ და არის აბსოლუტურად სხვა საკითხი. რაც შეეხება ჩემს პირად დამოკიდებულებას, ამ საკითხს ბევრად უფრო ფრთხილად ვუდგებოდი, რამ ამ ეტაპზე ქვეყანაში არსებული ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლებელია 115 ლარით განისაზღვროს სახელფასო მინიმუმი, მაგრამ რადგან ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება არის მიღებული და ეს არ იქნა გაყალბებებით და პარლამენტის რეგლამენტის დარღვევით, მაშინ არის ერთი გზა - თუ ამ გადაწყვეტილებას მთავრობა არ ეთანხმება, ის უნდა გადადგეს".
XS
SM
MD
LG