Accessibility links

აშშ-ის, ბრიტანეთის და ესპანეთის სამეული მზად არის ომისთვის გაეროს მანდატის გარეშეც


ატლანტის ოკეანეში მდებარე აზორის ერთ-ერთ კუნძულზე, ტერსეირაზე ყველა დროის ყველაზე ხანმოკლე სამიტი გაიმართა. პორტუგალიის საკუთრებაში მყოფ ამ არქიპელაგზე,

რომელსაც ქორის კუნძულები ჰქვია, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ესპანეთის სახელმწიფოთა მეთაურებმა შეხვედრა გამართეს. ჯორჯ ბუში, ტონი ბლერი და ხოსე მარია ასნარი მორიგდნენ, რომ დიპლომატიამ ერაყის კრიზისში თავისი თავი ამოწურა და მას, ამ დიპლომატიას ერთადერთი დღეღა მისცეს, რომ აჩვენოს თავისი შესაძლებლობა, მოაგვაროს პრობლემა და განაიარაღოს ერაყი. სხვა შემთხვევაში, სამეული გაეროს გადაწყვეტილების გარეშე ერაყის წინააღმდეგ ომის დაწყების მომხრეა.

ამერიკის შერთებული შტატების პრეზიდენტმა თავისი თანამოაზრეების, ბლერისა და ასნარის მხარდაჭერით გამოაცხადა, რომ ორშაბათი "ჭეშმარიტების ჟამი" იქნება. ბუშმა სატელეფონო დიპლომატიის ბოლო შანსზე ილაპარაკა, ბლერმა კი მსოფლიოს სახელმწიფოთა თანამეგობრობას უკანასკნელად მიმართა, სადამ ჰუსეინს ცხადი ულტიმატუმი წაუყენონ. მათი უშიშროების საბჭოში მსხდომი ოპონენტების მიმართ სამიტის მონაწილეები არ აპირებენ კომპრომისს. ისე, რომ საფრანგეთის, გერმანიის და რუსეთის ახალი ინიციატივა, რომელიც განიარაღების ინსპექტორებისთვის დამატებითი დროის მიცემას ითვალისწინებს, კატეგორიულად იქნა უარყოფილი: ყურად არ იღეს არც ის წინადადება, რომ ნიუ იორკში გაეროს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მოწყობილიყო და არც საფრანგეთის პრეზიდენტის ჟაკ შირაკის დათმობა, სადამ ჰუსეინის მხოლო 30 დღიანი ვადა მისცენ განიარაღებისთვის. აქვე გეტყვით, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა, რომელსაც ტონი ბლერმა აზორის სამიტის შემდეგ მოუწოდა გადაესინჯა მისი კურსი, "სი-ენ-ენ"-ს, ორშაბათს განუცხადა, რომ ჰუსეინი მისთვის ისევე საძულველია დღეს, როგორც ბუშისთვის თუ ბლერისთვის, მაგრამ, შირაკის თანახმად, არ არსებობს დასტური იმისა, რომ ბაღდადს მართლაც აქვს მასობრივი განადგურების იარაღი. ამერიკის წამყვანი ტელეარხის ასევე წამყვან ჟურნალიტს ქრისტიან ამანპურს მან უთხრა, რომ სწორედ ამის გასარკევევად ხდება ერაყის არსენალების ინსპექცია, რომელიც უნდა გაგრძელდეს და დასკვნის საშუალების მომცემ წერტილამდე იქნეს მიყვანილი. ამიტომაცაა, რომ საფრანგეთის მთავრობა გაეროში იმგვარ რელუციაზე, რომელიც ომის, ასე ვთქვათ, უმიზეზოდ დაწყებას დაუშვებდა, ვეტოს დაადებს. საფრანგეთის ასეთი პოზიცია - მას გვერდში უდგას გაეროს კიდევ ერთი ვეტოს უფლებიანი წევრი რუსეთიც - შეერთებული შტატებისთვის და ბრიტანეთისთვის აშკარას ხდის, რომ კიდევ ერთი რეზოლუცია, რომელიც ერაყზე თავდასხმას იურიდიულად გამართლებულს გახდიდა, ვერ გავა უშიშროების საბჭოში. ბუშმა ეს გამოთქვა კიდეც, როცა აღნიშნა, ერთმა ქვეყანამ კენჭი უკვე უყარა ამ რეზოლუციას, საფრანგეთმა თავისი "კარტი" უკვე გვიჩვენაო. ტერსეირაზე ისიც ითქვა, რომ გაეროს 1441-ე რეზოლუცია სავსებით საკმარისია ძალის გამოყენებისთვის, რადგან მასში წერია, რომ თუკი ერაყი ნებით არ განიარაღდება, ძალით უნდა განიარაღდეს და ის არ განიარაღებულაო. აქ უნდა აღინიშნოს, რომ ორშაბათს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა ელ ბარადეიმ თავის განცხადებაში თქვა: დასტური იმისა, რომ ერაყი ბირთვული იარაღის პროგრამაზე მუშაობს, არ არსებობსო. ელ ბარადეის თანახმად, ბაღდადმა განიარაღების ინსპექტორებთან თანამშრომლობა ბოლო ხანს გააუმჯობესაო.
განიარაღებაში თანამშრომლობა, როგორც ჯორჯ ბუშის მარჯვენა ხელმა, მის შემდეგ ყველაზე დიდი გავლენის მქონე პოლიტიკოსმა შერთებულ შტატებში, ვიცე პრეზიდენტმა დიკ ჩეინიმ განაცხადა კვირას ტელევიზიით გამოსვლისას, საკმარისი არ არის. ჩეინის თქმით - ის სპარსეთის ყურის პირველ ომში თავდაცვის მინისტრის პოსტზე იყო - ომისგან სადამ ჰუსეინს და მის უშუალო გარემოცვას მხოლოდ ქვეყნის დატოვება იხსნის. სადამ ჰუსეინმა იმავე დღეს გამოთქვა თავისი მუქარა, რომ ერაყზე თავდასხმას სამხედრო დაპირისპირების მთელ გლობუსზე გავრცელებას მოაყოლებს ყველგან, სადაც არის ცა, მიწა და ზღვა.
XS
SM
MD
LG