Accessibility links

logo-print

სახელფასო მინიმუმი და საპარლამენტო კრიზისი


მინიმალური ხელფასის 115 ლარამდე გაზრდის ინიციატივა საპარლამენტო კრიზისის მიზეზად რჩება. სახელფასო მინიმუმის გაზრდასთან დაკავშირებით "შრომის კანონში" შეტანილი ცვლილების

გაუქმების ამაო მცდელობის შემდეგ სახელისუფლებო ფრაქციები საკითხის გადაწყვეტისთვს ემზადებიან. ორშაბათს პარლამენტში განხილულ იქნა დადგენილების პროექტი კენჭისყრის შედეგების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ხელახალი კენჭისყრის შესახებ. სამშაბათს კი პარლამენტის რიგგარეშე სესიაა დანიშნული. ამ ყველაფრის გამო მინიმალური ხელფასის გაზრდის ინიციატორები პრეზიდენტს პარლამენტში დაძაბულობის ესკალაციაში ადანაშაულებენ. ამ უკანასკნელთა წინააღმდეგ კი მოქმედებს დარღვევები, რომლებიც "შრომის კანონში" ცვლილებების შეტანისას იქნა დაშვებული.


პრეზიდენტმა ორშაბათის ტრადიციულ რადიოინტერვიუში კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა სახელფასო მინიმუმის გაზრდისთვის იზრუნებს, მაგრამ მოცემულ მომენტში მხოლოდ და მხოლოდ გარანტირებული ციფრებით იხელმძღვანელებს. პარლამენტში წარდგენილია კანონპროექტი, რომელიც წელს მინიმალური ხელფასის გაზრდას 20 -დან 35 ლარამდე ითვალისწინებს, 2004 წლის მეორე კვარტალიდან - 60 ლარამდე, 2005 წელს კი - 100 ლარამდე. ასეთია გარანტირებული ციფრები. "შრომის კანონში" კი 28 თებერვალს შევიდა ცვლილებები სახელფასო მინიმუმის 115 ლარამდე გაზრდასთან დაკავშირებით. აღნიშნულ ცვლილებებს პრეზიდენტმა ან ხელი უნდა მოაწეროს, ან ვეტო უნდა დაადოს. ეს 20 მარტამდე უნდა მოხდეს. რიგგარეშე სესია სამშაბათს, 18 მარტს, არის დანიშნული. რიგგარეშე სესიის დანიშვნის შესახებ განკარგულებას ედუარდ შევარდნაძემ ხელი მთავრობისა და პრეზიდენტის მხარდამჭერი დეპუტატების მოთხოვნის საფუძველზე მოაწერა, რითაც კიდევ ერთხელ გამოიყენა შანსი, სადავო საკითხს წერტილი პრეზიდენტმა კი არა პარლამენტმა დაუსვას. "შრომის კანონში" შეტანილი ცვლილებები კი სადავო არამარტო იმიტომაა, რომ მინიმალური ხელფასის 115 ლარამდე გაზრდა არარეალურია. არსებობს პროცედურა, რომელიც უნდა იყოს დაცული. პროცედურის დარღვევით მიღებული კანონი კი ბათილია მისი მიღების მომენტიდან. მაინც, სად დაირღვა კანონი?

[ზაქარია ქუცნაშვილის ხმა] "ეს არის რეგლამენტის 63 მუხლი, რომლის თანახმად, პარლამენტის წევრი ხმას აძლევს პირადად და დაუშვებელია პულტის სხვისთვის გადაცემა."

დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, 11 ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი. ქუცნაშვილი ამბობს, რომ დარღვეულია კანონის 92 მუხლიც, რომლის მიხედვით, პარლამენტი დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას კანონპროექტის დაჩქარებული ან გამარტივებული წესით მიღებასთან დაკავშირებით. ასეთი დადგენილება პირველ მოსმენამდე უნდა ყოფილიყო მიღებული, რაც არ მომხდარა და, კიდევ, რეგლამენტი დაირღვა იმითაც, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს 28 თებერვალს არ ჰქონდა მიღებული წერილობითი დასტური პარლამენტის თავმჯდომარისგან.

სახელისუფლებო ფრაქციები ამ არგუმენტებით შეეცდებიან შრომის კანონში შეტანილი ცვლილებების გაუქმებას. ისინი რატომღაც არ აპელირებენ კიდევ ერთ დარღვევაზე. როგორც დეპუტატი ვახტანგ ხმალაძე ამბობს:

[ვახტანგ ხმალაძის ხმა] "თუ კანონში ცვლილებების შეტანა იწვევს სხვა კანონებში ცვლილებების შეტანას, მაშინ, მოცემულ კანონპროექტთან ერთად, წარმოდგენილი უნდა იყოს სხვა კანონში შესატანი ცვლილებებიც და ისინი მიღებულ უნდა იქნეს თანმიმდევრულად."

სახელფასო მინიმუმის გაზრდას ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა არ მოჰყოლია. ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოსვლის უფლება მხოლოდ პრეზიდენტს აქვს. პრეზიდენტის პოზიცია კი 115 ლარიანი სახელფასო მინიმუმის ინიციატორებისთვის თავიდანვე ნათელი უნდა ყოფილიყო.
XS
SM
MD
LG