Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დააჩქარებს თუ არა საქართველოს ნატოში ინტეგრაციას ერაყის კრიზისის სამხედრო გზით გადაწყვეტა?


საქართველოს ხელისუფლებას ბრიუსელიდან ჯერჯერობით არ მიუღია ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა, ერთგვარი "პროგრამა მინიმუმი", რომლის შესრულებაზე დიდწილად იქნება დამოკიდებული,

მიიღებს თუ არა ქვეყანა მოწვევას ჩრდილოატლანტიკური ალიანსიდან. სამაგიეროდ, თბილისში ხშირად ჩამოდიან ავტორიტეტული უცხოელი ექსპერტები, რომლებიც ოპტიმისტურად აფასებენ ნატოში საქართველოს გაწევრიანების შესაძლებლობებს. ამ პერსპექტივაზე ილაპარაკა 17 მარტს არასამთავრობო ორგანიზაციასთან "საქართველო-ნატოში" გამართულ შეხვედრაზე ჯონს ჰოფკინსის უნივერსიტეტთან არსებული ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ჩარლზ ფერნბექსმა; აუცილებელ პირობებს შორის კი ცნობილმა პოლიტოლოგმა დემოკრატიული საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება და ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლა დაასახელა.



საქართველოს ხელისუფლების მიერ პრაღის ნატოს სამიტზე დეკლარირებული სურვილი, გახდეს ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის წევრი, სულ მალე სერიოზული გამოცდის წინაშე დადგება. ამ თვის ბოლოს ნატოს შტაბბინაში უკვე დამთავრდება მუშაობა ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმაზე, რომელმაც საქართველოს ხელისუფლების ორწლიანი სტრატეგია უნდა განსაზღვროს. ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, თუ რა კონკრეტული მოთხოვნების შესრულებასთან იქნება დაკავშირებული ამ სურვილის რეალიზება, მაგრამ საქართველოში ჩამოსული უკლებლივ ყველა საერთაშორისო ექსპერტი მიანიშნებს, რომ ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად პასუხისმგებლობით მოეკიდება ხელისუფლება და პოლიტიკური სპექტრი თავიანთ მიერვე დეკლარირებულ მიზანს. ამერიკის ჯონს ჰოფკინსის უნივერსიტეტთან არსებული ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტის დირექტორი, ცნობილი პოლიტოლოგი ჩარლზ ფერნბექსი მიიჩნევს, რომ საქართველოს, როგორც თვითკმარ გეოპოლიტიკურ ერთეულს, აქვს შანსი გახდეს ალიანსის წევრი და ერთგვარი ხიდის როლიც შეასრულოს სამხრეთ კავკასიის დანარჩენი ორი რესპუბლიკისთვის.

[ჩარლზ ფერნბექსის ხმა] "მე მჯერა და აქ არავითარი ეჭვი არ არსებობს, რომ კავკასიის ამ ნაწილში, საქართველოში, ყველაზე უფრო დემოკრატიული სისტემა და სამოქალაქო საზოგადოებაა. აქ განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს როლი პრეზიდენტ შევარდნაძისა, რომელმაც დემოკრატიულ პროცესებს გასაქანი მისცა და ხელი შეუწყო ამ სეგმენტის განვითარებას. იქიდან გამომდინარე, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს ერთმანეთში მოუგვარებელი პრობლემა აქვთ, ეს ქვეყნები ვერ იკისრებენ ასეთ ფუნქციას."

თუმცა იმისთვის, რომ საქართველომ მიაღწიოს დასახულ მიზანს - გახდეს ნატოს წევრი, პროფესორ ფერნბექსის თქმით, საჭირო იქნება რამდენიმე მოთხოვნის შესრულება: აქტიური რეფორმების გატარება არმიაში, სამხედრო ძალების შემცირების ხარჯზე მისი ბრძოლისუნარიანობის ამაღლება, ტერიტორიული კონფლიქტების გადაჭრა, კორუფციული მმართველობითი აპარატის შემცირება და, რაც მთავარია, დემოკრატიული არჩევნების გზით ხელისუფლების გადაცემის პრეცედენტის შექმნა.

[ჩარლზ ფერნბექსის ხმა] "ამერიკა ვალშია პრეზიდენტ შევარდნაძის წინაშე და მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს დღევანდელ მთავრობასთან. მაგრამ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ შევარდნაძის მმართველობის დასრულების შემდეგ ძალაუფლება სხვა ვინმეს გადაეცეს. თუ ძალაუფლების გადაცემა ელცინ-პუტინის სქემით მოხდება და არა დემოკრატიული არჩევნების გზით, ეს ამერიკას იმედს გაუცრუებს და შეაფერხებს საქართველო-ამერიკის მჭიდრო თანამშრომლობას."

ფერნბექსმა, ქართველი ჟურნალისტების თხოვნით, კომენტარი გაუკეთა ერაყის წინააღმდეგ საომარ სამზადისს და განაცხადა, რომ ომი ერაყში გარდაუვალია. სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობით, რასაც მოკავშირეები ეფექტურად განახორციელებენ, ახლო აღმოსავლეთი გამოიცვლება: შეიქმნება ახალი ერაყი, სერიოზული ცვლილებები მოხდება ირანში და საქართველოც უფრო ნაკლებად იზოლირებული იქნება სამხრეთ-აღმოსავლეთისგან, ვიდრე დღეს არის.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG