Accessibility links

ამერიკელი მეცნიერები ე.წ. პრევენციული ომის დოქტრინის შესახებ


ერაყის წინააღმდეგ ომის დაწყების რეალურმა საშიშროებამ ბიძგი მისცა კამათის ერთ-ერთი უძველესი საგნის წინ წამოწევას. რა არის სამართლიანი ომი? დისკუსიის კიდევ უფრო ვიწრო საგანს წარმოადგენს ის,

თუ რა არის "პრევენციული ომი" და თუ მეტად დავკონკრეტდებით - რამდენად შესაბამისობაშია შეერთებული შტატების განზრახვა, თავს დაესხას ერაყს, საერთაშორისო კანონმდებლობასთან? "რადიო თავისუფლების" კორესპონდენტი დონ ჰილი ამ საკითხებისადმი ამერიკელი მეცნიერების მიდგომით დაინტერესდა.

ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამ თანამედროვე ომის ლექსიკონში ახალი ფრაზა შეიტანა, რომელიც უხეში თარგმანით "პროფილაქტიკურ თავდაცვას" ნიშნავს. გასულ სექტემბერს გამოქვეყნებულ "შეერთებული შტატების სახელმწიფო უსაფრთხოების სტრატეგია"-ში აღნიშნული ფრაზის შეტანით პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ფაქტობრივად განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ამოქმედდება "პოტენციური საფრთხის წინააღმდეგ მანამდე, სანამ ის სრულყოფილ სახეს მიიღებს". დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო სამართალი აღიარებს სახელმწიფოს უფლებას თავიდან აიცილოს უშუალო საფრთხე. სიახლე ამ დოკუმენტში არის ის, რომ მასში ახალი მნიშვნელობა ენიჭება ტერმინს "უშუალო საფრთხე", რადგან ის ამ შემთხვევაში თანამედროვე ტერორიზმის არსებობის ფონზე განისაზღვრება.

ბოსტონის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელმა ენდრიუ ბასევიჩმა "რადიო თავისუფლებას" განუცხადა, რომ ბუშის ადმინისტრაციას არ სურს აღიაროს, რომ ერაყთან მიმართებაში პრევენციული ომის მომხრეა.

[ბასევიჩის ხმა] 031336
"ვფიქრობ, რომ ტერმინი "პროფილაქტიკური თავდაცვა" ბუშის ადმინისტრაციამ მოიგონა საკუთარი სტრატეგიის წარმოჩენის ადრეული ეტაპისთვის. რადგან მას არ სურს პირდაპირ თქვას, რომ შეერთებულმა შტატებმა პრევენციული ომის დოქტრინა წარმოადგინა."

ბასევიჩი აგრეთვე აზუსტებს განსხვავებას ორ ტერმინს "პრევენციულ ომსა" და "დასწრებით ომს", ანუ ინგლისურად "preventiv" და "pre-emptive" ომს შორის. ბოსტონის უნივერსიტეტის პროფესორის თქმით, პრევენციულ ომს ადგილი აქვს მაშინ, როცა მეორე ქვეყნიდან მომდინარე საფრთხე დროის მხრივ მომავალში ინაცვლებს. "დასწრებითია" ომი, როცა იცი, რომ მოწინააღმდეგე ქვეყანა უკვე მზად არის შენზე თავდასხმისთვის.

ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორმა ბრუს ქუმინგსმა თავის ერთ-ერთ პუბლიკაციაში აღნიშნა, რომ ბუშის დოკუმენტის ზოგიერთი ნაწილი, ლოგიკური თვალსაზრისით პირველკურსელებსაც კი გააკვირვებდა თავისი პრიმიტიულობით. ამის მაგალითად ქუმინგს მოყავს დოკუმენტის ის მონაკვეთი, სადაც ნათქვამია, რომ შეერთებულ შტატებს აქვს უფლება პირველმა "დაარტყას" ქვეყანას, რომლის მხრიდანაც თავად ელის თავდასხმას, მაგრამ სხვა ქვეყნები ასე არ უნდა მოიქცნენ. ქუმინგსი არ კამათობს იმაზე, რომ სახელმწიფოს სრული უფლება აქვს თავი დაიცვას 11 სექტემბრის მსგავსი თავდასხმისგან, თუმცა, ამის სწორად განხორციელება ძალიან რთულია და აი, რატომ. ბრუს ქუმინგსს მოვუსმინოთ:

[ქუმინგსის ხმა] 031278
"11 სექტემბრის თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვა, რასაკვირველია, სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სამართალთან. ვგულისხმობ იმას, რომ ყველა ქვეყანას აქვს თავდაცვის უფლება. მაგრამ სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ ამ ადამიანებს, რომლებმაც ჩაიდინეს 11 სექტმებრის ტერაქტი, არ აქვთ ზუსტი მისამართი, რაც ჩვენ გვიშლის ხელს მათ პასუხი გავცეთ".

იელის უნივერსიტეტის პროფესორი ჯონ ლუის გადდისი თვლის, რომ ბუშის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია შეიძლება შეერთებული შტატების დიდი სტრატეგიის ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმაციაც კი იყოს ბოლო ნახევარი საუკუნის მანძილზე. სიახლე, გადდისის აზრით, მდგომარეობს იმაში, რომ ბუშმა და მისმა მრჩევლებმა წარმოადგინეს თეორია, რომელიც მკაფიოდ აკავშირებს ტერორისტებს ტირანებთან, როგორც საფრთხის წყაროებთან.

და ბოლოს, ისევ ენდრიუ ბასევიჩის მოსაზრებას დავუბრუნდები, რომელმაც აღნიშნა, რომ ბუშის ადმინისტრაცია ძალის გამოყენებას სრულებით აღარ მიიჩნევს უკანასკნელ საშუალებად. შეერთებული შტატების პოლიტიკის წარმმართველები თავიანთი სახელმწიფოს სამხედრო სიძლიერეს გლობალური პრობლემების, მათ შორის ერაყთან და ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობის მოგვარებაში პრიორიტეტულად მიიჩნევს.
XS
SM
MD
LG